2026 წლის დასაწყისიდან დიდი ბრიტანეთი ეტაპობრივად ელექტრონული ვიზის (eVisa) სისტემას ნერგავს.
e-Consul-ის ინფორმაციით, აღნიშნული მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს როგორც ახალი განმცხადებლებისთვის, ისე მათთვის, ვისაც უკვე აქვს მიღებული „სტიკერ-ვიზა“.
ვის ეხება ცვლილება?
ახალი წესი ეხება დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ყველა მსურველს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლისთვის ციფრული ნებართვა eVisa ან ETA (Electronic Travel Authorisation) – დასჭირდებათ.
ახალი განმცხადებლები: 2026 წლიდან ახალი განმცხადებლები ეტაპობრივად მიიღებენ ელექტრონულ ვიზას ტრადიციული სტიკერ-ვიზის ნაცვლად. ეს ეხება სასწავლო, სამუშაო და სხვა ტიპის ვიზებს.
არსებული „სტიკერ-ვიზის“ მფლობელები: თუ თქვენ უკვე ფლობთ სტიკერ-ვიზას (ანუ პასპორტში ჩაკრულ ვიზას) და 2026 წელს გეგმავთ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ვიზის პორტალზე.
როგორ უნდა დარეგისტრირდნენ არსებული ვიზის მფლობელები?
არსებული სტიკერ-ვიზის მფლობელებისთვის მოქმედებს მარტივი, ორსაფეხურიანი პროცედურა:
ანგარიშის შექმნა UKVI-ის (United Kingdom Visas and Immigration) პორტალზე.
არსებული სტიკერ-ვიზის აქტივაცია ახალ ციფრულ სისტემაში.
ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, მოგზაურობისას თქვენ უნდა წარადგინოთ როგორც არსებული სტიკერ-ვიზა, ისე აქტივირებული ელექტრონული ვიზის ჩანაწერი (ციფრული დადასტურება).
დიდი ბრიტანეთი საიმიგრაციო სისტემის სრულ დიგიტალიზაციას იწყებს. მთავრობის განცხადებით, ეს ცვლილება საზღვრის კონტროლის გაძლიერებას, უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და, ამავდროულად, მოგზაურობის პროცედურის გამარტივებას ემსახურება.
გაითვალისწინეთ: 2026 წლის 25 თებერვლიდან, 85-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ვიზისგან გათავისუფლებული) მოქალაქეებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის, დასჭირდებათ ETA (Electronic Travel Authorisation). ETA არ არის ვიზა, არამედ ციფრული ნებართვა მოგზაურობისთვის, რომელიც პასპორტთან ციფრულად არის დაკავშირებული.