ილია და დღევანდელობა
- ეკონომიკა
- მაისი 20, 2024
- 112
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივ.ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს პ.გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკი.
ილია ჭავჭავაძე, საქართველოს ისტორიის მეორე სვეტად წოდებული „ქართული კულტურის სწორუპოვარი ბელადი იყო“. დიდი ივანე ჯავახიშვილის ეს შეფასება ხაზს უსვამს ილიას მემკვიდრეობის უნიკალურობასა და მის ისტორიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის.
ქვეყანაში ეპოქალური მნიშვნელობის პიროვნების შეფასებისთვის ორი ზოგადი ფრაზის გამოყენება შეიძლება. ერთი, მისმა მადლიერმა შთამომავლობამ უწოდოს „ლამპარი“ ან „ჩავლილი მატარებელი“. ამ მხრივ მისი საუკუნო ნახევრის უწინდელი შთაგონებები დღევანდელი ეპოქის ყველაზე საჭირო ვექტორს კი არ განზასღვრავს, არამედ ოცდამეერთე საუკუნეს ბევრად წინ უსწრებს. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ერთიც საკმარისია, რომელიც ვედრებასავით გაისმის წარსულის წიაღიდან, – „რუსეთს არ ეომოთ, იმპერიას ომი უომრად უნდა მოვუგოთ“! საქართველოს ისტორიაში ამისი მაგალითები უამრავი მოიძებნება. დღევანდელი „ტვინდაუმორჩილებელთა“ გნიასი სწორედ მის საწინააღმდეგოს ღაღადებენ და ჰგონიათ ამით იმპერიის სინდის-ნამუსის გამღვიძებლის მისიას აღასრულებენ სხვათა საამებლად.
ყოველ ახალ ეპოქას, ახალი ომის ჟინი მოაქვს, უფრო დახვეწილი და სასტიკი. ილიას უკვდავი ფორმულაც „რანი ვიყავით, რანი ვართ, რად შეიძლება ვიქმნეთ“, სწორედ ახალ დროებასთან ადაპტირებაა, ესაა უმთავრესი მუხტი ერის გადარჩენისა და საკუთარი ადგილის შენარჩუნებისა ამ უაღრესად ტურბულენტურ წიაღში მოქანავე სამყაროში. ერი რომ გადარჩეს, განსაკუთრებით ისეთი მცირერიცხოვანი, როგორიც ქართველია, მას უცილობლივ სჭირდება თავისი „ეროვნული იდეოლოგია“, თუ ის მართლა თვითმყოფადი და საკუთარი ტრადიციების მქონე ერია. ამ ვეებერთელა უნიკალურ პოსტულატს სწორედ საკუთარი ეროვნული საძირკველი უდევს საფუძვლად, ბალავარი ეკონომიკისა, აღმოცენებული მის განსაკუთრებულ იდეოლოგიაზე. ამიტომაც გვიჭირს თავისუფლების ოცდაათი წლის შემდეგაც ეროვნული სახელმწიფოს შექმნა უთვალავ „მტერ-მოყვარეთა“ გარემოცვაში. აქ ისევ გვახსენებს ყოველდღიურობა ჩვენი თავის „ჩვენადვე ყუდნების“ ილიასეულ ქართულ სიბრძნეს. რახან პატარა ქვეყანა ხარ მოცულობით, სხვის ჭკუაზე უნდა იარო და შეიძლება „გამოსაცდელი თაგვის“ როლშიც აღმოჩნდე დრო და დრო, რადგან წარსულის მკვიდრი საძირკვლობა მომავლისადმი, არაფერს არ ნიშნავს დროებით აღზევებულთა მენტალურ ყულაბაში მოქცეული ბრძენთათვის. მაგრამ დიდი ილია სულ სხვანაირად ფიქრობს. მისთვის მემკვიდრეობის უნივერსალური კანონი მოქმედებს მისი გენიით აღმოჩენილი, რომელზეც ხრიზანტემასავით ამოიზარდა ჩვენდა შესასმენად დიდი ილიას გონებიდან ქვეყნის გადაჩენის ფორმულა – „ახალი საქართველო მხოლოდ ძველიდგან შეიძლება აღმოვშობოთ მკვიდრად“…, რაოდენ უზარმაზარი ჭკუა დევს ამ ნააზრევში. „წარსული“! ეს ის ფენომენია, სადაც ლაზარეს ქართულ ენასავით რამდენი ამოუხსნელი საიდუმლო დევს და მას სწორად უნდა ქვენის მომავლის სასწორზე დადება“.
