IMF საქართველოს $38 მილიონის რესურსს გამოუყოფს – პროგრამის I მიმოხილვა
- ეკონომიკა
- ნოემბერი 7, 2022
- 111
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $38 მილიონს მიიღებს – ამას ფონდის მისიასა და საქართველოს მთავრობას, ასევე ეროვნულ ბანკს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს. საუბარია 30 მილიონ SDR-ზე, რომლის საბაზრო ღირებულებაც ამჟამად 38 მილიონი დოლარია.
ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული.
ამასთანავე, ფონდი საქართველოს მთავრობას ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
“საქართველოს ხელისუფლებასთან პროდუქტიული განხილვების შედეგად მიღწეულია ტექნიკური შეთანხმება მისიასა და ხელისუფლებას შორის პირველ მიმოხილვასთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ეს გადაწყვეტილება წარედგინე აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს და დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მიმოხილვის დასრულება 30 მილიონი SDR-ის გამოყოფას გულისხმობს, რაც დოლარებში არის 38 მილიონი დოლარი.
2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე წარსულში მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომით გამოწვეული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების ზრდამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და ფისკალური შემოსავლების მატება განაპირობა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეამცირა და ლარი გააძლიერა, ამასთან ხელი შეუწყო სავალუტო რეზერვების დაგროვებას. დაკრედიტების ზრდა შენელდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, სასაქონლო ჯგუფებზე ჯერ კიდევ მაღალი ფასებისა და ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო. საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ომის ფინანსურ სექტორზე გავლენის შეზღუდვას ხელი შეუწყო, მათ შორის ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოეთხოვათ.
2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10%-ია, ხოლო წლის ბოლოს წლიური ინლფაცია 10.5% იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით 5%-ს დაუახლოვდება. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, 3%-იან მაჩვენებელზე 2024 წელს შემცირდება.
პირველი მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი: ინფლაციის, ფისკალური და საერთაშორისო რეზერვების ჩათვლით დაკმაყოფილებულია. ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას, ფინანსურ ზედამხედველობას, სახელმწიფო ინვესტიციების მართვას და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასებას. ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ისეთი სქემა, რომელიც თავის მხრივ ფისკალურ რისკებს შეზღუდავს. ასევე პროგრესია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველობის რეფორმის მიმართულებით.
გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სტრუქტურულ რეფორმებზე მტკიცედ ორიენტირებული უნდა დარჩეს,” – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.