ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 9%-მდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 9%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად განაკვეთი 9%-მდე შემცირდა. შედეგად მათ ვისაც სესხები ცვლად განაკვეთზე აქვს მიბმული, კრედიტის მომსახურება 0.5 პროცენტული პუნქტით გაუიაფდებათ.

სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფლაციის შემცირებით არის განპირობებული. 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 0.4% შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება გაგრძელდება, თუკი ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით ვითარება არ შეიცვლება. ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2024 წელს ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

“საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება.

პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, ასევე საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც საყურადღებოა. ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს ძლიერი იყო და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. თუმცა, შესაძლოა, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი წარმოიქმნას, თუკი ერთობლივი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საკრედიტო აქტივობის დაჩქარება შეიძლება იყოს.

აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პპ-ით, 9.0 პროცენტამდე ამცირებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს. შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური პირობების გამკაცრებაა მოსალოდნელი – სებ

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური…

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში საკრედიტო აქტივობა მზარდია, თუმცა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა ვალუტისა და სესხის ტიპის მიხედვით განსხვავდება. მონეტარული პოლიტიკის…
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების…
ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება – სებ

ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო…

ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს…