
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს სახელმწიფო?
- ეკონომიკა
- აპრილი 2, 2025
- 11
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 მარტს გამოქვეყნდა.
პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.
პროგრამა ორ კომპონენტს აერთიანებს. მათ შორის არის აქსელერაციის კომპონენტი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაქსიმუმ 4 აქსელერატორის მიერ ხორციელდება და სამ ფაზას მოიცავს:
I ფაზა − აქსელერატორების მიერ ისეთი სტარტაპ კომპანიების შერჩევა, ინტენსიური სწავლება და მენტორშიპი, რომელთა დამფუძნებლებს აქვთ გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალის მქონე ბიზნესიდეა და მისი განხორციელების შესაბამისი კომპეტენცია. ამ ფაზაში ყოველწლიურად თითოეული აქსელერატორი შეარჩევს 40 სტარტაპ კომპანიას;
II ფაზა − აქსელერატორში ჩართული სტარტაპ კომპანიების ინტენსიური სწავლება და მენტორშიპი და „მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის“ შემუშავებაში/დახვეწაში ხელშეწყობა, რაც სტარტაპ კომპანიის პროდუქტს მოარგებს ბაზრის საჭიროებებს და გახდის კონკურენტუნარიანს. ამ ფაზაში ყოველწლიურად თითოეული აქსელერატორი შეარჩევს არაუმეტეს 20 სტარტაპ კომპანიას;
III ფაზა − აქსელერატორში ჩართული სტარტაპ კომპანიების სწავლება და მენტორშიპი, მათზე მორგებული ინდივიდუალური ხელშემწყობი მექანიზმების მეშვეობით, რაც მოიცავს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას, გლობალურ ან/და რეგიონულ ბაზარზე გასვლას, პროდუქტის მომხმარებლების ზრდასა და შემოსავლების გენერირებას. ამ ფაზაში ყოველწლიურად თითოეული აქსელერატორი შეარჩევს არაუმეტეს 10 სტარტაპ კომპანიას;
მეორეა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი − ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ აქსელერაციის მეორე და მესამე ფაზაში მყოფი სტარტაპების საგრანტო დაფინანსება.
დადგენილება 2030 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ეკონომიკის სამინისტრო და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყოფენ. უფრო დეტალურად, ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს შესარჩევი კომისიის შემადგენლობის და პროგრამის სახელმძღვანელოს დამტკიცებას. უშუალოდ პროგრამას კი ახორციელებს სააგენტო, რომელიც კონკურსს გამოაცხადებს, გააფორმებს ხელშეკრულებებს აქსელერატორებთან, უზრუნველყოფს შერჩეული აქსელერატორებისთვის საგრანტო დაფინანსების გამოყოფას ასევე, აქსელერაციის მეორე და მესამე ფაზაში მყოფი ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საგრანტო დაფინანსების გამოყოფას, პროგრამის მოქმედების განმავლობაში ჯამურად − არაუმეტეს 40 მილიონი ლარის ოდენობით, სააგენტოს პასუხისმგებლობაა პროგრამის მონიტორინგიც.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია აქსელერატორს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის იურიდიული პირი ან იურიდიულ პირთა გაერთიანება;
ბ) გააჩნია აქსელერაციის პროგრამის მართვის არანაკლებ 8-წლიანი გამოცდილება;
გ) აქსელერატორის მმართველ დირექტორს გააჩნია 15-წლიანი გამოცდილება კომბინირებული სამეწარმეო და აღმასრულებელი დონის ბიზნესისა და ანგელოზი ინვესტორის/ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით;
დ) აქსელერაციის პროცესში ჩართული ჰყავს, სულ მცირე, 10 მენტორი, არანაკლებ 10-წლიანი მენტორობის გამოცდილებით.
ამასთან, მონაწილეობის დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება პროგრამის სახელმძღვანელოთი.
გამარჯვებული აქსელერატორების შერჩევა კონკურსის წესით, შესარჩევი კომისიის მიერ ხდება.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია, აქსელერატორის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, სტარტაპ კომპანიებზე გასცეს გრანტი შემდეგი პირობების დაცვით:
ა) აქსელერაციის მეორე ფაზაში მყოფი სტარტაპ კომპანიის შემთხვევაში − 50 000 ლარის ოდენობით;
ბ) აქსელერაციის მესამე ფაზაში მყოფი სტარტაპ კომპანიის შემთხვევაში − 150 000 ლარის ოდენობით.
გარდამავალი დებულების თანახმად, პროგრამის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამის სახელმძღვანელოს დამტკიცება, პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადება და შესარჩევი კომისიის შექმნა.