საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებია. ცოტნე ებრალიძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს და მას მისივე მოადგილე დავით გალუაშვილი შეცვლის.
ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, დავით გალუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდის მენეჯმენტს 2023 წელს შეუერთდა, შიდა აუდიტის დარგში, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და შემდგომ დაწინაურდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდის თანახმად, დავით გალუაშვილის ბიოგრაფიაა:
“დავით გალუაშვილი, წლების განმავლობაში იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის და ოპერაციების დირექტორის პოზიციას „ბანკ ქართუში“. მის დაქვემდებარებაში, სხვადასხვა დროს, შედიოდა ბანკის ისეთი სტრუქტურული ერთეულები როგორიცაა კლიენტთა მომსახურების ცენტრი, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი, ბანკის ბექ-ოფისის დეპარტამენტი, მეთოდოლოგია, პლასტიკური ბარათების და პროცესინგის დეპარტემენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი. 1994-1997 წლებში კი მუშაობდა კომერციულ ბანკში „ნარიყალა“ და „საქართველოს ბანკში“.
დავით გალუაშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ფლობს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ გაცემულ პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატს,”- ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე.
ცოტნე ებრალიძე თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2019 წლის გაზაფხულიდან იკავებდა.
“ცოტნე ებრალიძე, თანაინვესტირების ფონდის დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართული ტურიზმის სფეროში არსებული პროექტების განვითარებაში და შესაბამისად 5 წლის მანძილზე იკავებდა მმართველი დირექტორის თანამდებობას ტურიზმისა და უძრვაი ქონების მიმართულებით, ხოლო 2019 წლის გაზაფხულიდან აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ცოტნე ებრალიძე მუშაობდა თიბისი ბანკში, კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. მან ფართო გამოცდილება დააგროვა უძრავი ქონების მიმართულებით, განსაკუთრებით კომპანია არსში მუშაობისას, ვინაიდან თავდაპირველად მუშაობდა მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ხოლო შემდეგ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანანმდებობაზე დაინიშნა. იქამდე, ცოტნე ებრალიძე მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიაში სინერჯი ჯგუფი, მრჩეველის პოზიციაზე. ებრალიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და მართვის მაგისტრის ხარისხს ლონდონის ბიზნეს სკოლიდან,”- ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე.
თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს დაფუძნდა და ის ენერგეტიკის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მიმართულებით ახორციელებს ინვესტიციებს.
bm.ge