რა რეჟიმში ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა პირველი ივლისიდან? – ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

რა რეჟიმში ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა პირველი ივლისიდან? – ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს. ასე უპასუხეს ეკონომიკის სამინისტროში BMG-ის კითხვის საპასუხოდ, რომელიც პირველი ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების პირობებს შეეხებოდა.

კითხვებს – რამდენი კომპანიის შესვლას ელიან ბირჟის ამოქმედების შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში და რა სამართლებრივი აქტების გამოცემა რჩება დღის წესრიგში ბირჟის ამოქმედებამდე – ეკონომიკის სამინისტროში არ პასუხობენ და განმარტავენ: „ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალ მოდელზე, რაც გულისხმობს 2024 წლის პირველი ივლისისთვის მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

აღნიშნული ინიციატივის შედეგად, შესაძლებელი იქნება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ელექტროენერგიით ვაჭრობა. ასევე შესაბამისი ინსტრუქციები და გარდამავალი მოდელის პრინციპები აისახება ბაზრის წესებსა და ვაჭრობის მარეგულირებელ სხვა დოკუმენტებში“.

ცნობისთვის, ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეექვსედ გასული წელს გადავადდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ ამის მიზეზი გეოპოლიტიკური მოვლენები ასახელებდნენ, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირდათ. ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში ბირჟის ამოქმედება 2024 წლის პირველ ივლისს იგეგმება.

Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვითაც, ბაზრის ამოქმედებამდე კვლავ რჩება რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი. კერძოდ:

1) სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გაიყიდება თუ არა იმპორტირებული ელექტროენერგია ბირჟაზე. მათი მოლოდინით, ბირჟაზე მოხვედრილი იმპორტირებული ელექტროენერგია ტარიფს გაზრდის.

2) მნიშვნელოვანია ცხადი პოლიტიკა უბალანსობის მიმართ. ახალი ბაზრის მოდელის მიხედვით, უბალანსობაზე პასუხისმგებელ პირს (როგორც მწარმოებელს, ასევე მომხმარებელს) ფინანსური ჯარიმა ეკისრება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს პირველ ეტაპზე.

საინვესტიციო ბანკის მიმოხილვით, ამ ეტაპზე, კანონქვემდებარე აქტებში ცვლილება არ შესულა, თუმცა აქტიურად განიხილება ბაზრის ეტაპობრივად ამოქმედება და სრულ გახსნას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.

პირველ ეტაპზე, ვაჭრობა შესაძლოა ნებაყოფლობითი იყოს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ტრეიდერები, თავისუფალი მიმწოდებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები და მსხვილი/პირდაპირი მომხმარებლები. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, შემდეგი ეტაპები სავალდებულო დღიური ბაზარი, ბოლოს კი საათობრივი ბაზარი იქნება. სექტორის მოთამაშეები ბირჟის ეტაპობრივად ამოქმედებას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ერთიანი ამოქმედება ნაჩქარევი იქნებოდა არსებული რისკების გათვალისწინებით.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…