100 მილიონზე მეტს ვხარჯავთ იმაში, რომ წყალ-წყალა ღვინოები გამოვუშვათ – სამანიშვილი რთველის სუბსიდირებაზე

100 მილიონზე მეტს ვხარჯავთ იმაში, რომ წყალ-წყალა ღვინოები გამოვუშვათ – სამანიშვილი რთველის სუბსიდირებაზე

„14 მილიონს მარკეტინგში ვხარჯავთ იმისთვის, რომ გაიზარდოს ღვინის ცნობადობა, ხარისხი, გაყიდვები წინ წავიდეს, 100 მილიონზე მეტს ვხარჯავთ იმაში, რომ გამოვუშვათ უხარისხო ყურძენი და გამოვიდეს წყალ-წყალა ღვინოები“,-ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მეღვინეობის ექსპერტმა გიორგი სამანიშვილმა რედაქტ2-თან ინტერვიუში რთველის სუბსიდირებაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობა რთველს სავარაუდოდ წელსაც დაასუბსიდირებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი 60 მილიონი ლარის შესყიდვაზე, რომლითაც რთველის განმავლობაში 60-70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა არის დაგეგმილი, თუმცა რამდენს დაამატებს მთავრობა შესყიდვის ფასს, ჯერ უცნობია. 2022 წელს მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო.

გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ რთველის სუბსიდირება უნდა გაჩერდეს და ამას მთავრობაში თამამი გადაწყვეტილების მიმღები სჭირდება.

„სახელმწიფო ყიდულობს ყურძენს, ამას ყიდულობენ კერძო კომპანიები. უხარისხო ყურძნიდან საშუალო ხარისხის ღვინო მზადდება, რომელიც წარმატებით იყიდება ჩრდილოეთის მიმართულებით. რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვართ. სუბსიდირება ცალსახად უნდა გაჩერდეს. მე არ ვიცი ადამიანი, ვინც ასე არ თვლის, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გამოჩნდა ვერავინ, ვინც აიღებს თავის თავზე და დაიწყებს მაინც ამ პროცესის შენელებას. სამწუხაროდ, ჯერ არავის, ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ, რომ ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ ამ პროცესიდან.

ის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეს გაცილებით მაღლაა, ვიდრე ღვინის ეროვნული სააგენტო. ის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უბრალოდ ვერ ხვდება რამხელა დანაშაულია ამხელა ფულის გადაყრა და უხარისხობის წახალისება“,-აცხადებს სამანიშვილი.

კითხვაზე, ღვინის ეროვნულ სააგენტოში მისი ხელმძღვანელობის დროს არსებობდა თუ არა სტრატეგიული ხედვა სუბსიდირებიდან გამოსვლის, სამანიშვილი ასე გვპასუხობს:

„როცა მე დავინიშნე [2024 წელი], სუბსიდირება უკვე არსებობდა. 2015 წელს ჩვენ შევამცირეთ სუბსიდირება. ამის გამო მიტინგებიც კი იყო კახეთში, თუმცა მაშინ არ შეგვეშინდა, რადგან მინისტრი, რომელიც კურირებდა ამ საქმეს, მან თქვა, რომ თუ ეს სწორია, ასე უნდა გავაკეთოთ და წავედით ამ გზით. თამამი გადაწყვეტილების მიმღები სჭირდება ამ საქმეს.

2015 წელს შევამცირეთ სუბსიდირება. 2016 წელს ღვინის მიმართულებით სუბსიდირება აღარ იყო. სამწუხაროდ 2017 წელს, ჯერ კიდევ მე ვიყავი სააგენტოს თავმჯდომარე, ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება, ისევ დაბრუნდა სუბსიდირება და იმის შემდეგ, რატომღაც ყველა კმაყოფილია. არავინ საუბრობს შემცირებაზე, რადგან ეს გამოიწვევს ხალხში უკმაყოფილებას. შიში განაპირობებს იმას, რომ მოჯადოებულ წრეზე შევედით“.

სამანიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რას შეცვლის ბაზარზე და სექტორში რთველის სუბსიდირებიდან სახელმწიფოს გასვლა.

„პირველი შედეგები არ იქნა კარგი. ყურძნის ფასი მოიკლებს, რადგან ბაზარი დაარეგულირებს ფასებს. კარგი ყურძენი ძვირი იქნება, დაბალ ხარისხიანის მოიკლებს. ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ ამის შემდეგ მეღვინეს ექნება არჩევანი იყიდოს კარგი ყურძენი კარგი ღვინისთვის, ან წყალწყალა ყურძენი, საშუალო ხარისხის ღვინისთვის. დამატებით იქნება 100 მლნ ლარი ყოველ წელს გამოთავისუფლებული სუბსიდირებიდან“,-აცხადებს მეღვინეობის ექსპერტი.

მსგავსი სიახლეები

დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს – როდის იგეგმება ტრასების გახსნა?

დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს –…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ინფორმაციით, ბაკურიანში, დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები…
საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს გამოყოფს

საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს…

საქართველოს მთავრობის 16 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება გამოყოს 10,000 დოლარი ნებაყოფლობითი შენატანის სახით უღარიბესი…
10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…