EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა – როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა 2024-ში?
- ეკონომიკა
- იანვარი 21, 2025
- 5
საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მაჩვენებლის დამსახურებით, 2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტ-იმპორტის ჯამი წლიურად 14%-ით არის გაზრდილი.
ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი იმპორტის დამსახურებაა. საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი წილი სწორედ იმპორტზე მოდის, რომელიც გასულ წელს ექსპორტს 8-ჯერ აღემატებოდა.
2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მთლიან ექსპორტში 8.7%-იანი წილი ჰქონდათ, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტში EU-ს წილი გაიზარდა და 27.2% იყო.
EU-დან იმპორტი
2024 წელს ევროკავშირიდან იმპორტმა 4.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 20%-ით აჭარბებს.
იანვარ-ნოემბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები – $810.5 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $452.3 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $297.6 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები – $116.2 მლნ;
- საფრენი აპარატები სხვა – $98.2 მლნ.
ბოლო 5 წლის მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან იმპორტი მზარდია და ასე გამოიყურება:
- 2020 წელი – $1.9 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 23.9%;
- 2021 წელი – $2.3 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 22.9%;
- 2022 წელი – $3.1 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 22.6%;
- 2023 წელი – $3.8 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 24.5%;
- 2024 წელი – $4.6 მლრდ/წილი მთლიან იმპორტი 27.2%.
ექსპორტი EU-ში
საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა 573.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-იან კლებას წარმოადგენს და 2016 წლის შემდეგ ($550.5 მლნ) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში მცირდებოდა, გასულ წელს კი პირველად ჩამოსცდა 10%-იან ნიშნულს.
ბოლო 5 წელში, EU-ში ექსპორტი და მთლიან ექსპორტში წილი შემდეგია:
- 2020 წელი – $717.2 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 21.5%;
- 2021 წელი – $717.1 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 16.9%;
- 2022 წელი – $862.5 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 15.5%;
- 2023 წელი – $704.5 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 11.6%;
- 2024 წელი – $573.6 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 8.7%.
2024 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული კი ასე გამოიყურება:
- თხილი და სხვა კაკალი – $64.3 მლნ დოლარი;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $56.1 მლნ დოლარი;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $54.8 მლნ დოლარი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $37.1 მლნ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – $33.8 მლნ დოლარი.
EU-ში ადგილობრივი ექსპორტი
10 წელზე მეტია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს.
DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 761.6 მლნ დოლარს, 2022 წელს მიაღწია, 2023 წელს 20%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 15.9% შეადგინა.
უფრო დეტალურად, DCFTA-ს პირობებში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა ასეთია:
- 2014 წელი – $408 მლნ
- 2015 წელი – $534 მლნ
- 2016 წელი – $492 მლნ
- 2017 წელი – $558 მლნ
- 2018 წელი – $612 მლნ
- 2019 წელი – $735 მლნ
- 2020 წელი – $642 მლნ
- 2021 წელი – $659 მლნ
- 2022 წელი – $762 მლნ
- 2023 წელი – $609 მლნ
- 2024 წელი – $477 მლნ