საქართველო კატართან სათბური აირებით ივაჭრებს
- ეკონომიკა
- მაისი 1, 2023
- 123
კატარის სახელმწიფო საქართველოში სათბური აირების შესყიდვით არის დაინტერესებული. საქართველომ და კატარის სახელმწიფომ უკვე გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობას გულისხმობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, მწვანე ტექნოლოგიების და ინვესტიციების განხორციელებასთან ერთად შემცირებული ემისიები ორ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო ვაჭრობის საგანი გახდება.
„ჩვენ მოვაწერეთ უკვე ხელი მემორანდუმს, რომელზეც ორი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა კატარის სახელმწიფოსთან. ეს არის ემისიებით ვაჭრობის შესახებ შესაძლებლობები ჩვენსა და კატარს შორის. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ახალი ინვესტიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოვა ამ სახელმწიფოდან სხვადასხვა სექტორში და რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თავის მხრივ შეამცირებს სათბური აირების გაფრქვევას, ეს შემცირებული სათბური აირები დაექვემდებარება საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმს და სწორედ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ იყიდოს ეს შემცირებული სათბური აირები.
საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, როგორც ახალი, კლიმატგონივრული ინვესტიციების შემოდინებას, იქნება ეს ენერგეტიკის სექტორი, თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სათბური აირების გაფრქვევის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, თანამედროვე, მწვანე ტექნოლოგიების და ინვესტიციების განხორციელებასთან ერთად შემცირებული ემისიები გახდება საერთაშორისო ვაჭრობის საგანი ორ სახელმწიფოს შორის.
ეს არის შესაძლებლობა სახელმწიფოთაშორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და ამავდროულად ბუნებრივია კერძო სექტორისთვის საინტერესო ვაჭრობის მექანიზმის შემოტანის თვალსაზრისით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთი შესაძლებლობები გააჩენს ახალ თანამშრომლობის ფანჯარას კერძო სექტორს შორის ურთიერთობისთვის ქართულ და კატარის სახელმწიფოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით“,-აცხადებს ნინო თანდილაშვილი.
ამჟამად დათვლილია საქართველოს 2019 წლის ემისიების მაჩვენებელი, რაც 9.4 გიგატონა CO2 ექვივალენტს შეადგენდა. 2018 წელთან შედარებით ემისიების ეს მოცულობა 7%-ით მეტი იყო, ხოლო 2013 წელთან შედარებით საქართველოს ჯამური ემისიები 37%-ით იყო გაზრდილი.
საიდან გაიფრქვა ეს სათბური აირები? – განაწილება სექტორების ჭრილში:
• ტრანსპორტი – 41%, ანუ 3.9 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• საყოფაცხოვრებო შენობების გათბობა – 21%, ანუ 2 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• მრეწველობა – 17%, ანუ 1.57 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• ენერგეტიკა – 15%, ანუ 1.45 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• სხვა კომერციული სექტორები – 5%, ანუ 0.4 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ამავე წელს მსოფლიომ 35 მილიარდი გიგატონა CO2 ექვივალენტი გააფრქვია, შესაბამისად, საქართველოს ემისები მსოფლიო გაფრქვევების მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა.
პარიზის კლიმატის შეთანხმებას 2015 წელს საქართველოც მიუერთდა. ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის დააფიქსიროს შემდეგი შედეგი: საქართველოს ემისიები 2030 წელს უნდა იყოს 1990 წლის ემისიებზე 35%-ით ნაკლები.