ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 41 ლირას მიაღწია, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული 14%-იანი ცვლილებაა.

მართალია, ამჟამად კურსი 38 ლირის ფარგლებშია დასტაბილურებული, თუმცა ეს ერთწლიან პერიოდში მაინც 25%-ით გაუფასურებული მაჩვენებელია, რაც ძირითად ვალუტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია.

როგორც ცნობილია, სავალუტო კოლაფსის შესაჩერებლად, თურქულმა საბანკო სექტორმა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი გაყიდა, რითაც ლირის გამყარებას ხელოვნურად შეუწყო ხელი. ასეთი მასშტაბის ინტერვენცია თურქეთის ეროვნულ ბანკს არასოდეს განუხორციელებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვითარება ნამდვილად რთულადაა.

ამასთან, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მოკლევადიანი განაკვეთის 46%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-იან ნიშნულზე რჩება, თუმცა მოკლევადიანი განაკვეთის ზრდა მყისიერად აისახება საბანკო სექტორზე და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურადაა გამყარებული.

ამ ყველაფერთან ერთად, ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით რეგულაციები შეცვალა და თურქული აქტივების გაყიდვა გაართულა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობას კოლაფსის თავიდან აცილება და სავაჭრო ბარიერებით ტრეიდინგის გართულება სურს. ამ მცდელობის მიუხედავად, ძირითადი საფონდო ინდექსი მაინც 16%-ით დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორების განწყობა თურქეთის მიმართ მკვეთრადაა გაუარესებული.

საფონდო ბირჟის ვარდნა და ვალუტის გაუფასურება ქვეყანაში პოლიტიკური რისკების ზრდასთან და იმ მოცემულობასთანაა დაკავშირებული, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობა სულ უფრო მეტად მიიწევს ავტორიტარიზმისკენ, რასაც ინვესტორები პოზიტიურად არ აფასებენ.

მოგეხსენებათ, დაკავებული პოლიტიკოსი ექრემ იმამოღლუა, რომელიც ერდოღანის მთავარი კონკურენტია და 2028 წლის არჩევნებში მის სერიოზულ მეტოქედ განიხილება, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეძლო სტამბოლის არჩევნებში გამარჯვება და მერის თანამდებობის დაკავება. ამასთან, იმამოღლუ “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არა უბრალოდ პოლიტიკოსი, არამედ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელია, შესაბამისად, მისი დაკავება და პატიმრობაში დატოვება იმაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

აქვე გასათვალისწინებელია პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებებიც, რაც კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას და ტერორისტებთან თანამშრომლობას უკავშირდება, რასაც რთულია, პოლიტიკურად მოტივირებული არ ვუწოდოთ.

იმამოღლუს გარდა, პროკურატურამ 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, რომელთა შორის არიან როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენები და ჟურნალისტები. საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ ერდოღანმა ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები მოჰყვა, რომლის ფარგლებში, დაკავებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.

ასეთ დროს, ეროვნული ვალუტის შენახვა თავად თურქეთის მოქალაქეებსაც არ სურთ, რომლებიც კაპიტალის გადატანას უფრო მყარ ვალუტებში ცდილობენ, მათ შორის დოლარში და ევროში.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან ერთად, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში თითქმის 40%-იანი ინფლაციაა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-ს შეადგენს, ანუ ლირის მსყიდველობითი უნარი მცირდება, ფასები იზრდება და სესხის აღება იმდენად ძვირია, რომ მისი გადაფარვა ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში თურქეთში ინვესტირება არავის სურს, რაც საერთო ჯამში, პრეზიდენტ ერდოღანთან და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული.

თავად ეს 40%-იანი ინფლაცია ერდოღანის და მისი არაორდინალური ეკონომიკური თეორიის შედეგია, რომელსაც “ერდოღანიზმს” უწოდებენ და ის ინფლაციის ზრდის ფონზე, განაკვეთის შემცირებას მოიაზრებს, რაც სრულ წინააღმდეგობაშია კლასიკურ ეკონომიკურ თეორიასთან და ბუნების კანონთან. სწორედ ამ თეორიის ჯიუტად მიყოლის მიზნით, ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი 4-ჯერ შეცვალა და საბოლოოდ იმასაც მიაღწია, რომ ქვეყანაში 3-ნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

მართალია, ამჟამად ინფლაციური წნეხი შედარებით შემცირებულია და ცენტრალური ბანკიც ტრადიციულ სტრატეგიაზეა გადართული, თუმცა “ერდოღანიზმით” გამოწვეულ იარებს ქვეყნის ეკონომიკა დღემდე იშუშებს.

კრიზისიდან გამოსავლის გზას რაც შეეხება, ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში, ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების განხორციელება მოუწევს, რათა ლირის გაცვლითი კურსი არ ჩამოიშალოს. ამის შემდეგ, აუცილებელი იქნება ინფლაციური წნეხის დაძლევა და რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რათა ბიზნესმა ამოსუნთქვა შეძლოს. თუკი თურქეთის მთავრობა ამ ყველაფერს როგორღაც მოახერხებს, ის მაინც ვერ იქნება მშვიდად, რადგან ერდოღანის გუნდის მიმართ საერთაშორისო ინვესტორებს ნდობა უკვე დაკარგული აქვთ, მის აღდგენას კი წლები დასჭირდება, დრო კი ფულია, რომლის გადახდა თურქეთის მოსახლეობას, როგორც ჩანს, თავად მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-წიწამურის მონაკვეთის პროექტი დაახარვეზა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-წიწამურის მონაკვეთის პროექტი…

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაახარვეზა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის პროექტი, რომელიც ავჭალიდან-წიწამურამდე ახალი 6.5-კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია…