10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.

10 თვის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მთლიან ექსპორტში ამერიკაში ღვინის გაყიდვებზე მხოლოდ 2.2% მოდის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნიუ-იორკისა და კონექტიკუტის შტატებში, რვა უმსხვილესი სუპერმარკეტის ქსელში ქართული ღვინის დეგუსტაციები სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის CORUS SYSTEMS INC. ორგანიზებით გაიმართა.

„თითოეული ღონისძიების ფარგლებში, სუპერმარკეტებსა და გაყიდვების ობიექტების საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.

მათვე ცნობით, CORUS SYSTEMS INC.-ის ორგანიზებით, მაისის, ივნისის, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში, ქართული ღვინის 100-ზე მეტი წარდგენა გაიმართა, დეგუსტაციები დეკემბრის თვეშიც გრძელდება.

მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ორიენტირებულია მომხმარებელზე და მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა.

დეგუსტაციების პარალელურად, ბოლო 3 თვეში, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა არაერთ ღონისძიებაზე გაიმართა: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე Wines of Georgia Grand Tasting (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე Karakterre (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Orange Glou Fair (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე Amber Georgia (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Wine NYC (ნიუ-იორკი), San Diego Food + Wine Festival (სან-დიეგო), ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – V is for Vino.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტი 2009-2011 წლებში 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. 2012, 2013 წლებში კი ალკოჰოლური სასმლის გადაზიდვების შემცირება ფიქსირდებოდა. 2014 წლიდან უარყოფითი დინამიკა კვლავ დადებითი მიმართულებით შეიცვალა და ამის შემდეგ ექსპორტი წლების განმავლობაში იზრდება.

წლების განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა აშშ-ში:

  • 2024 წელი – $7.1 მლნ, 1 200 684 ლიტრი;
  • 2023 წელი – $5.6 მლნ, 906 512 ლიტრი;
  • 2022 წელი – $5.2 მლნ, 977 981 ლიტრი;
  • 2021 წელი – $4.9 მლნ, 776 922 ლიტრი;
  • 2020 წელი – $4.2 მლნ, 690 138 ლიტრი;
  • 2019 წელი – $2.9 მლნ, 475 744 ლიტრი;
  • 2018 წელი – $2.1 მლნ, 381 959 ლიტრი;
  • 2017 წელი – $1.7 მლნ, 335 134 ლიტრი;
  • 2016 წელი – $1.1 მლნ, 230 793 ლიტრი;
  • 2015 წელი – $1 მლნ, 197 960 ლიტრი;
  • 2014 წელი – $791 ათასი, 156 603 ლიტრი;
  • 2013 წელი – $716 ათასი, 156 072 ლიტრი;
  • 2012 წელი – $952 ათასი, 198 622 ლიტრი;
  • 2011 წელი – $1.2 მლნ, 261 073 ლიტრი;
  • 2010 წელი – $1 მლნ, 264 284 ლიტრი;
  • 2009 წელი – $1.4 მლნ, 340 977 ლიტრი.

 

აღსანიშნია, რომ 2009 წელს ღვინის ჯამურ ექსპორტში ამერიკაზე 4.6%-იანი წილი მოდიოდა; თუმცა 2013 წლისთვის, როდესაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფომ ამ მიმართულებით აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო ეს წილი 0.5%-მდე იყო შემცირებული. გასული 2024 წლის მონაცემებით კი ქართული ღვინის ჯამურ ექსპორტში ამერიკაში გადაზიდვებს 2.5% უკავია.

მსგავსი სიახლეები

მინისტრი: ქართული მეღვინეობის დარგი მზადაა ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს

მინისტრი: ქართული მეღვინეობის დარგი მზადაა ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშინგტონში და ნიუ იორკში ქართული ღვინის…
მიმართვა ევროკავშირს: „საქართველო მენტალურად და ემოციურად ევროპის  ნაწილია“

მიმართვა ევროკავშირს: „საქართველო მენტალურად და ემოციურად ევროპის ნაწილია“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ქალბატონ რობერტა მეცოლას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და…
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე

რამაზ აბესაძე, პროფესორი მართალია, ომი უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, მაგრამ მასში სხვადასხვა სახით (იარაღის მიწოდება, ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილების მიღება,…