
საქართველოში პოლიტიკურ დაძაბულობას გავლენა არ მოუხდენია მომხმარებელთა ნდობაზე ან ბანკების მომგებიანობაზე – Fitch
- ეკონომიკა
- თებერვალი 27, 2025
- 39
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის საკრედიტო პროფილები მგრძნობიარეა პოლიტიკური და გარე ლიკვიდობის რისკების მიმართ. ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სუვერენულ და საბანკო საკრედიტო ტენდენციებს მიმოიხილავს.
Fitch აღნიშნავს, რომ პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მოვლენები, რომლებიც ხაზს უსვამს გარე დაუცველობასა და პოლიტიკის სისუსტეებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს (BB/უარყოფითი), სომხეთის (BB-/სტაბილური) და აზერბაიჯანის (BBB-/სტაბილური) სუვერენული საკრედიტო პროფილებისთვის.
სააგენტო მიუთითებს, რომ საქართველოში პოლიტიკური რისკების მკვეთრმა ზრდამ, რომელსაც თან ახლდა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების პოზიციის შესუსტება, ხელი შეუწყო Fitch-ის მიერ 2024 წლის დეკემბერში პერსპექტივის სტაბილურიდან ნეგატიურამდე შემცირებას. სააგენტო აღნიშნავს, რომ საგადამხდელო ბალანსის ნაკადები, განსაკუთრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და პოლიტიკის პასუხები საკვანძო იქნება რეზერვების მშენებლობისთვის.
სომხეთში, მთიანი ყარაბაღიდან დაახლოებით 65 000 ლტოლვილის ინტეგრაციის ხარჯები და უფრო მაღალი სამხედრო ხარჯები გამოიწვევს ექსპანსიურ ფისკალურ პოლიტიკას, რაც გაზრდის ვალის დონეს. ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ვალუტის შესუსტება საფრთხეს შეუქმნის ვალის დინამიკას, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ვალის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით.
Fitch აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ძლიერი საგარეო ბალანსი აგრძელებს მისი საკრედიტო რეიტინგის მხარდაჭერას. Fitch მოელის, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული ძლიერი სუვერენული საგარეო აქტივების შენარჩუნებასთან და მაკროეკონომიკური დისბალანსის დაგროვების თავიდან აცილებასთან ერთად, რაც უზრუნველყოფს ადეკვატური პოლიტიკის ბუფერების შენარჩუნებას ნავთობის ფასის არასტაბილურობის სამართავად. სააგენტოს თანახმად, შესადარ ქვეყნებთან მიმართებით აზერბაიჯანის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო სუსტი რჩება და შეზღუდულია კაპიტალის განუვითარებელი ბაზრებით, ჭარბი ლიკვიდურობით, დაბალი ფინანსური შუამავლობით და ჯერ კიდევ შედარებით მაღალი ფინანსური დოლარიზაციით.
Fitch მიუთითებს, რომ ამ მოვლენების მიუხედავად, სამივე ქვეყანაში საბანკო სექტორი მომგებიანი და ჯანსაღია.
“საქართველოში პოლიტიკურ დაძაბულობას არანაირი მატერიალური გავლენა არ მოუხდენია მომხმარებელთა ნდობაზე ან ბანკების მომგებიანობაზე. სექტორი სარგებლობს ძლიერი ეკონომიკური აქტივობით, ჯერ კიდევ შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და აქტივების ხარისხის გაუმჯობესებით”,- აღნიშნავს Fitch.
სომხეთში, Fitch-ი ელის, რომ საბანკო სექტორის სამწლიანი რეკორდული მაჩვენებლები გაგრძელდება. აზერბაიჯანზე კი მიუთითებს, რომ საბანკო სექტორის საქმიანობა 2019 წლიდან გაძლიერდა დოლარიზაციის შემცირებით და აქტივების ხარისხის გაუმჯობესებით.
შეგახსენებთ, 2024 წლის დეკემბერში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წელს ეს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინის რიგით მეორე ცვლილება იყო, რადგანაც ზაფხულში Fitch-მა რეიტინგის პროგნოზი “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა.