
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი
- ეკონომიკა
- აპრილი 16, 2025
- 8
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე იყო. სავაჭრო ბრუნვა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან გასულ წელს 16.8%-ით გაიზარდა. შედეგად ჩინეთმა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში თურქეთის, რუსეთისა და აშშ-ის შემდეგ, მეოთხე ადგილი დაიკავა. ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებში მთავარი ადგილი კი იმპორტს უკავია.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნებს შორის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებელი 25.8%-ით, $279 მილიონი 319 ათას დოლარამდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდისთვის უმსხვილესი ქვეყნების რეიტინგში ჩინეთმა 7.8%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ შემთხვევაშიც ვაჭრობაში უმთავრესი წილი იმპორტზე მოდის, რაც იანვარ-თებერვალში 39%-ით 241.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან ძირითადად შემდეგ საქონელს ვყიდულობდით:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან – $9.7 მლნ, 12 744 ტონა;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები – $6.9 მლნ, 2 523 ტონა;
- მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები – $6.5 მლნ, 1 488 ტონა;
- სატვირთო ავტომობილები – $6 მლნ;
- შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები – $5.4 მლნ, 2 960 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები – $5.3 მლნ;
- ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები – $4.8 მლნ, 716 ტონა;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები – $4.7 მლნ;
- გემის დერიკ-ამწეები; ამწეები სხვადასხვა ტიპისა – $4.3 მლნ, 1 775 ტონა;
- ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით – $4.3 მლნ, 667 ტონა;
BM.GE-მ საქსტატიდან TOP-10 კომპანიის სია გამოითხოვა, რომლებსაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქონელი შემოჰქონდათ, კომპანიები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის:
სს არ ემ ჯი კოპერი;
შპს ალტა;
შპს ემტექნიკსი;
შპს თეგეტა მოტორსი;
შპს კორეან ელექტრონიქს;
შპს მაგთიკომი;
შპს მოდუსი;
შპს ნოვა;
შპს ომეგა;
შპს ჯი-თი გრუპ.
წლიურ ჭრილში 2022 წლის შემდეგ ჩინეთში ექსპორტი უარყოფით დინამიკით ხასიათდება, რაც ძირითადად სპილენძის მადნების გადაზიდვების შემცირებით არის განპირობებული. ეს პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ჩინეთში ადგილობრივი ექსპორტით გადის, ექსპორტის სტატისტიკაში წლების განმავლობაში პირველ ადგილს იკავებს.
ექსპორტის კლების ტენდენცია ნარჩუნდება 2025 წლის იანვარ-თებერვალშიც. ორ თვეში საქართველომ ჩინეთში საქონლის გაყიდვით 37.8 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. კლება 21.7%-ია. თუმცა ჩინეთი ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 4.5%-იანი წილით მეშვიდე ადგილს იკავებს. ამ პერიოდისთვის ჩინეთში გასაყიდი მთავარი საქონელი ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატებია, რაც წლიურად ასევე შემცირებულია.
TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $23.7 მლნ, 8 598 ტონა;
- მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები – $3.5 მლნ, 6 ტონა;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $3.3 მლნ, 1 834 ტონა;
- სანელებლები – $2.7 მლნ, 658 ტონა;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – $1.5 მლნ, 542 ტონა;
- დაუმუშავებელი ალუმინი – $933 ათასი, 421 ტონა;
- სპილენძის ნარჩენები და ჯართი – $589 ათასი, 94 ტონა;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული – $348 ათასი, 34 ტონა;
- სპილენძი რაფინირებული და შენადნობები სპილენძისა დაუმუშავებელი – $330 ათასი, 50 ტონა;
- ამოთხრის ან გაბურღვისთვის მანქანები და მექანიზმები – $278 ათასი.
მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან ჩინეთში ყველაზე მეტ საქონელს შემდეგი კომპანიები ყიდდნენ:
სს არ ემ ჯი კოპერი;
ბიემჯი
სს კაიშენ თრეიდინგი;
სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები;
შპს ასკანელი ძმები;
შპს ეჰე მედიკალი;
შპს კავკასიან მეტალს ტერმინალი;
შპს კოლხური დაფნა;
შპს ლეგომეტალ;
შპს მედსილქი;
შპს ჯეოეკო.