სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული მოხელეების განცხადებები, რომლებიც „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული მოხელეების განცხადებები, რომლებიც „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

მასალა განახლებადია

 

 

„ქართველი ოცნების“ 28 ნოემბერს გაცხადებულ გადაწყვეტილებას – 2028 წლამდე შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი, პროტესტი მოჰყვა სახელმწიფო უწყებებშიც. პირველი სამინისტრო, სადაც საჯარო მოხელეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, რასაც შემდეგ მოჰყვა განათლების, თავდაცვის სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული საჯარო მოხელეთა პროტესტი.

განცხადებიდან გამიჯვნა, ძალადობის დაგმობა და პროევროპული კურსის ერთგულება – ამ სამი ძირითადი გზავნილით ერთიანდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები. თითქმის ყველა განცხადებაში, რომლებსაც ხელს სხვადასხვა საჯარო დაწესებულების თანამშრომლები უერთდებიან მთავარი განცხადებაა – „ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა“.

სამინისტროებში დასაქმებული ადამიანების ნაწილის ერთობლივი განცხადებების გარდა ასევე არსებობს 80-ზე მეტ უწყებაში, იქნება ეს სამინისტროები, სსიპ-ები თუ აიპები, დასაქმებული ადამიანების განცხადებები.

საჯარო სექტორში გაჩენილ პროტესტს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სექტორში დაწყებული მოძრაობა ნელ-ნელა მთლიანად საქართველოს მოიცავს. „ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, სადაც ყველაზე მეტად ემსახურებიან სახელმწიფოს, საქართველოს მომავალსა და ინტერესებს, პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, ვინც პროდასავლურ პროტესტში არიან ჩართულნი, მათ შორის საჯარო მოხელეებს და პედაგოგებს, წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ. ეს შეფასებითი განცხადება მან 2 დეკემბერს გააკეთა, მეორე დღეს 3 დეკემბერს კი განაცხადა, რომ თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა – „ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას მოქმედებას და გვექნება რეაგირება“.

BM.GE უწყებების მიხედვით საჯარო მოხელეთა განცხადებებს გთავაზობთ, რომელთა ხელმომწერთა რიცხვი მუდმივად განახლებადია:

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ემიჯნებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება „არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს”.

 

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, მმართველი ძალის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ის არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ეს განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

 

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 40-ზე მეტი მოქმედი თანამშრომელი ერთობლივგანცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთგული რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების. საჯარო მოხელეები მიუთითებენ, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა.

 

  • “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის თანამშრომლებიც ემიჯნებიან. საჯარო განცხადება ღიაა და სებ-ის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, შეუერთდეს. განცხადების ხელმომწერებს შორის არის სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი.

 

  • “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, შემოსავლების სამსახურის 200-მდე მოქმედი თანამშრომელიც ემიჯნება. სია განახლებადია.

 

 

  • სამინისტროებთან ერთად საქსტატში, ეროვნული ბანკში, comcom-ში, პარლამენტში, სემეკში და სხვა სახელმწიფო სსიპ-ებსა თუ აიპებში დასაქმებულთა ნაწილი საჯაროდ აცხადებენ, რომ გმობენ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის არაპროპორციული ზომებით დარბევას. ამ განცხადებას 80-ზე მეტი უწყებიდან 370 საჯარო მოხელე უერთდება და ხელს აწერს. თუმცა მათი რიცხვი მზარდია და თავისი პოზიციის გამოხატვა და ამ განცხადებასთან მიერთება ყველას შეუძლია.

 

იმის ნახვა რამდენი საჯარო მოხელე ემიჯნება თითოეულ უწყებაში “ოცნების” გადაწყვეტილებას, მასალაში გალინკულ ბმულებზეა შესაძლებელი.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…