სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შეამცირა

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და ნოემბერში 0.1% შეადგინა.

“ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო ფაქტორები განაპირობებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია. ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3.8% შეადგინა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასების სტაბილურობა კვლავ ხელს უწყობს იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და, საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.

დადებით ტენდენციებთან ერთად აღსანიშნავია ინფლაციური რისკებიც. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9%-ია. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსულ ინფლაციურ წნეხს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის მატება ნაწილობრივ აბალანსებს. თუმცა, რამდენადაც პრე-პანდემიური ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია, მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ინფლაციური ზეწოლა საყურადღებოა. საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება და აფასებს ეკონომიკის დინამიკას და ინფლაციური წნეხის ნიშნების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ზომების მისაღებად. ბოლო პერიოდში შეინიშნება სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებაც, რის ძირითად წყაროსაც მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიზნესსესხები წარმოადგენს.

ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს”, – ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…