EBRD-მა 2023 წელს საქართველოში 210 მილიონი ევროს პროექტები განახორციელა
- ეკონომიკა
- იანვარი 26, 2024
- 116
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 210 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები განახორციელა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად EBRD ავრცელებს.
2023 წლის განმავლობაში EBRD-ის მიერ განხორციელებული პროექტების 84% კერძო სექტორის მხარდაჭერისკენ იყო მიმართული, რაც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოიცავდა.
ალკის ვრენიოს დრაკინოსმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, აღნიშნა:
„ჩვენ გავაგრძელეთ კლიენტების მხარდაჭერა ინკლუზიური, მწვანე და ციფრული ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენი მხარდაჭერა გულისხმობდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას ადგილობრივი საწარმოების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ინვესტიციების გზით, ადგილობრივი კომპანიების დაფინანსებას პარტნიორი ბანკების მეშვეობით ევროკავშირის დამატებითი წამახალისებელი გრანტებით და ვაჭრობის ხელშეწყობას. ჩვენ ასევე განვახორციელეთ ინვესტიცია მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში თბილისსა და აჭარის რეგიონში, მხარი დავუჭირეთ ჯანდაცვის სექტორის განვითარებას, ჩავატარეთ მასშტაბური გენდერსა და ინკლუზიის საკითხებთან დაკავშირებული აქტივობები და ვიმუშავეთ კლიენტებთან სამუშაო ადგილებზე და სერვისებზე წვდომის შესაქმნელად. ბანკმა ასევე გააფართოვა პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობა ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით მნიშვნელოვანი რეფორმების ხელშესაწყობად.”- აცხადებს ალკის ვრენიოს დრაკინოსი.
“2023 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების დამუშავებისა და განთავსების ობიექტების რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად აღარ ხდება ნარჩენების განლაგების ქობულეთსა და ბათუმში არსებულ ნაგავსაყრელებზე, ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი და საშიში დამაბინძურებელი იყო საქართველოში, რაც გავლენას ახდენდა მთლიანი რეგიონის ეკოსისტემაზე. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ მდგრადი ინფრასტრუქტურის ფონდის მხარდაჭერით.
ბანკი აგრძელებდა კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობას „საქართველოს კაპიტალის“ მიერ გამოშვებულ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციებში (SLB) ინვესტიციების გზით, რომელიც ამ ტიპის პირველი ინსტრუმენტია კავკასიაში. ჩვენ ასევე გავაფართოვეთ თანამშრომლობა მრავალწლიან პარტნიორ თიბისი ბანკთან, რათა მხარი დავუჭიროთ ბანკის საქმიანობის პარიზის შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს – გაუმჯობესებული კლიმატის მმართველობისა და კლიმატის რისკების მართვის განხორციელებით. თიბისი არის EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკი კავკასიის რეგიონში, რომელმაც ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ვალდებულება აიღო, რათა უზრუნველყოს ფინანსური ნაკადების შესაბამისობა პარიზის შეთანხმების მიზნებთან.
ბანკი აგრძელებს საქართველოს აქტიური სავაჭრო საქმიანობის მხარდაჭერას 70.5 მილიონი ევროს ღირებულების ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციებით ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორ ადგილობრივ ბანკთან პარტნიორობით.
მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკისთვის აუცილებელია მცირე ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირება, ამიტომ EBRD-მა გაზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კომერციული ბანკებისთვის 139 მილიონი ევროს სახით ადგილობრივი ბიზნესისთვის ქვესესხების გაცემის მიზნით.
ბანკი ასევე უზრუნველყოფდა ბიზნესთან დაკავშირებულ რჩევებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის 65 საკონსულტაციო პროექტის მეშვეობით, კომპანიების მიერ კრიზისის პირობებში საქმიანობის გაფართოებისა და გაუმჯობესების მიზნით. აქცენტი გაკეთდა ქალთა ხელმძღვანელობით ან ქალთა საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე ქალი მეწარმეებსა და მენეჯერებისათვის ტრეინინგების შეთავაზებით.
ბანკმა გააგრძელა საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება, რომელიც შექმნილია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, რეგულარულ საკონსულტაციო დახმარებასა და ქალები ბიზნესში ინიციატივასთან ერთად, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, სამხრეთ კორეისა და შვედეთის მიერ.
ინვესტიციებთან ერთად, EBRD აგრძელებდა პოლიტიკის დიალოგში მონაწილეობას. ბანკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა კერძო და საჯარო სექტორის დიალოგში ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით. ბანკმა ასევე უზრუნველყო ტექნიკური დახმარება, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას განახორციელოს ციფრული, ინკლუზიური და მწვანე დღის წესრიგი.
ბანკის გენდერისა და ინკლუზიის სტრატეგიების შესაბამისად, EBRD აგრძელებდა ძალისხმევას, გენდერული ჩართულობის უზრუნველსაყოფად თავის პროექტებში თანაბარი შესაძლებლობების შექმნით მამაკაცებისთვის, ქალებისათვის და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით სოფლად,” – ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.