„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორის გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირება უშუალოდ ფერმერებზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ მან ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
„შეცვლილი ტარიფი ფერმერებს ტვირთად არ დააწვებათ, რადგან მათ გვერდით სახელმწიფო დგას. ცვლილებები განხორციელდა სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირებაში – თუ აქამდე სუბსიდია მიმართული იყო „საქართველოს მელიორაციისკენ“, შეცვლილი მიდგომით ფინანსური მხარდაჭერა უშუალოდ ფერმერებზე იქნება ორიენტირებული. ახალი მიდგომის პირობებში ფერმერები არ იგრძნობენ ფინანსურ წნეხს, ისარგებლებენ სარწყავი წყლით და შეუფერხებლად შეძლებენ მიწების დამუშავებას“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ სარწყავი სეზონის დაწყებამდე დმანისში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელშეკრულებების ადგილზე გაფორმებას შეძლებს.
2025 წლის ბოლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ პირველადი წყალმოსარგებლის შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები დაადგინა.
ახალი რეგულაცია განსაზღვრავს, თუ რა ფასს გადაიხდიან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები, ენერგეტიკული სექტორი და ფერმერები წყლის მიღებაში. ახალი ტარიფები 2026 წლის აპრილიდან ამოქმედდება. ტარიფები დაყოფილია მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით.
1. საბითუმო და საცალო მიწოდება (გამრიცხველიანებული):
სხვა საცალო მომხმარებლებისთვის: (გარდა ენერგოპროექტებისა) — 0.070 ლარი/$m^3$.
2. სოფლის მეურნეობა (გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლები):
იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც წყლის მრიცხველი არ აქვთ დამონტაჟებული, გადასახადი მორწყვის ოპერაციების მიხედვით დაწესდა:
ერთწლოვანი კულტურები: 98.77 ლარი ყოველ ჰექტარზე (ერთი მორწყვა).
მრავალწლოვანი კულტურები: 86.45 ლარი ყოველ ჰექტარზე (ერთი მორწყვა).
სპეციალური ტარიფი ელექტროენერგიის წარმოებისთვის
განსხვავებული მიდგომაა გამოყენებული იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც წყალს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებენ. მათი გადასახადი ფიქსირებული არ არის და სპეციალური ფორმულით დაითვლება.
ფორმულა ითვალისწინებს ბაზრის ოპერატორის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის გასაყიდ და შესყიდვის ფასებს, ასევე კონკრეტულ თვეში გამომუშავებული ენერგიის რაოდენობას. ეს ნიშნავს, რომ წყლის საფასური პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პერიოდში ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულებაზე.