
რა ეტაპზეა Jan De Nul-ის მიერ ანაკლიის აკვატორიის დაღრმავება?
- ეკონომიკა
- აპრილი 7, 2025
- 15
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ანაკლიის აკვატორიის დაღრმავების სამუშაოებს აქტიურად ასრულებს. კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტი 2024 წლის სექტემბერში გაფორმდა. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ახორციელებს. მისი დირექტორის, ზურაბ სიჭინავას განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების/ინერტული მასალის ტრანსპორტირება სხვადასხვა მეზობელი რეგიონებიდან (იმერეთი, აჭარა, გურია) და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დასაწყობება.
ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, დღეში დაახლოებით 100-120 სატვირთო მანქანა შედის სამშენებლო ტერიტორიაზე და ხდება ქვის ლოდების მომარაგება, ხოლო 2025 წლის მაისში ექსპლოატაციაში შევა ბეტონის ბლოკების საწარმო, რომელიც ტალღმტეხელისთვის საჭირო სამშენებლო მასალებს დაამზადებს. აღნიშნული ტალღმტეხელის სიგრძე 1.5 კილომეტრი იქნება.
„ამჟამად მიმდინარეობს მომავალი პორტის ტერიტორიაზე საჭირო ოდენობის სამშენებლო მასალების დასაწყობება, რათა უშუალოდ მშენებლობის პროცესს ხელი არ შეეშალოს და დაახლოებით 1,5 კმ-ის ტალღმტეხელის მშენებლობა საპროექტო ვადებში დასრულდეს. ასევე დაგეგმილია ნავსადგურში შემომავალი არხის მაქსიმალური დაღრმავება, რათა დიდი მოცულობის გემები შემოვიდნენ და ამ მიზნით დაგეგმილია 10 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოღება“, – აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.
კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის თქმით, იმ დროისთვის, როდესაც სახელმწიფო შეარჩევს საერთაშორისო პარტნიორს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, ნავსადგურის აკვატორიაში საზღვაო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებული იქნება.
საუბარია ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ზე, რომელიც საერთაშორისო ტენდერის უპირატეს პრეტენდენტად ჯერ კიდევ 2024 წლის 29 მაისს გამოვლინდა, თუმცა მასთან მოლაპარაკებების ეტაპები უკვე არაერთი თვეა მიმდინარეობს. უკანასკნელი მდგომარეობით, ეკონომიკის სამინისტრო მოელის, რომ კომპანიასთან შეთანხმების მიღწევა გაზაფხულის ბოლომდე მოხდება.
კონტრაქტი Jan De Nul-თან, 2025 წელს 150 მლნ ლარი დაიხარჯება
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, რისთვისაც წელს მთავრობამ ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავა.
პროექტის თანახმად, 150 მილიონი ლარი პორტის ტალღმჭრელის მშენებლობასა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებაზე დაიხარჯება, რასაც Jan De Nul-ი შეასრულებს.
2024 წელს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის 50 მილიონი ლარი, 2026 წელს კი 180 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
რა ეტაპზეა პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესი:
საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა დღემდე CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.