გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, შატილში ახალი, თანამედროვე სტანდარტის ცენტრი აშენდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და ინვესტიციამ 4 000 000 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა, ფრენკ მორშელმა შატილში ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს. ღონისძიებას გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ესწრებოდნენ. „გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, შატილში ახალი, თანამედროვე სტანდარტის ცენტრი აშენდა, სადაც ვიზიტორები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ყველა მათთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტის, იმ ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომელიც ახასიათებს ამ კუთხეს. გერმანიის მთავრობასთან წლებია ვთანამშრომლობთ და უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მათი მხარდაჭერით. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და ამავდროულად, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩვენს ბუნებას გააჩნია ეკოტურისტული თვალსაზრისით, რათა მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, მეტი ვიზიტორი, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობას და მეტ შემოსავლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, შუასაუკუნოვანი კოშკებითა და უნიკალური ლანდშაფტებით, თანაბრად იზიდავს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. დაცული ტერიტორია მდიდარია მრავალფეროვანი ეკოსისტემებით, როგორიცაა: სუბ-ალპური ტყეები, ალპური მდელოები, კლდოვანი მთები, შთამბეჭდავი ხეობები და ტბები. იგი, ასევე, შუა საუკუნეების დროინდელი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითაც გამოირჩევა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი პროექტი წარმატებით განხორციელდა და ვიზიტორთა ცენტრი დაარსდა, რომელიც დაკომპლექტებულია რეინჯერებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვა თანამშრომლებით. დარწმუნებული ვარ, ვიზიტორთა ცენტრი მიიღებს სტუმრებს როგორც გერმანიიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. მჯერა, რომ შატილი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული მიმართულება გახდება”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა. ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ; გარდა ამისა, ადმინისტრაციას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს მოგზაურების მოთხოვნების იდენტიფიცირება და ეკოტურისტული პროდუქტების სწორად დაგეგმვა/განვითარება.
ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ აღნიშნა, რომ ახალი ვიზიტორთა ცენტრი კიდევ უფრო გაზრდის ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველობას, მეტი ვიზიტორი კი დადებითად აისახება შატილის მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაზე. |