როგორ შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის დაბალრისკიანიდან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა? – გზამკვლევი
- საზოგადოება
- მარტი 14, 2024
- 65
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ყველა მონაწილეს უფლება აქვს ყოველწლიურად გააკეთოს არჩევანი თუ რა სახის საინვესტიციო პორტფელში სურს მისი დანაზოგები ინახებოდეს. აღნიშნული უფლებით უკვე ისარგებლა 9,683-მა მოქალაქემ, რომლებმაც თანხა საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში გადაიტანეს.
2023 წელს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მოქალაქეთა დანაზოგები ავტომატურად “დაბალრისკიან” საივესტიციო პორტფელში გადავიდა, სადაც ამჟამად 1.3 მილიონი მოქალაქის 4.5 მილიარდი ლარის დანაზოგი ინახება. თუმცა, საგულისხმოა გარემოება, რომ “დაბალრისკიანი” პორტფელის 80% ლარის ფინანსურ ინსტრუმენტებში არის განთავსებული, უცხოური ვალუტის აქტივების წილი კი მხოლოდ 20%-ია, საიდანაც 18.7% საერთაშორისო აქციებზე მოდის.
იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, რომ მათი დანაზოგები სავალუტო თვალსაზრისით უფრო მეტად იყოს დივერსიფიცირებული, არჩევანი შეუძლიათ გააკეთონ საშუალორისკიან და მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელებზე. საშუალორისკიან პორტფელში არსებული მდგომარეობით ლარის ფინანსურ ინსტრუმენტებზე 65% მოდის, ხოლო 35% უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებზე, მათ შორის 34% გლობალურ აქციებზე. მაღალრისკიან პორტფელში კი უცხოური ვალუტის აქტივების წილია 42%, მათ შორის 41.6% გლობალურ აქციებში არის ინვესტირებული.
2024 წლის 3 იანვრის შემდგომ საკუთარი პორტფელის ცვლილება სულ 9,683-მა მოქალაქემ განახორციელა და დანაზოგი საშუალო და მაღალრისკიან პორტფელში გადაიტანა, ხოლო მიგრირებული თანხის მოცულობამ 46 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 5,137-მა მოქალაქემ 25 მილიონი ლარი საშუალორისკიან პორტფელში გადაიტანა, 4,546-მა მოქალაქემ 21 მილიონი ლარი მაღალრისკიან პორტფელში.
BMG-მ საპენსიო სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომლითაც მოქალაქეებს საკუთარი საპენსიო დანაზოგების პორტფელების ცვლილება შეუძლიათ. კანონის თანახმად, მოქალაქეებს პორტფელის ცვლილება 12 თვეში ერთხელ შეუძლიათ.
როგორ არის შესაძლებელი საპენსიო დანაზოგის პორტფელის ცვლილება
2024 წლის 3 იანვრიდან საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს უფლება აქვს სასურველი საინვესტიციო პორტფელი 12 თვეში ერთხელ აირჩიოს:
ფიზიკურ სივრცეში:
- იუსტიციის სახლის 117 ფილიალში;
- საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომელიც მდებარეობს თბილისში ა. პოლიტკოვსკაიას N14-ში;
ონლაინ:
საპენსიო სქემის მონაწილეს, პორტფელის შეცვლა დისტანციურადაც შეუძლია, my.pensions.ge-ს პირადი გვერდიდან, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს არ აქვთ ონლაინ სისტემა my.pensions.ge-ში შესვლის შესაბამისი კოდი, მათ კოდის მიღება შეუძლიათ საქართველოს იუსტიციის სახლის ფილიალებსა და საპენსიო სააგენტოს ოფისში. ამასთან, ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბარათის წამკითხველში პირადობის მოწმობის მოთავსებით, შესაბამისად მისთვის მოქალაქეებს ბარათის წამკითხველი სჭირდებათ.
ელექტრონული ხელმოწერა:
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა არის ციფრული ხელმოწერა, რომელიც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალებით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გამოყენებით. იგი არის ელექტრონული მონაცემების ერთობლიობა რომლითაც დამოწმებულია ელექტრონული დოკუმენტი და მტკიცე რწმუნებით ადასტურებს ხელმომწერის ვინაობას, ასევე იცავს დოკუმენტს გაყალბებისა და მანიპულაციებისაგან. საქართველოს კანონმდებლობით კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესასრულებლად დაგჭირდებათ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამა და წამკითხველი მოწყობილობა.