სწორედ წარსულის იგნორირება დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროთა შესამჩნევი ნაწილისა (ღმერთმა ნუ ქნას უმეტესთა უმრავლესობა ასე უკუღმართად ფიქრობდეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობის ეროვნული იდეოლოგიის იმ გულწრფელ ანასხლეტზე, რომელიც მხოლოდ საკუთარი ერისა და მამულის ინტერესების დასაცავადაა მობილიზებული!) კიდევ ერთხელ მაძლევს იმის ძალას, როგორც დიდი ილია ფიქრობდა, ვთქვა პირუთვნელად, – სად იყო ევროპა, როცა პეტრე იბერი, გიორგი ათონელი-მთაწმინდელი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და რუსთაველი, „რენესანსის“, ახალი აღორძინების საფუძვლებს ქმნიდნენ… აქედან ნათლად სჩანს ჩვენს უკან ათასწლეულთა დიდი ეროვნული მემკვიდრეობაა გაქვიტკირებული… და ამ მემკვიდრეობას ილია „ბალავრის ქვას“ უწოდებს, რომლის ამოძირკვა შეუძლებელია, რადგან იგი თან შეზრდილია მის წარსულთან, მაგრამ გათანამედროვეობა და სიმტკიცით გაფოლადება უსათუოდ სჭირდება! ამისთვის ყველაზე მეტად გარდუვალია სწორედ ეროვნული მემკვიდრეობისადმი ერთგულება, რასაც გვიკიჭინებს საუკუნეების სიღრმეებიდან ილია მართალი! ეს კი ნიშნავს ერის მარადიულ უკვდავებას და არა გადაშენებას!
წარსულისაკენ გახედვა რომ მომავლის სიმტკიცისკენ არის მიმართული, ეს ცხადზე უცხადესია. როდესაც დიდი ილია გვმოძღვრავს „ახალი საქართველო მხოლოდ ძველიდგან შეიძლება აღმოვშობოთ მკვიდრად“, ეს უნდა გაეთვალისწინებინა სამოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ განვითარების „ბუნებრივ გზაზე“ შემდგარ ჩვენს ქვეყანას. მაგრამ მოხდა სრულიად სხვაგვარად. რატომღაც დიდი ილიას ეკონომიკური მემკვიდრეობის მთავარი და საჭირო პოსტულატები „ლიბერალი პოეტის“ რეტროგრადიულ მოსაზრებად ჩათვალეს და არც მოინდომეს იმ ეპოქის რეამინაცია, რომლის იდენტურ სამყაროში ცხოვრობდა და იღწვოდა ილია მართალი.
საკმარისია ერთი შედარების მოყვანაც კი, რომ დარწმუნდეთ დიდი ილიას წინასწარმეტყველებაში.
სოციალისტური წობილების ისტორიულ მოუსავლეთში გასტუმრების შემდეგ, სამოცდაათ წლიანი ქარიშხალი ჩადგა და საქართველო ისევ დაუბრუნდა „ მამულისა ჩვეულებისაებრ სვლაის“ (იოანე საბანისძე) ბუნებრივ გზას. საჭირო გახდა უკვე კარგად „დავიწყებული ძველის“ ახალი ურთიერთობებით ჩანაცვლება, რომელიც გულისხმობდა არსებული სისტემის ძირეულ შეცვლას. ამ დროს დაიწყო ახალი ეკონომიკური პოლიტიკის გარე-გარე ძიება და სხვაგან კარგად აპრობირებული მოდელების მექანიკური გადმოტანა ჩვენს სინამდვილეში. ამ დროს ახლად დაბადებული საქართველოს მხსნელად გარედან შემოგდებული დოქტრინების ექსპერიმენტების სერიების დანერგვა ყველაზე მისაღები და მოდური გახდა. ასეთი ინოვაცია აღმოჩნდა მაშინდელი ხელისუფლებისათვის ყველაზე ადექვატური, – „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახელით ცნობილი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მის გარშემო შენდებოდა წლების განმავლობაში, რომელიც გათვალისცინებული იყო ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის, მათი ისტორიული თავისებურებებიდან გამომდინარე.
ამ თეორიის ირგვლივ მეოცე საუკუნის მიჯნაზე გამოჩნდა სახელგანთქმული მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯოზეფ სტიგლიტის მეცნიერულად დასაბუთებული და გაბედული მოსაზრება. მისი აზრით, „ვაშინგტონის კონსენსუსის“ ყველაზე დიდი ნაკლი მისი რეკომენდაციების უნივერსალურობასა და ეკონომიკური პოლიტიკის „ წარსულზე დამოკიდებულების“ უგულებელყოფაში მდგომარეობს. დიდი მეცნიერის მოსაზრება კიდევ ერთხელ ადასტურებს ილია ჭავჭავაძის გენიალურობას ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრის გზაზე. სწორედ, ქვეყნის ეკონომიკური წარსულის როლის უარყოფაში „ბრმა“ ლიბერალიზაციამ შეიძლება ქვეყანა უფრო მეტად გააღარიბოს. ამიტომ, ისევ ილიას მოსაზრებებიდან გამომდინარე, საჭიროა საქართველოს განვითარების სტრატეგიის უფრო დახვეწილი ვერსიის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოს ისტორიასა და მის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
აქედან გამომდინარე, აქ შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთებაც. თუ ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკა 5-დან 8 პროენტის ფარგლებში იზრდება, მაშინ რა ხდება, სიღარიბის დონე რატომ არ მცირდება, ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობა რატომ იკლებს და, რაც მთავარია, ცხოვრების დონე ადეკვატურად რატომ არ იზრდება. ასეთი შეუსაბამებობების შესწავლა და აღმოფხვრა მოითხოვს სწორი და ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას.