COST-თან თანამშრომლობა და საბიბლიოთეკო შენაძენი
- თსუ
- ივლისი 22, 2022
- 157
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის
აკადემიის და ორგანიზაციის -„ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და
ტექნოლოგიებში“ (COST) ყოფილმა პრეზიდენტმა, უტრეხტის უნივერსიტეტის
(ჰოლანდია) პროფესორმა სირდ ქლოეთინგმა პირადი კოლექციიდან 5000-ზე მეტი
წიგნი გადასცა. გეოლოგიის მიმართულებით 5000-ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეული
თსუ IX კორპუსში პროფესორ სირდ ქლოეთინგის სახელობის აუდიტორიაში
განთავსდა, რომელიც თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, პროფესორმა სირდ
ქლოეთინგმა, COST-ის ხელმძღვანელმა, რონალდ დე ბრუნიმ, თსუ ბიბლიოთეკის
ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის
დირექტორმა, თსუ პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ ერთობლივად გახსნეს.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა თსუ მინერალოგიის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც
თსუ სტუდენტმა პროფესორ სირდ ქლოეთინგს ექსპედიციაში მოპოვებული
ობსიდიანის ქვა საჩუქრად გადასცა.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით,
მინერალოგიის დარგი უნივერსიტეტში ათეულ წლებს ითვლის. ჯერ კიდევ 1919
წლიდან ეყრება მას საფუძველი ალექსანდრე თვალჭრელიძის ხელმძღვანელობით და,
შესაბამისად, მდიდარი ბიბლიოთეკა არსებობს ამ მიმართულებით. თუმცა, მისი
განმარტებით, ახალი კოლექცია არის განსაკუთრებული და გამორჩეული. იგი
მინერალოგიის მიმართულებით უცხოენოვანი და თანამედროვე ლიტერატურაა, რაც
უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, მკვლევრებისათვის,
მეცნიერებისათვის ძვირფასი შენაძენია.
ვიზიტის ფარგლებში COST-ის ხელმძღვანელ რონალდ დე ბრუნთან და პროფესორ
სირდ ქლოეთინგთან შეხვედრა გამართეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და
ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ქართველი
მეცნიერებისა და მკვლევრების COST-თან სამომავლო თანამშრომლობის
პერსპექტივებზე ისაუბრეს. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ახალი
საბიბლიოთეკო კოლექცია მნიშვნელოვანი შენაძენია უნივერსიტეტისთვის, რომელიც
სტუდენტებსა და მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ თანამედროვე
ლიტერატურას გეოლოგიაში. ამასთან, მისივე თქმით, ეს არის საჩუქარი მეცნიერისგან,
რომელიც საქართველოს დიდი გულშემატკივარია, სწორედ მისი პრეზიდენტობის
დროს გაწევრიანდა საქართველო COST-ში და გაიხსნა ევროპის აკადემიის რეგიონული
წარმომადგენლობა. „ვისაუბრეთ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
პროექტები, რომლებსაც მკვლევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
წარადგენენ COST-ში, ხელს შეუწყობს კვლევის ხარისხის ამაღლებას და ევროპულ
უნივერსიტეტებთან ახალი თანამშრომლობის საფუძველი გახდება,“ –
განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ევროპის აკადემიის და COST-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, უტრეხტის უნივერსიტეტის
პროფესორმა სირდ ქლოეთინგმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტისთვის წიგნების გადაცემა ქართველ კოლეგებთან მუდმივმა კავშირმა
განაპირობა. „ეს საუკეთესო ადგილია ჩემი კოლექციის გადასაცემად. მოხარული ვარ,
რომ ასე კარგად მოეწყო ბიბლიოთეკა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაეცნონ
ამ წიგნებს. ამასთან, დღეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მრავალი შესაძლებლობა
მომავალი კოლაბორაციისათვის ქართველ და ევროპელ მეცნიერებს შორის. ძალიან
სასიამოვნოა, რომ საქართველო გახდა COST-ის წევრი ქვეყანა. ეს ქართველ
მეცნიერებსა და სტუდენტებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო
სკოლებსა და ტრენინგებში, უკეთ გაეცნონ ევროპულ სამეცნიერო სამყაროს. ეს მათ
მისცემს დიდ გამოცდილებასა და შესაძლებლობას სამომავლო სამეცნიერო-კვლევით
გრანტებში მიიღონ დაფინანსება, რადგან ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი მთავარი და
უდიდესი ფონდია ასეთი კვლევების დაფინანსების კუთხით“,- განაცხადა სირდ
ქლოეთინგმა.
ახალ სამეცნიერო შესაძლებლობებზე ისაუბრა COST-ის დირექტორმა რონალდ დე
ბრუნიმ. მისივე განმარტებით, საქართველოში ვიზიტის მიზანია თანამშრომლობის
გაღრმავება ქართულ სამეცნიერო საზოგადოებასა და COST-ს შორის. „ჩვენს
ორგანიზაციაში 14 ქვეყანაა, მათ შორისაა უკვე საქართველოც. ორგანიზაცია საშუალებას
აძლევს წევრებს დაამყარონ კავშირები, ახალი შესაძლებლობები შეუქმნან არა მხოლოდ
ახალგაზრდა მკვლევრებს, არამედ უკვე წარმატებული კარიერის მქონე მეცნიერებს
თავიანთი გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცენ,“ – განაცხადა COST-ის
დირექტორმა.
საქართველო ორგანიზაციის „ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და
ტექნოლოგიებში“ (COST) წევრი 2021 წელს გახდა.