„რუსეთ-უკრაინის ომი როგორადაც უნდა დასრულდეს, „შუა დერეფნის“ ამოქმედებას ხელს ვერაფერი შეუშლის“
- ეკონომიკა
- აპრილი 6, 2024
- 154
“მცირე ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც წესი, ამინდს ვერ ქმნიან. მათი როლი მოკრძალებულია და უნდა იპოვონ გარკვეული ნიშა. საქართველოს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული დასავლური ორიენტაცია, რაც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში. მე ყველაზე რეალისტურად მესახება საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, რადგან უკვე მიღებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი, და არის შესაძლებლობა, წლის ბოლოს გაიხსნას მოლაპარაკებების ფანჯარა. ჩვენი დასავლური განვითარების ვექტორი მკაფიოა და საჭიროა მის შესაბამისად ვიმოძრაოთ, მაგრამ არა ისე, რომ შეცდომები დავუშვათ, რაც საქართველოს ბარიერებს შეუქმნის. საქართველოსთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების შედგენილი რეიტინგები პოზიტიურია და გაუმჯობესება უნდა გაგრძელდეს, რათა მსოფლიოში საქართველოს აღქმა იყოს პოზიტიური. ამ შემთხვევაში საქართველო მშვიდობით დააღწევს საფრთხეებს თავს, რათა ჩვენი მიზნები იქნეს მიღწეული და გავხდეთ ევროპის ნაწილი”, – ამბობს აკადემიკოსი ლადო პაპავა ახალ საერთაშორისო წესრიგში საქართველოს როლზე საუბრისას. როგორ იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომისა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, სად არის ახალ რეალობაში საქართველოს ადგილი და რა ბერკეტის გამოყენება შეგვიძლია, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.
– უწინარეს ყოვლისა, უნდა გავერკვეთ, მსოფლიო წესრიგი როგორ იცვლება, რა მიმართულებით. თუმცა, ჯერჯერობით, ამ ცვლილების კონტურები მაინც არ არის გამოკვეთილი. კონტურებზე საუბარი, ალბათ, უფრო გაადვილდება მას შემდეგ, რაც რუსეთის ომი უკრაინაში დამთავრდება, ვიმედოვნებ, უკრაინის გამარჯვებით, თუმცა არც სხვა სცენარებია გამორიცხული. ამასთან, აშშ არ ჩქარობს უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის გადაცემას. ამიტომ ამჟამად პროგნოზირება, როგორ ჩამოყალიბდება მსოფლიოს ახალი წესრიგი, როგორი იქნება ძალთა თანაფარდობა, ძნელი წარმოსადგენია. თუმცა, როცა არ იცი, რა როგორ იცვლება, ჯობს, ფრთხილად იყო და არ გადადგა მკვეთრი ნაბიჯები.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანას გაუჩნდა რამდენიმე ისეთი ეფექტი, რომლებსაც ეკონომისტები “გარე ეფექტებს” ვუწოდებთ. კერძოდ, საქართველოსთვის დადებითი გარე ეფექტი არის შემდეგი: მოგეხსენებათ, ჩინეთი სულ უფრო და უფრო სერიოზული გლობალური მოთამაშე ხდება. ჯერ კიდევ 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დღის წესრიგში დააყენა ახალი გლობალური პროექტი “ერთი გზა, ერთი სარტყელი”, რომელიც ნიშნავს ეკონომიკური აქტიურობის გაზრდას ამ გზისა და სარტყლის გასწვრივ. თავიდან ეს პროექტი საქართველოს არ მოიცავდა, ისევე როგორც აზერბაიჯანს. საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რომ ერთ-ერთი დერეფანი აზერბაიჯან-საქართველოზე გასულიყო. რუკაზე გაჩნდა ეს დერეფანი, მაგრამ რეალურად მაინც არ ფუნქციონირებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ომის გამო დაიბლოკა რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი და დასავლეთმა რუსეთს დაუწესა სანქციები, ჩინეთს დასჭირდა ახალი ალტერნატივების მოძიება და “ერთი გზა, ერთი სარტყლის” რუკაზე საქართველო, მისი მთავრობის ძალისხმევით, უკვე დაფიქსირებული იყო. ეს გზა “შუა დერეფნის” სახელითაა ცნობილი, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს მოიცავს და ამ პროექტის გააქტიურება სულ უფრო რეალური ხდება. შევეცდები ავხსნა, თუ ეკონომისტები მსგავს მოვლენებს რატომ ვუწოდებთ “გარე ეფექტებს”. სანქციების მიზანი იყო რუსეთის დასჯა უკრაინაში ომის გამო და არა, მაგალითად, საქართველოსთვის უკეთესი პირობების შექმნა, მაგრამ ამ დასჯამ გამოიწვია ჩვენთვის დადებითი გარე ეფექტი, ანუ “შუა დერეფნის” გააქტიურება. ეს დადებითი გარე ეფექტია და ამას სჭირდება გამოყენება.
გავიხსენებ სიტუაციას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. მაშინ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ დღის წესრიგში დააყენა დიდი აბრეშუმის გზის პროექტის აღორძინების საკითხი და მას დაარქვა კიდეც “განახლებული დიდი აბრეშუმის გზა”. ისტორიკოსებს თუ შევეკითხებით, საქართველოზე გადიოდა სავაჭრო გზები, მაგრამ ვერ მტკიცდება, რომ ეს იყო “დიდი აბრეშუმის გზის” ნაწილი. ვერც ის მტკიცდება, რომ ეს ასე არ იყო. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ისტორიულად საქართველოზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა, მაგრამ შევარდნაძის ეს ინიციატივა აიტაცა დასავლეთმა და არა იმიტომ, რომ მას მართლა რაიმე ისტორიული ფესვები ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთს ყველაზე მეტად აწყობდა რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნის გაჩენა. ამან შექმნა შემდეგ ევროკავშირის პროექტი “ტრასეკა”, ამერიკული პროექტი “ინოგეიტი” (ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებისთვის) და ფაქტობრივად, ეს დერეფანი ამოქმედდა. სწორედ შევარდნაძის პერიოდში დაიწყო მსხვილი მილსადენების მშენებლობის პროექტები და წარმატებით იქნა რეალიზებული, მაგრამ არც “ტრასეკა” და არც “ინოგეიტი” არ მიდიოდა ჩინეთამდე, ის ცენტრალური აზიის ქვეყნებში მთავრდებოდა. “შუა დერეფანი” უკვე გულისხმობს ჩინეთის ჩართულობას, – ანუ დერეფანი ფართოვდება როგორც გეოგრაფიულად, ისე შინაარსობრივადაც. კერძოდ, შევარდნაძისეული “განახლებული დიდი აბრეშუმის გზა” იყო სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც ტვირთები უნდა გადაადგილებულიყო და მეტი არაფერი, ჩინური პროექტით კი სატრანსპორტო დერეფანი გარდაიქმნება ეკონომიკურ დერეფნად, როდესაც არა მარტო ტვირთების ტრანსპორტირებაზეა საუბარი, არამედ დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკური აქტიურობის ზრდაზეც, როცა ისინი თავად გახდებიან მწარმოებლები. ამიტომაც “შუა დერეფანს” უკვე ჰქვია არა უბრალოდ სატრანსპორტო, არამედ ეკონომიკური დერეფანი. ეს ყველაფერი კი შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე გამოიკვეთა.
ახლა როგორი ვითარებაა – როგორადაც გნებავთ დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინაში, “შუა დერეფნის” ამოქმედებას ხელს ვერაფერი შეუშლის და მას ექნება მაქსიმალური გამოყენება. გავიხსენოთ, როგორ ჩამოდიოდნენ საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნის ლიდერები, როგორ დადიოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცენტრალური აზიის ქვეყნებში. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა შეხვედრა მოუწყვეს საქართველოს მთავრობის დელეგაციას ჩინეთში ვიზიტისას და ამას მოჰყვა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის ახალი ინვესტიციები, ახალი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, პროგნოზი, თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, შეუძლებელია, მაგრამ როცა რაღაც მომენტში დადებითი შედეგის მომტანი შესაძლებლობა გიჩნდება, მას მაქსიმალური გამოყენება სჭირდება, რადგან სულაც არ არის გამორიცხული, ასეთი შანსი აღარ გამოგიჩნდეს. თანაც ამ პროექტში ჩვენ მარტო არა ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანიც არის ჩართული.
- საქართველოში ეჭვქვეშ აყენებენ მის ამოქმედებას. თქვენ ამ სკეპტიკურ შეფასებებს საფუძვლიანად მიიჩნევთ?
– როცა ვამბობთ, რომ ჩვენთვის ბევრი რამ გაურკვეველია, რა გგონიათ, პეკინისთვის ასევე არ არის? ასე რომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სუბიექტი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ვიმეორებ, – ყველა ცდილობს მაქსიმალური ხეირი ნახოს იმ ომიდან, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. აშშ და ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ შეიარაღებით უზრუნველყონ უკრაინა. ამერიკა რომ დახმარებას გამოუყოფს უკრაინას, ლომის წილი ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში რჩება. ჩინეთიც ცდილობს იხეიროს შექმნილი ვითარებით და ის რუსეთისგან დიდი ენერგეტიკული რესურსების შემსყიდველი გახდა. ინდოეთიც ცდილობს იხეიროს. უფრო მეტიც, თვითონ რუსეთის ეკონომიკაც არ ჩამოშლილა სანქციებით, რა პროგნოზებიც კეთდებოდა ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც სანქციები იქნა შემოღებული. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სანქციები არ არის სრულყოფილი, რადგან მათში სერიოზული “ხვრელებია” დატოვებული, რასაც ამ სანქციების სიმრავლე აჩვენებს. სწორედ ამ “ხვრელების” გამო ყოველ ახალ ეტაპზე საჭიროა ახლის მიღება, რომელიც მცირედით მაინც შეამცირებს ამ “ხვრელების” რაოდენობას, თუმცა სრულად მაინც არ ამოქოლავს. როცა სანქციების მეცამეტე პაკეტზეა ლაპარაკი, ეს უკვე დასტურია იმისა, რომ წინა 12 არ იყო უხარვეზო და რა გარანტიაა, რომ მეცამეტე იქნება სრულყოფილი? ამიტომაც, ვიდრე ეს ომი არ დასრულებულა, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ზავი არ დადებულა, მანამდე პროგნოზის გაკეთება რთულია. ამიტომაც არ ჩქარობს ჩინეთი. არ შეიძლება დღეს პესიმისტი იყო, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკრაინაც უნდა დამარცხდეს, რუსეთმაც უნდა გაიმარჯვოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს, არანაირი პროექტები არ უნდა განვითარდეს. ასეთ სცენარს არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ასეთი სცენარის ალბათობა ძალიან დაბალია. ერთადერთი პესიმისტური სცენარი ის არის, ატომური იარაღი იქნეს გამოყენებული და დედამიწა ვერ გადარჩეს. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს!
- რა სცენარების განვითარებაა მოსალოდნელი და ამ სცენარებში საქართველოს ადგილი სად იქნება?
– საქართველო რაციონალურად იქცევა, არ ართულებს რუსეთთან ურთიერთობას, იმ ზეწოლასაც გაუძლო, რომ არ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში. აშკარა იყო უკრაინის ხელისუფლების ზეწოლა და ეს არაერთხელ მოგვისმენია და წაგვიკითხავს. შეფარული ზეწოლა იყო დასავლეთიდანაც. გახსოვთ, ალბათ, ასეთი რიტორიკა, აი, რუსეთის შეიარაღებული ძალები აღარ არიან აფხაზეთსა და ცხინვალში და შანსია მათი დაბრუნებისო. კიდევ კარგი, საქართველოს ხელისუფლებას ეყო გონიერება და ცდუნებას არ აჰყვა.
საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენა ეკონომიკისთვის ვითარება, როდესაც უკრაინიდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან ხალხი წამოვიდა საქართველოში – ამან დადებითად იმოქმედა ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ზრუნავს თავის თავზე და საქართველოს არ ევალებოდა ეზრუნა? კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, – ამერიკელები დღეს პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინის დახმარება ნიშნავს ამერიკის ეკონომიკის გააქტიურებას. ჩინეთიც ხეირს ნახულობს, რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის საგარეო ვაჭრობაში ჩინური ვალუტა, იუანი გამოიყენება. ინდოეთმაც აიძულა რუსეთი ივაჭროს ინდურ რუპიებში – ინდოეთი რუსეთისგან ყიდულობს ნავთობპროდუქტებს და იხდის რუპიებს, რუსეთი კი ინდოეთისგან იმდენ საქონელს არ ყიდულობს, რამდენი რუპიაც უგროვდება ნავთობპროდუქტების გაყიდვით და უკვე აღარ იცის, რუპიები სად წაიღოს, რადგან ინდოეთის გარდა, სხვას არავის სჭირდება. ასე რომ, ყველა ცდილობს ამ ომიდან რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური ხეირი ნახოს. თუმცა არის მორალური მხარეც. რუსეთი ოკუპანტია, თავს დაესხა უკრაინას და სამართლიანობა მოითხოვს, უკრაინამ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ შექმნილი ვითარების ზნეობრივი, საერთაშორისო-პოლიტიკური და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კომპონენტი.
- თეორიულად უკრაინაში ომის დასრულების სამი სცენარია: უკრაინა სრულად გაიმარჯვებს, რაც ყველას გვინდა, გაიმარჯვებს რუსეთი და მესამე, ომი დამთავრდება უკრაინის ტერიტორიის გაყოფით. ამ სცენარებიდან რომლის შანსი როგორია და, ეს როგორ აისახება საქართველოზე?
– არც ერთი სცენარი არ უნდა გამოირიცხოს, მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტების პროგნოზიც ასეთია, ზოგიერთი რუსი ეკონომისტიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ თუ ომი კიდევ 2-3 წელიწადს გაგრძელდება, რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. ამ სცენარსაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ამდენ ხანს ხომ გაუძლო? თანაც რა რესურსი აქვს უკრაინას, რომ ომი კიდევ 2-3 წელიწადს აწარმოოს, მაშინ როცა აშშ არ ჩქარობს მისთვის დახმარების ახალი პაკეტის გადაცემას? ამიტომაც არ გამოვრიცხავ არც ერთ სცენარს, განსაკუთრებით გარკვეულ შუალედურ შედეგებს. ვთქვათ, ზავის დადებას, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და რაღაც ტერიტორიები რუსეთმა გააკონტროლოს. კიდევ უფრო რეალისტურია ისეთი ზავის (თუნდაც დროებითის) დადება, რომ გაიყინოს კონფლიქტი. თავის მხრივ, გაყინვის სცენარიც მრავალფეროვანია იმისდა მიხედვით, თუ რომელ ტერიტორიაზე რა სტატუსი იქნება გამოყენებული. მაგალითად, ყირიმში შეიძლება ერთი სტატუსი გამოიყენონ, ლუგანსკში, დონეცკსა და სხვა ოლქებში კი – სხვა.
რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, მთავარია რამდენიმე მომენტი – საქართველოს ხელისუფლება არ აჰყვეს პროვოკაციებს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც სამხედრო კონფრონტაციამდე მიგვიყვანს, რადგანაც რუსეთის სამხედრო ძალების შემოსვლის საფრთხე კი არაა, ის უკვე შემოსულია, 20% უკვე ოკუპირებული აქვს. ამიტომ საქართველო პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს, ეს ერთი, და მეორე, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ეკონომიკის განვითარებას. ამ თვალსაზრისით კი “შუა დერეფანი” ნამდვილად პრიორიტეტულია. არის მხოლოდ ერთადერთი ცუდი სცენარი – გლობალური ბირთვული დაპირისპირება. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს! ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ყველა სცენარი, რომლებიც “შუა დერეფანთან” არის დაკავშირებული, პერსპექტიულია.
შეიძლება პირდაპირი პარალელი არ არის, მაგრამ მაინც შეიძლება გავიხსენოთ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული კონფლიქტი. ის რომ არ ყოფილიყო, მაშინ მილსადენები, რომლებიც აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით გადის, გაივლიდა სომხეთზე, რადგან ეს გზა გეოგრაფიულად უფრო მოკლეა. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ მათ შორის იყო კონფლიქტი, საქართველოსთვის დადებითი “გარე ეფექტი” შეიქმნა და მილსადენები საქართველოზე გავიდა. ისინი უკვე მოქმედებს და როგორც არ უნდა დათბეს სომხეთსა და აზერბაიჯანს, და სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა, ვინმე საქართველოზე უკვე გამავალ მილსადენებს გააუქმებს? ეს ხომ ეკონომიკურად უაზრო პროექტი იქნება. სხვა სიტყვებით, სომხეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებით (რასაც მხოლოდ და მხოლოდ უნდა მივესალმოთ) საქართველოს ჩართულობა აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებაში ნებისმიერ შემთხვევაში შენარჩუნდება. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას “შუა დერეფანზეც”. თუ ამოქმედდა, ის მაინც დარჩება, რა კონფიგურაციითაც უნდა დამთავრდეს ომი, თანაც ერთ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი – გლობალურ ვაჭრობაში დღეისთვის შექმნილ პესიმისტურ გარემოში ჩემთვის ძალიან ბევრის მთქმელი იყო 2024 წლის იანვარში ახალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა შვეიცარიასა და ჩინეთს შორის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შვეიცარია შუაგულ ევროპაშია მოქცეული და ჩინეთთან ვაჭრობის გაფართოებაზე მიიღო შეთანხმება. თუ შვეიცარია დაინტერესებულია ჩინეთთან ვაჭრობით, ეს გულისხმობს სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებასაც. რუსეთის დერეფანი დახურულია და რჩება ისევ და ისევ “შუა დერეფანი”. არ არის გამორიცხული, შვეიცარიას სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძონ.
- "შუა დერეფნის" ამუშავებას მხოლოდ პოლიტიკური გაურკვევლობა უშლის ხელს თუ არის ტექნიკური პრობლემებიც? არის ჩვენი რკინიგზა ამისთვის მზად, რომ გაზრდილი ტვირთები გაატაროს? მხოლოდ ფოთის პორტი საკმარისი იქნება, რადგან ჯერჯერობით ანაკლიის პორტის მშენებლობაში, ფაქტობრივად, წინსვლა არ არის?
