კარგი იქნება, თუკი ენერგეტიკულ ბირჟაზე მსხვილი სახელმწიფო საწარმოები გავლენ – მერაბ ლომინაძე

კარგი იქნება, თუკი ენერგეტიკულ ბირჟაზე მსხვილი სახელმწიფო საწარმოები გავლენ – მერაბ ლომინაძე

“თრეიდინგ სოლუშენის” მმართველი პარტნიორის, მერაბ ლომინაძის შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე საწყის ეტაპზე ბაზრის ბევრი მოთამაშე გავიდეს.

როგორც ლომინაძემ BMG-ს განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ბირჟაზე ვაჭრობა თავდაპირველად ნებაყოფლობითი იქნება, მოლოდინია, რომ კომპანიები დაკვირვების რეჟიმში იქნებიან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 6-ჯერ გადავადების შემდეგ, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ბირჟის ამოქმედების მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგმება.

ამასთან, მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუკი ის მსხვილი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც პირდაპირ მომხმარებლებად არიან რეგისტრირებულები, ენერგეტიკულ ბირჟაზე ივაჭრებენ, რაც კერძო სექტორისთვის გარკვეულწილად სტიმული იქნება.

„6-ჯერ გადავადების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკული ბირჟა იხსენება, თუნდაც იმ ფორმით, როგორც ეს დაგეგმილია. ეს უფრო სავარჯიშო პლატფორმა იქნება, რათა ბაზრის მონაწილეებმა ნახონ, როგორ მუშაობს ბირჟა. იმის მოლოდინი, რომ გენერაციის ობიექტების ანდაც მომხმარებლების დიდი ნაწილი გავა ბირჟაზე, არ მაქვს. არეალი ისედაც შეზღუდულია და მაგალითად, ბირჟაზე არ გავა მარეგულირებელი ჰესების ელექტროენერგია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბირჟა გარკვეულ ადმინისტრაციულ ხარჯებს მოითხოვს, შეიძლება სწორედ ამიტომ მცირე ჰესების ნაწილი საწყის ეტაპზე არ გავიდეს ბირჟაზე. შესაბამისად, ეს უფრო კარგი პლატფორმა იქნება, რომ მოვემზადოთ იმ დროისთვის, როდესაც ბირჟა 2025 წლიდან უკვე სრულფასოვნად ამოქმედდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს კვალიფიციურ საწარმოებს შორის არაერთი სახელმწიფო კომპანიაა, მათ შორისაა საქართველოს რკინიგზა, მელიორაციის კომპანია, წყალმომარაგების კომპანია. კარგი იქნება, თუკი სემეკის ანდაც კურატორი სამინისტროს ინიციატივით, ეს კომპანიები ენერგეტიკულ ბირჟაზე გავლენ. რადგან ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების ნება სახელმწიფომ გამოიჩინა, კარგი იქნებოდა, რომ ამ მიმართულებითაც გამოიჩინოს სახელმწიფომ ინიციატივა და მსგავსი კომპანიები ბირჟაზე გავიდნენ სავაჭროდ. ასეთ შემთხვევაში კერძო სექტორიც დაინახავდა, როგორ მუშაობს ბირჟა”, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს ნაწილობრივ გაიხსნება და საწყის ეტაპზე პლატფორმაზე ვაჭრობა ნებაყოფლობით იქნება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს.

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…