რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და რატომ შე(ი)ცვალა პრემიერი? – ინტერვიუ
- ეკონომიკა
- თებერვალი 12, 2024
- 125
„ადამიანი იმაზე და იმდენს საუბრობს, რისი თქმაც სურს“, – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში აკადემიკოსმა ლადო პაპავამ კითხვას – რამდენად დამაჯერებელი იყო ბიძინა ივანიშვილის განმარტება პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების მოტივებზე.
პოლიტიკაში დაბრუნების მოტივები ანუ რა გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა
– მისი <ბიძინა ივანიშვილის> ნათქვამი ვიღაცისთვის დამაჯერებელი შეიძლება იყოს, ვიღაცისთვის – არა, მაგრამ მოდით, ვისაუბროთ, რა შეიცვალა…
– თქვენთვის იყო დამაჯერებელი ბიძინა ივანიშვილის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მას შეეშინდა ცდუნებებებ არ აჰყოლოდა მმართველი ძალა ოპოზიციის არარსებობის პირობებში და ა.შ. და ამიტომაც გადაზღვევისთვის დაბრუნდა?
– ჩემთვის საკმარისი იყო ინფორმაცია, რადგან ვხვდებოდი, რომ ადრე თუ გვიან და ბიძინა ივანიშვილი კვლავ უნდა გამოჩენილიყო და უკვე მომწიფდა ეს დრო, რადგან მთელ მსოფლიოში არასტანდარტული სიტუაციაა. საქართველო საკმაოდ მცირე ზომის ქვეყანაა და არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად და არც გეოპოლიტიკურად ცალკე არ დგას; მასზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი და მათ შორის ის, რაც ხდება მსოფლიოში. დავიწყოთ იმით, რომ ჯერ იყო პანდემია, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი, მერე – ისრაელ-პალესტინას შორის ომი…
– და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება რას შეცვლის?
– მას სულ ხომ იმას ედავებიან, რომ ჩრდილოვანი მმართველია; ახლა კაცი შემოვიდა პოლიტიკურ სარბიელზე და ნაკლები არგუმენტი ექნება ვინმეს, რომ ჩრდილოვანი მმართველი უწოდოს…
– ანუ მესამედ დაბრუნებით პოლიტიკაში ჩრდილოვანი მმართველის იარლიყი მოიშორა და ეს იყო მიზანი?
– ბატონ ბიძინას ისე ახლოს არ ვიცნობ, რომ მის ნაცვლად ვისაუბრო, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ის არ იყო დაინტერესებული პოლიტიკით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ – პირველად და შემდეგ მეორედ წავიდა პოლიტიკაში. ახლა კი, საკმაოდ მომწიფდა სიტუაცია, რომ უნდა გამოჩენილიყო; თან ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნების წელია. პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც რთულია წელია. მისი გამოჩენა რას შეცვლის? – ცვლის იმას, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ წარმატებული იყო იმ თანამდებობაზე, სადაც იყო და წარმატება ფასდება დადებული შედეგებით; აქედან გამომდინარე, ის გადაიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელსაც საპარლამენტო არჩევნები ჰქვია.
– თქვენი შეფასებით, ქვეყნის მთავრობის მეთაური რომ პარტიის თავმჯდომარედ გადანიშნა, ამით უფრო დააფასა ის?
– დაფასაბაზე არაა საუბარი. პოლიტიკაში როცა ხარ, უნდა იცოდე, როდის უნდა წახვიდე – როცა აღმავალ ტრაექტორიაზე ყოფნისას მიდიხარ, ეს ყოველთვის პლიუსია. ახლა სწორედ ასეთი ეტაპი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომლის დასტურია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება; ამ ფონზე მისი თანამდებობიდან წასვლა ყველაზე კარგი დრო იყო. მეორე მხრივ, ის აქტივი, რაც ირაკლი ღარიბაშვილს დაუგროვდა, კარგი დროა მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის, რადგან „ქართულ ოცნებას“ აქვს ამბიცია, არჩევნებში გაიმარჯვოს. როგორი იქნება შედეგები, ამაზე დღეს საუბარი შეუძლებელია, მაგრამ ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ დიდი უპირატესობა აქვს – ეს კარგია თუ ცუდი, სხვა საკითხია.
– თქვენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერი ხართ?
– არასდროს დამიმალავს, რომ ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი ანტინაცი…
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს. არა?
– ეს იმას ნიშნავს, რომ ოღონდაც ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ყველა იმ ძალას დავუჭერ მხარს, რომელიც მათ დაბლოკავს; დღევანდელი გადმოსახედიდადნ, ასეთი ძალა „ქართული ოცნებაა“.
BMGTV