საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს იმპორტისას არსებული მაღალი ფასნამატის შესწავლა დარგის წარმომადგენლებთან ერთად დაავალა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან დავითაშვილს, ლაშა ხუციშვილსა და ოთარ შამუგიას საკითხის შესწავლისა და დასკვნების დადებისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ მისი დავალებით კონკურენციის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორების ბაზრის მოკვლევა ჩაატარა, რა დროსაც გამოიკვეთა რომ კომპანიები მაღალ მარჟებზე მუშაობენ და მოსახლეობას დახლიდან პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს.
„რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქციის ფასების შესწავლა დავავალე. მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად და გონივრული მარჟებით მუშაობდნენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო. მინდა წარმოგიდგინოთ პირველადი მოკვლევის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და მაგალითად ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი თუ მარილის შემთხვევაში საბითუმო ფასებზე დამატებულია50%, 70%, 60%, 80%-იანი ფასნამატი, ამას ემატება საცალო ფასნამატი მინიმუმ 20-25%; გამოდის ჩვენს მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ხალხის ხარჯზე გამდიდრება მიუღებელია და პარალელი მედიკამენტების ბაზრის დარეგულირებასთან გაავლო.
„ეს მიუღებელია, ამხელა მოგებით მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები და გვახსოვს რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, როცა ეს თემა გავხსენით და შედეგიც სახეზე იყოს. გავხსენით თურქეთის ბაზარი და დავაწესეთ რეფერენტული ფასები, რამაც მედიკამენტების ფასი 70-80%-ით შეამცირა. ჯამში ჩვენმა ხალხმა 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა.
ამიტომ მე აქ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ. სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან და საჭიროა მათთან საუბარი. დიდი იმედი მაქვს, ამ მოწოდებას და მიმართავს ანგარიშს გაუწევენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არასწორი საქციელია. რაც გონივრული პროცენტები და მარჟებია, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული“, – თქვა პრემიერმა.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…