
რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ინოვაციურ სტარტაპებს? – კანონპროექტი
- ეკონომიკა
- აპრილი 10, 2025
- 17
მთავრობა ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. პარლამენტში უკვე შევიდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მომზადებულ კანონპროექტი. კანონპროექტით შემოდის ინოვაციური სტარტაპის ცნება, რომლის მიმართაც მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები იმოქმედებს.
მათ შორის:
- პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი,
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, თავისუფლდება საშემოსავლო
გადასახადისაგან; - მეოთხე წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული
ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, ხოლო ამავე პერიოდში ინოვაციური
სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%; - მეშვიდე წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული
ხელფასი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით, ხოლო ამავე პერიოდში ინოვაციური
სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 10%.
როგორც BMG-ის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში უთხრეს, მთავრობა დაადგენს ხელფასის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას, რომელიც ნულპროცენტიანი გადასახადით ისარგებლებს, თანხის ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ხელფასის ოდენობა მთავრობის მიერ დაწესებულ მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას აღემატება, მხოლოდ სხვაობის ნაწილის (ანუ იმ თანხის რომელიც განსაზღვრულ ოდენობას აღემატება) 20%-იანი საშემოსავლოს გადახდა მოუწევს სტარტაპს.
მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებებით საქართველოს სტარტაპ გარემოს მიმართ ინტერესი გაიზრდება. “სტარტაპის მიერ გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის საშეღავათო რეჟიმით სარგებლობის შემთხვევაში, დაიზოგება სტარტაპების ჯამური ბიუჯეტის 12%, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი გამოიყენონ ინოვაციური პროდუქტის და სერვისის განსავითარებლად”, – ვკითხულობთ კანონპროექტში.
კანონპროექტში წერია, რომ საგადასახადო შეღავათები შესაძლებელს გახდის სტარტაპების რაოდენობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 700-დან სამიზნე 2 000-მდე გაიზარდოს. შედეგად სტარტაპების რაოდენობა საქართველოს მლნ მოსახლეზე 189-დან – 541-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების მონაცემებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ ბუნებრივი ზრდის ტემპის შენარჩუნებისა და სტარტაპების სამიზნე მაჩვენებლამდე ზრდის პირობებში, მომდევნო 5 წელში მოზიდული კერძო კაპიტალის მოცულობა კუმულატიურად 11 მლრდ ლარს უნდა გაუტოლდეს, წლიურად მიღებული შემოსავლის მოცულობა 1.5 მლრდ ლარს, ხოლო შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 26 ათასამდე უნდა გაიზარდოს.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება რა ჩაითვლება ინოვაციურ სტარტაპად. ინოვაციური სტარტაპი იქნება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი კომერციული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. ეს სტატუსი კომპანიას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ექნება, თუმცა სტატუსის გაგრძელება ყოველ წელს შეიძლება, ჯამში 10 წლამდე.
ინოვაციური სტარტაპისთვის შემდეგი მოთხოვნებია განსაზღვრული:
- ქმნის ინოვაციურ პროდუქტს და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას;
- მოპოვებული აქვს საინვესტიციო ფონდის, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრის ან/და აქსელერატორის ინვესტიცია არანაკლებ 100 ათასი ლარის ოდენობით;
- მიღებული აქვს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსება;
- ინვესტიციად ასევე მიიჩნევა სხვა ქვეყანაში დაფუძნებული მშობელ ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელსაც თავის მხრივ, აღნიშნული სახსრები მიღებული აქვს საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრის ან/და აქსელერატორისგან.
ინოვაციური სტარტაპების გარდა, კანონპროექტით შეღავათებით ისარგებლებენ ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიები. ამ კომპანიებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი მოთხოვნები:
- ფინანსური წლისათვის გაწეული კვლევებისა და განვითარების ხარჯების მოცულობა წარმოადგენს კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების მოცულობის მინიმუმ 5%-ს, არანაკლებ 100 ათასი ლარისა და აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც:
- კომპანიას გააჩნია პატენტი ან რეგისტრირებული პროგრამული უზრუნველყოფა და კვლევებისა და განვითარების ხარჯები მიმართულია აღნიშნული პატენტის ან/და პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში შემუშავებული პროდუქტის ან/და პროცესის ან/და სერვისის განვითარებაზე;
- კომპანიის მიერ კვლევებისა და განვითარების ხარჯები გაწეულია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისგან ან კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტისგან მომსახურების შესასყიდად;
ამ შემთხვევაში კომპანიებს მთავრობა სტატუს უვადოდ ანიჭებთ. კანონპროექტის მიხედვით, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია უფლებამოსილია სტატუსის მოპოვების მომენტიდან სტატუსის მოქმედების განმავლობაში, მოგების განაწილების შემთხვევაში კვლევისა და განვითარების ხარჯები მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გამოიქვითოს დასაბეგრი მოგებიდან სამმაგი ოდენობით.
ამას გარდა, კანონპროექტის სიახლეს წარმოადგენს კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის შემოღება, რომლის მიზანიცაა კვლევებისა და განვითარების მომსახურების სტიმულირება და კერძო სექტორში მასზე წვდომის გაზრდა. აღნიშნული სტატუსი შეიძლება ერთჯერადად და უვადოდ მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბუნებისმეტყველო და საინჟინრო საქმიანობები და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. კვლევებისა და განვითარების გამწევი კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმის სახით კანონპროექტი ითვალისწინებს სტატუსის მოქმედების პერიოდში, აღნიშნულ სუბიექტში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლის 5%-ით დაბეგვრის შესაძლებლობას და ასევე მოგების გადასახადი 5% იქნება.
კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.