საქართველოში ინდუსტრიული დატა ცენტრების ელექტრომოხმარება მკვეთრი ტემპებით იზრდება – ქვეყანაში არსებული დატა ცენტრები ძირითადად კრიპტოვალუტების გამომუშავებით არიან დაკავებული და ისინი თბილისის და ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში არის განთავსებული.
სემეკისთვის წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების გამომუშავება წელს სამჯერ გაიზარდა და მან იანვარ-ოქტომბერში 617 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. ეს მთლიანად ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 5%-ია.
კრიპტოვალუტების გამომუშავების მატება დაკავშირებულია ამ აქტივების ფასის მნიშვნელოვან მატებასთან.
რაც შეეხება უშუალოდ კომპანიებს – მოხმარებით პირველ ადგილზეა შპს ეიაიტექ სოლუშენი, რომელმაც 357 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. კომპანია ოპერირებს თბილისში, გლდანის დატა ცენტრში, სადაც წარსულში Bitfury ახორციელებდა მაინინგს.
ელექტროენერგიის მოხმარებით მეორე ადგილზეა კომპანია ტექსპრინტ კორპორეიშენი, რომელიც ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან ოპერირებს. კომპანიამ იანვარ-სექტემბერში 124 მილიონი კილოვატ საათი მოიხმარა.
მესამე პოზიციაზეა შპს თი ეფ ზი სერვისის, რომელმაც 104 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. თავის მხრივ, ეს კომპანია მაინინგით არ არის დაკავებული, თუმცა თიზ-ში არსებული სხვა მაინინგ კომპანიებისთვის ახდენს ელექტროენერგიის მიწოდებას. ასევე კომპანია აითილების მოხმარება 24.6 მილიონი კილოვატ საათი იყო, ხოლო კომპანია დატა ჰაბის მოხმარება კი 7.2 მილიონი კილოვატ საათი.