“ტავ ურბან საქართველო” საქართველოს უმსხვილესი – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორია. კომპანიამ კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი 2022 წლიური ფინანსური და მმართველობითი ანგარიში გაასაჯაროვა.
დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს აეროპორტის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 74 მილიონი ლარით იმატა და 234 მილიონი ლარი შეადგინა. მკვეთრად გაუმჯობესდა “ტავის” მოგებიანობაც. აეროპორტმა გასულ წელს 117 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც 42-მილიონიან ზრდას შეადგენდა. შესაბამისად, კომპანიის წმინდა მოგების მარჟა 50%-ს შეადგენს.
2022 წელს აეროპორტი 3,526,373 მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 78%-იანი მატება იყო, თუმცა პანდემიამდელ 2019 წელს 19%-ით ჩამორჩებოდა.
თბილისის აეროპორტის შემოსავლის ძირითადი მდგენელი არის აეროპორტის მოსაკრებელი გამფრენ მგზავრზე, რაც ავიაკომპანიებისთვის მგზავრზე 24 დოლარს შეადგენს.
“ტავ ურბან ჯორჯია არის “TAV Airports Holding”-ის წევრი [“Aéroport De Paris” ჯგუფის წევრი], რომელმაც საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო [რეგისტრაციის ნომერი 206203491] და განახორციელებს საქმიანობას 2027 წლამდე “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან” არსებული მშენებლობა-ოპერირება-ტრანსფერის (BOT) ხელშეკრულების ფარგლებში.
2020-2021 წლები და 2022 წლის ნახევარი კომპანიისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა უახლესი ისტორიის მანძილზე. ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი მსოფლიო ეკონომიკაში კოვიდ პანდემიისაგან სწორედ სამოქალაქო ავიაცია იყო. თუმცა წინა წლებში დაგროვილმა გამოცდილებამ, ფინანსურმა მდგრადობამ და მოქნილობამ მმართველობით რგოლში, პანდემიის მწვავე ზეგავლენის მიუხედავად, გამოიწვია ის, რომ კომპანიამ 2022 წელს მოახერხა 2019 წლის (პანდემიამდელი წელი) წმინდა მოგების 72%-ის აღდგენა და 2021 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა (55%-იანი ზრდა)”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…