III კვარტალში დასაქმების ბარომეტრი წლიურად გაუმჯობესდა, თუმცა 2023 წლის მაჩვენებელთან გაუარესებულია – BAG ინდექსი

III კვარტალში დასაქმების ბარომეტრი წლიურად გაუმჯობესდა, თუმცა 2023 წლის მაჩვენებელთან გაუარესებულია – BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნესს ასოციაციის (BAG) ინდექსის მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ. BAG-ის დასაქმების ბარომეტრმა 32.4 ქულა შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 0.8 ქულით, ხოლო 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 3.5 ქულით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი, რომელიც კომპანიების მოლოდინს ასახავს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით გაუარესებულია. 2023 წლის მესამე კვარტალში ბარომეტრმა 43.9 ქულა შეადგინა.

მიმდინარე წლის III კვარტალში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია. წინა კვარტალთან შედარებით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა მომსახურების (10.5 ქულით), ვაჭრობის (2.6 ქულით) და მრეწველობის (2.4 ქულით) სექტორებში, ხოლო გაუარესდა მშენებლობის (34.5 ქულით) სექტორში.

დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში კომპანიათა 23%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც ჩამორჩება როგორც წინა კვარტალის მაჩვენებელს, ასევე წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს. ხოლო 2025 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა 21% გეგმავს.

სექტორების მიხედვით, III კვარტალში, კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა მშენებლობის სექტორში (33%) გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება. 2025 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სექტორში (30%) გეგმავს.

გამოკითხულ კომპანიათა შორის, მათ ვინც 2025 წლის III კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (93%) დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა, ხოლო დანარჩენმა კომპანიებმა (7%) დასაქმებულთა ანაზღაურება 21-40%-ით გაზარდეს.

მეთოდოლოგია: BAG დასაქმების ბარომეტრის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს -100–დან +100– მდე. -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოელის დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო +100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

BAG -ის ინდექსი საქართველოს ბიზნესს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნესს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.

BAG ბიზნესს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტალებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტალისთვის. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევ­­რები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახუ­რება, მრეწველობა და მშენებლობა. 2025 წლის მესამე კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 19 აგვისტო – 11 სექტემბრის პერიოდში.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…