ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის მსვლელობაზე ამ დღეების განმავლობაში უკვე ბევრი რამ ითქვა, ამიტომაც გადაწყვიტეთ, დღეს კონფლიქტზე ეკონომიკურ ჭრილში ვიმსჯელოთ.
დავიწყოთ ღაზის სექტორით, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს – ეს არის 365 კვადრატული კილომეტრის მოცულობის ტერიტორია, სადაც 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა კი პალესტინელია. ტერიტორიისა და მოსახლეობის ამ შეფარდებით ღაზის სექტორი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა.
გარდა ამისა, ღაზის სექტორის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი წერტილიცაა. რეგიონის ეკონომიკის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი დაახლოებით 900 დოლარია, რაც ექსტრემალურად დაბალი მაჩვენებელია.
ღაზის სექტორში უმუშევრობის დონე თითქმის 50%-ია, რაც აგრეთვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ტერიტორია თითქმის სრულად ექვემდებარება ჰამასის კონტროლს, შესაბამისად, ღაზაში არ არსებობს არც მთავრობა, არც ეროვნული არმია და არც პოლიცია.
ტერორისტული დაჯგუფების მმართველობის ქვეშ, რეგიონი განუვითარებელია და თავად ჰამასის ჯგუფის წევრების რაოდენობა ექსტრემალურად მაღალია. თავად ეს მოცემულობა განსაკუთრებით ართულებს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ჩატარების პროცესს, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის და ტერორისტების ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, ღაზას სექტორში სამხედრო ტექნიკის და იარაღის დეფიციტი არ შეიმჩნევა, რადგან ტერორისტული დაჯგუფება ეკონომიკაში დაგროვილ ფულს სწორედ იარაღის შესყიდვაზე ხარჯავს. ღაზის სექტორით მომარაგებაზე კი ირანი ზრუნავს, რომელიც ჰამასის, ჰეზბოლას და რეგიონში წარმოდგენილი სხვა ტერორისტული დაჯგუფებები აქტიური მხარდამჭერია.
ახლა კი რაც შეეხება ისრაელს, მისი მოსახლეობა 9.5 მილიონია, ქვეყნის ეკონომიკა 475 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 50,000 დოლარია. უმუშევრობის დონე ისრაელში 3.5%-ს შეადგენს და ყველა სხვა ეკონომიკური პარამეტრით ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოდ ითვლება.
სამხედრო არსენალს რაც შეეხება, შთამბეჭდავი არმიისა და საბრძოლო ტექნიკის გარდა, ისრაელს პოტენციურად ატომური იარაღიც აქვს. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თეორიულად ისრაელს მთელი რეგიონის წინააღმდეგ შეუძლია ომის მოგება, თუკი მას დახმარებას ამერიკა გაუწევს, რომელსაც ისრაელის მხარდაჭერაზე უარი არასოდეს უთქვამს.
bm.ge