9 რეაბილიტირებული და 4 გაკოტრებული კომპანია – როგორ მუშაობს პრაქტიკაში გადახდისუუნარობის ახალი კანონი?

9 რეაბილიტირებული და 4 გაკოტრებული კომპანია – როგორ მუშაობს პრაქტიკაში გადახდისუუნარობის ახალი კანონი?

გადახდისუუნარობის ახალი კანონის ამოქმედებიდან დღემდე 9 კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა, ხოლო 4 კომპანიის შემთხვევაში საქმე გაკოტრებით დასრულდა – ასეთია ახალი კანონის შედეგები სამი წლის თავზე.

კერძოდ, ახალი კანონის ამოქმედებიდან ანუ 2021 წლის 1 აპრილიდან დღემდე ბიზნესის მხრიდან გაკოტრება-რეაბილიტაციის დაწყებაზე სასამართლოში სულ 123 განაცხადია შესული, საიდანაც 46-ზე საქმის წარმოება დაიწყო. მათ შორის, რეაბილიტაციის რეჟიმით 18 საქმე, ხოლო გაკოტრების რეჟიმით – 28.

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ახალი კანონის ერთ-ერთი მთავარი დადებითი შედეგი ისაა, რომ უფრო მეტი ბიზნესი მიმართავს რეაბილიტაციის რეჟიმს. როგორც BRIPA-ს გამგეობის წევრმა, ნანა ამისულაშვილმა BMG-ის განუცხადა, თუკი ძველი კანონმდებლობით წამოწყებულ საქმეებში რეაბილიტაციის წილი მხოლოდ 10% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა.

ამასთან, მისი თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ გასულ პერიოდთან შედარებით რეაბილიტაციის საქმეები გაცილებით მცირე დროში სრულდება და სასამართლოს მხრიდან ძირითადად კანონით დადგენილი ვადები დაცულია.

„პირველი დადებითი რაც შედეგების გაანალიზებისას გამოიკვეთა ისაა, რომ ახალი კანონის მიხედვით, რეაბილიტაციის წილი გაკოტრების საქმეებთან მიმართებით გაზრდილია. თუკი ძველი კანონით ეს მაჩვენებელი 10% იყო, ახალი კანონით ეს 40%-ია. ასევე დადებითი შედეგია, რომ ახალი კანონის ფარგლებში საქმეების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუკი ადრე საქმეების დასრულებას 10 წელი სჭირდებოდა, ახლა ეს ვადა 1 წლამდეა შემცირებული. საინტერესოა, რომ ამ დროისთვის 18 რეაბილიტაციის საქმეა დასრულებული, ხოლო გაკოტრების – 4. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რეაბილიტაციისთვის კანონით განსაზღვრული ჩამკეტი ვადა კარგად მუშაობს“, – განაცხადა ნანა ამისულაშვილმა.

მისივე თქმით, გადახდისუუნარობის ახალ კანონთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ ბიზნესის მხრიდან შედარებით დაბალი მიმართვიანობაა.

„ახალი კანონის ამოქმედებიდან დღემდე ბიზნესის მხრიდან დაახლოებით 130-მდე განაცხადია წარმოდგენილი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმართვიანობა დაბალია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ისევ გარკვეულ სტიგმასთან გვაქვს საქმე, დამარცხების სტიგმასთან, როდესაც ბიზნესს სასტიკად არ უნდა ამ კანონის და რეაბილიტაციის პროცესის გაგონება. თუმცა რეაბილიტაციის მექანიზმი უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, რომ ეკონომიკა გავაჯანსაღოთ და ბიზნესი აღვადგინოთ“, – აღნიშნა ნანა ამისულაშვილმა.

ცნობისთვის, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონი 2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა და ახალი კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ ის მეტადააა ორიენტირებული რეაბილიტაციის გზით საწარმოს არსებობის შენარჩუნებაზე. ამასთან, ახალი კანონით განისაზღვრა და შემჭიდროვდა ის ვადებიც, რომლითაც უნდა მოხდეს რეაბილიტაციის გეგმის და პროცედურების წარმოება. მაგალითად, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებისთვის 9 თვეა განსაზღვრული.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…