დაცული ტერიტორიების სააგენტო 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებას გეგმავს

დაცული ტერიტორიების სააგენტო 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებას გეგმავს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, სააგენტო 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებას გეგმავს, სადაც სამომავლოდ მცირე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მისივე თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მოახდინოს ტურისტული სერვისებისა და ნაკადების დივერსიფიცირება და კიდევ უფრო გააძლიეროს დაცული ტერიტორიების ტურისტული პოტენციალი. სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი უწყებამ 12 დეკემბერს გაავრცელა, თუმცა დაკონკრეტებული არ იყო რომელი დაცული ტერიტორიები როდის შეიქმნება. BM.GE-მ დასაზუსტებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართა.

მათი ინფორმაციით, 6 დაცული ტერიტორიის შესაქმნელად მუშაობა უკვე დაწყებულია და პროცესის ძირითადი ნაწილის დასრულება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს მუშაობას დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოების მიმართულებით. 2025 წლის განმავლობაში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს 7 რეგიონში: რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში.

კერძოდ:

  • რაჭა – დაგეგმილია რაჭის ეროვნული პარკის გაფართოება 4 759 ჰექტარით; ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში შეიქმნება ხუთი ბუნების ძეგლი, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება 50 240.4 ჰექტარის ფართობის დაცული ლანდშაფტი.
  • ლეჩხუმი – დაგეგმილია ეროვნული პარკის დაარსება 15 701 ჰა ფართობზე, ბუნების ძეგლებისა და აღკვეთილის დაარსება.
  • გურია – მიმდინარეობს სამუშაოები დაცული ტერიტორიების გაფართოების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
  • სვანეთი – დაგეგმილია სვანეთის დაცული ტერიტორიის დაარსება ჯამში 80 356 ჰექტარზე, რომელიც მოიცავს ორი ეროვნული პარკის და ბუნების ძეგლებს შექმნას.
  • სამეგრელო – დაგეგმილია ეგრისის ეროვნული პარკის დაარსება 39 846 ჰექტარზე.
  • კახეთი – გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, დაახლოებით 40 000 ჰექტარ ფართობზე, დაგეგმილია ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის დაარსება.
  • იმერეთი – რიონის აღკვეთილის დაარსება 558 ჰა ფართობზე

ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის დაცული ტერიტორიების ქსელს და ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მდგრად მართვას.

ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება და არსებული ტერიტორიების გაფართოება ეტაპობრივად იგეგმება. ძირითადი ნაწილი 2026 წლის ბოლომდე დასრულდება. 2025 წლის განმავლობაში მიმდინარეობს კვლევითი, საკანონმდებლო და დაგეგმვის სამუშაოები, რის შემდეგაც, შესაბამისი პროცედურების დასრულების პარალელურად, მოხდება თითოეული დაცული ტერიტორიის ეტაპობრივი შექმნა და განვითარება, მათ შორის ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

BM.GE ასევე დაინტერესდა რამდენით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი და რა თანხები დაიხარჯება ბიუჯეტიდან ამ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაზედაც სააგენტოში გვიპასუხეს:

2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 929 996 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.34%-ია.
ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისა და არსებული ტერიტორიების გაფართოების შედეგად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 220 000 ჰექტრით გაიზრდება და 1 150 000 ჰექტარს მიაღწევს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 16.4%-ს შეადგენს“.

რაც შეეხება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო ფინანსურს რესურსს, უწყებაში ჯერ კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებენ და განმარტავენ, რომ თავდაპირველად აღნიშნული ტერიტორიების პოტენციალის კომპლექსური კვლევა ჩატარდება და შემუშავდება განვითარების გეგმები.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, სახელმწიფო მხარდაჭერის გარდა, წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სააგენტოს აქტიურად უჭერენ მხარს ისეთი დონორი ორგანიზაციები, როგორებიცაა კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), KfW, Global Conservation და სხვა პარტნიორები. აღნიშნული მხარდაჭერა მოიცავს როგორც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემების გაძლიერებას. ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პარალელურად განხორციელდება აღნიშნული ტერიტორიების პოტენციალის კომპლექსური კვლევა, მათ შორის ეკოტურისტული შესაძლებლობების დეტალური შეფასება. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება კონკრეტული განვითარების გეგმები, რაც უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს პასუხში.

მსგავსი სიახლეები