– არის ძალიან ბევრი საკითხი, განსაკუთრებით, რკინიგზასთან დაკავშირებული. შეიძლება გქონდეს საკმაოდ გამტარუნარიანი პორტები და რკინიგზამ ვერ უზრუნველყოს ტვირთების მიტანა, თუკი ის ტექნიკურად არ გადაიარაღდა. ანაკლიის პორტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება. კერძოდ, ერთ-ერთი ინვესტორი უნდა იყოს ის, ვისაც აქვს ტვირთების დიდი მოცულობა. ჩინეთის გარეშე ანაკლიის პორტი ვერ დაიტვირთება, რადგან დიდი რაოდენობით ტვირთი აქვს გასატანი ჩინეთს დასავლეთის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით კი, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – ანაკლიის პორტში 51% დარჩება საქართველოს მთავრობას, ხოლო დანარჩენ 49%-ში გამოჩნდება სხვადასხვა ინვესტორი, რომელთა შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებლად უნდა იყოს ჩინეთი, რადგან პოტენციური ტვირთები ჩინეთს აქვს. ეს ეკონომიკურ კომპონენტს რაც შეეხება, ხოლო პოლიტიკურ კომპონენტს თუ გავითვალისწინებთ, ჩინეთის ჩართულობა არის გარანტია, რომ ანაკლიის პორტი დაცული იქნება რუსეთის ინტერვენციისგან. ასე რომ, ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს მომავლისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ტვირთები, რათა პორტი წამგებიანი არ იყოს. ასევე გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. შესაბამისად, გვჭირდება ისეთი ინვესტორი, რომელიც უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს და ტვირთებსაც. ასევე გვჭირდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დიდი რაოდენობით ტვირთის გატარება.
- საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ გაურკვეველ სიტუაციაში მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა სარისკოა. რა ნაბიჯებს გულისხმობთ, რა შეიძლება იყოს საქართველოსთვის სარისკო?
– საქართველოსთვის სარისკო გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგალითად, ის, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მოუწოდებს, რომ საქართველოს უარი ეთქვა ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. ჯერ ერთი, ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და აქვს ვეტოს უფლება, დანარჩენ 4 მუდმივ წევრთან ერთად. ჩინეთი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი გარანტორი. მართალია, ჩინეთი რუსეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს, მაგრამ გაეროში ჩინეთი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში საქართველოს მხარდამჭერია. ამიტომ დიდი შეცდომა იქნებოდა, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე რომ არ წავსულიყავით. გარდა ამ პოლიტიკური კომპონენტისა, როგორც მოგახსენეთ, მნიშვნელოვანია ჩინური ინვესტიციების მობილიზება, რადგან დღეს “შუა დერეფნის” გამოყენებით სწორედ ჩინეთია დაინტერესებული, რაკი რუსეთზე გამავალი დერეფანი დაბლოკილია. წარმოიდგინეთ, ომი რა სცენარითაც უნდა დამთავრდეს, რუსეთზე გამავალი დერეფანი მაინც მეტ-ნაკლებად უახლოეს პერიოდში მაინც ხომ ვერ აღდგება? სავარაუდოდ, ვერ აღდგება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში და ჩინეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან ვაჭრობა სჭირდებათ. ამიტომ “შუა დერეფანს” ნამდვილად დიდი პერსპექტივა აქვს.
- შევარდნაძის დროს, როდესაც მილსადენების პროექტზე ლაპარაკი დაიწყო, ელცინი გვემუქრებოდა, არ გაგვეკეთებინა. ახლა ასეთ მუქარებს და საფრთხეს გამორიცხავთ?
– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. ამას დიდი ამოცნობა არ სჭირდება. მას ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს და არავითარი ნიშანი არ იკვეთება საიმისოდ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დღეს მოსკოვთან სერიოზულად შეიძლებოდეს საუბარი. ამიტომ ფაქტი და მოცემულობაა, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და საფრთხეები მოსკოვიდან ყოველთვის იქნება ნებისმიერი მიმართულებით. ამიტომაც ჩინეთის ჩართულობა მსხვილი პროექტების განხორციელებაში სერიოზული გარანტიაა, რომ რუსული საფრთხე რეალობად არ იქცეს. რუსეთის ეკონომიკა დღეს სრულად მიბმულია ჩინეთის ეკონომიკაზე და ამიტომ ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭება მოსკოვს ხელს არ აძლევს.
რუსა მაჩაიძე, კვირის პალიტრა