იანვარში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 28 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი კახეთში

იანვარში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 28 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი კახეთში

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს. როგორც სააგენტო იტყობინება, სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.

უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

“ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 – სამცხე-ჯავახეთის, 1 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 4 – ქვემო ქართლის, 10 – კახეთის, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 2 – გურიის, 5 – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი და 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.

სამართალდარღვევებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 3 ფაქტი, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში”, – იტყობინება ეროვნული სატყეო სააგენტო.

ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში, ჯამურად ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების საქმიანობა. ე.წ. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობამ ჯამში 1 706 კუბური მეტრი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები