როგორ შეიცვალა 3*, 4* და 5* სასტუმროს ფასები აგვისტოსთვის? – PMCG-ის მიმოხილვა

როგორ შეიცვალა 3*, 4* და 5* სასტუმროს ფასები აგვისტოსთვის? – PMCG-ის მიმოხილვა

საკონსულტაციო სააგენტო PMCG ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც აპრილი – აგვისტოს პერიოდში სასტუმროს ფასების ცვლილება და მისი განმაპირობებელი ფაქტორებია მიმოხილული.

მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 3,198 განთავსების საშუალების მიმწოდებელია რეგისტრირებული, რომელთა უმეტესობა სამეგრელო-ზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%) მდებარეობს.

PMCG-ის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში სხვადასხვა სეგმენტის სასტუმროებში განთავსების საშუალო ღირებულება ასეთია:

  • 3*-იანი სასტუმროების საშუალო ფასმა 184 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 2%-ით აღემატება;
  • 4*-იანი სასტუმროების საშუალო ფასი 272 ლარი იყო (-2%), საოჯახო სასტუმროების – 114 ლარი (- 12%);
  • 5*-იანი სასტუმროს საშუალო ფასმა კი 586 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მიმოხილვის ავტორები სასტუმროს ფასების ცვალებადობას აპრილი აგვისტოს პერიოდში აკვირდებოდნენ და აღნიშნავენ, რომ აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით საშუალო ფასები სასტუმროების კატეგორიების მიხედვით განსხვავებული ტენდენციებით ხასიათდება.

„საშუალო ფასები შემცირდა 3-ვარსკვლავიან სასტუმროებსა (საშუალოდ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1%-ით) და 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში (-1%), რომელშიც მცირედი ზრდა მხოლოდ ზაფხულის თვეებში დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდა შეინიშნებოდა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების კატეგორიაში (10%). ამის საპირისპიროდ, საოჯახო სასტუმროების ფასები შემცირდა (-4%)“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, გაანალიზებულია აჭარაში სასტუმროების საშუალო ფასი, რომლის მიხედვითაც, 3*-იანი სასტუმროების ღირებულება აპრილი – აგვისტოს პერიოდში 5%-ით გაიზარდა. 5*-იანი და საოჯახო სასტუმროების საშუალო ფასებიც 10% და 13%-ით გაიზარდა, თუმცა 4*-იანი სასტუმროების საშუალო ფასი 15%-ით შემცირდა.

„სასტუმროების ფასები აჭარაში საგრძნობი სეზონურობით ხასიათდება, კერძოდ, სასტუმროების საშუალო ფასები ზაფხულის თვეებში (ივლისი და აგვისტო) პიკს აღწევს, ზამთრის თვეებში (იანვარი და თებერვალი) კი ყველაზე დაბალია.

აღსანიშნავია, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები ყველაზე მაღალი რყევებით გამოირჩევა და მკვეთრად მატულობს ზაფხულის თვეებში, რაც ამ სეზონზე მაღალ მოთხოვნას ააშკარავებს. ამის საპირისპიროდ, საოჯახო სასტუმროების ფასები ყველაზე დაბალი რყევებით ხასიათდება“, – განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

რაც შეეხება დედაქალაქს, 2024 წლის აპრილი – აგვისტოს პერიოდში თბილისში 3*-იანი (-2%) და საოჯახო სასტუმროების (-24%) საშუალო ფასები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა.

„ფასების კლება შესაძლოა განპირობებული იყოს თბილისში სასტუმროების რაოდენობის მაღალი ზრდით, რაც ტურისტების რაოდენობის ზრდას აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი განსაკუთრებით არაბრენდულ სასტუმროებში შეიმჩნევა. საქართველოს სასტუმროების საშუალო ფასების მსგავსად, ყველაზე მაღალი ზრდა შეინიშნებოდა 5*-იანი სასტუმროების კატეგორიაში (23%). გარდა ამისა, 4*-იანი სასტუმროების საშუალო ფასებიც გაიზარდა, თუმცა უფრო ნაკლებად (7%)“, – ნათქვამია სასტუმროების ფასების მიმოხილვაში.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასტუმროების საშუალო ფასები თბილისშიც სეზონური რყევებით ხასიათდება, მაგრამ აჭარის საშუალო ფასებთან შედარებით უფრო ნაკლებადაა გამოხატული. „გარდა ამისა, თბილისში სასტუმროების საშუალო ფასები აჭარასთან შედარებით მაღალია. აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის ყველაზე მკვეთრი განსხვავება 5*-იან და საოჯახო სასტუმროებში შეიმჩნევა“, – ნათქვამია კვლევაში.

 

* შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი).

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…