2023 წელს შაქრის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებში რუსეთი II ადგილასაა – საიდან და ვის შემოაქვს შაქარი?
- ბიზნესიეკონომიკა
- მარტი 12, 2024
- 182
რუსეთი შაქრის ექსპორტის დროებით აკრძალვას გეგმავს. საქართველოსთვის კი ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყანაში 2023 წლის მონაცემებით, შაქრის მეორე იმპორტიორი ქვეყანა იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ 2021-2022 წლებში რუსეთიდან შაქრის იმპორტი მინიმალური იყო და შეძენილი პროდუქტის ღირებულება 100 ათას დოლარსაც ვერ აღწევდა. საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებიდან ჩანს, რომ ამ ქვეყნიდან შაქრის იმპორტი გარკვეული რყევებით ხასიათდებოდა. ბოლო 10-წლიან პერიოდს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ 2019 წლამდე ქვეყანაში რუსული შაქრის იმპორტი მცირე იყო და 5 000 ტონას არ აღემატებოდა, თუმცა 2019 წლიდან შეძენილი პროდუქტის მოცულობამ 19 000 ტონას მიაღწია, ღირებულებამ კი – $7 მილიონს. წლების მიხედვით რუსეთიდან შაქრის იმპორტის სტატისტიკა ასეთია:
2019 წელი – $7.3 მლნ, 19 056 ტონა;
2020 წელი – $9.1 მლნ, 24 454 ტონა;
2021 წელი – $34 ათასი, 18 ტონა;
2022 წელი – $72 ათასი, 102 ტონა;
2023 წელი – $14.7 მლნ, 22 803 ტონა.
რაც შეეხება 2023 წელს შაქრის იმპორტის სტატისტიკას და გეოგრაფიას, გასულ წელს ქვეყანაში 99.7 მლნ დოლარის ღირებულების 144 727 ტონა შაქარი შემოვიდა, რაც მოცულობით 2022 წლის მაჩვენებელს 4.6%-ით ჩამორჩება, ღირებულებით კი 11.4%-ით აღემატება (2022 წელი – $89.4 მლნ, 151 762 ტონა), რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასულ წელს შაქარი გაძვირდა.
როგორც აღვნიშნეთ, შაქრის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში რუსეთს მეორე ადგილი უკავია. მთავარი მომწოდებელი ქვეყანა სტატისტიკის მიხედვით ბრაზილიაა.
შაქრის იმპორტიორი TOP-5 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- ბრაზილია – $44 მლნ, 68 586 ტონა;
- რუსეთი – $14.7 მლნ, 22 803 ტონა;
- მაროკო – $12.7 მლნ, 14 768 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – $9.1 მლნ, 14 000 ტონა;
- საფრანგეთი – $7.9 მლნ, 9 673 ტონა.
ამ ქვეყნების გარდა გასულ წელს საქართველოში შაქარი ეგვიპტიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა ქვეყნებიდან შევიძინეთ.
BM.GE-მ საქსტატიდან 2023 წლის შაქრის იმპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული გამოითხოვა, ესენი არიან:
- სს იბერია რეფრეშმენტსი;
- შპს “გაგა 1”
- შპს აგარის შაქრის კომპანია
- შპს ალფა
- შპს ბუმ გრუპი
- შპს ესენი
- შპს ექსპორტ +
- შპს ვიჯი
- შპს ტერეკი 2023
2024 წლის იანვარში საქართველოში შაქრის იმპორტი შემცირდა. წლის დასაწყისში ქვეყანაში 2 მილიონ 727 ათასი დოლარის ღირებულების 3 479 ტონა შაქარი შემოვიდა. ამ პერიოდისთვის შაქრის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების გეოგრაფია ასეთია:
საფრანგეთი $894 ათასი, 1 020 ტონა;
თურქეთი – $751 ათასი, 1 024 ტონა;
ბელგია – $544 ათასი, 765 ტონა;
მაროკო – $418 ათასი, 520 ტონა;
რუსეთი – $85 ათასი, 124 ტონა;
ცნობისთვის, 20 ნოემბრის შემდეგ შაქრის იმპორტიორი კომპანიები ქვეყანაში შაქრის შემოტანისას საიმპორტო ბაჟს იხდიან. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო. დროებით დაწესებული გადასახადი 2024 წლის პირველ ივლისამდე იქნება ძალაში და ტონა შაქარზე იმპორტიორს 400 ლარის გადახდა მოუწევს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზნად ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და ქვეყნის ერთადერთ შაქრის მწარმოებელ კომპანიაში “აგარის შაქარში“ დასაქმებული 500-მდე ადამიანს ასახელებს. მინისტრი იმასაც აცხადებს, რომ საიმპორტო გადასახადის დაწესება პირველადი მოხმარების საქონელს არ გააძვირებს. შაქრის იმპორტიორები კი აცხადებენ, რომ პროდუქციის იმპორტზე დროებითი გადასახადი მომხმარებელს პროდუქციას გაუძვირებს.
bm.ge