მოლოდინია, რომ კომპანიები რუსეთიდან საწვავის იმპორტს განაახლებენ, რაც ფასებს შეამცირებს – ნავთობიმპორტიორთა კავშირი

მოლოდინია, რომ კომპანიები რუსეთიდან საწვავის იმპორტს განაახლებენ, რაც ფასებს შეამცირებს – ნავთობიმპორტიორთა კავშირი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ საქართველოში რუსეთიდან საწვავის იმპორტის განახლებაა მოსალოდნელი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტებს გააიაფებს.

როგორც კავშირის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის დროებით გაუქმების შემდეგ, კომპანიების ნაწილი, მათ შორის არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები რუსეთიდან საწვავის იმპორტის აღდგენას გეგმავს.

ვახტანგ იობაშვილის განმარტებით, გასული პერიოდისგან განსხვავებით, ნაკლებმოსალოდნელია, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს ნავთობპროდუქტები დაბალ ფასად მიაწოდოს. თუმცა მისი თქმით, რუსეთიდან პროდუქციის ტრანსპორტირება უფრო იაფი ჯდება, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის საბოლოო ფასი ევროპულზე ნაკლები იქნება.

„იაფი საწვავი ყველა კომპანიას აწყობს. ამიტომ მოლოდინია, რომ ბაზრის გახსნის შემდეგ კომპანიები განაახლებენ რუსეთიდან საწვავის იმპორტს. ეს განსაკუთრებით არაბრენდირებულ კომპანიებს ეხებათ, რომლებსაც მარაგები არ აქვთ და რუსეთიდან საწვავის კარგი პირობებით წამოღება შეუძლიათ. დიდ ნავთობკომპანიებს უფრო დიდი მოცულობის მარაგები აქვთ, თუმცა ისინიც დაიწყებენ შემოტანას. ზოგადად არ ველოდებით, რომ რუსეთი ამ ჯერზე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასზე ნაკლებად მოგვცემს საწვავს, თუმცა რუსეთიდან ტრანსპორტირება მაინც უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ევროპიდან, როდესაც პროდუქცია საზღვაო გზით შემოდის. ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენთან საწვავი გაიაფდება“, – განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული მორიგი შეზღუდვა გააუქმა, თუმცა მხოლოდ პირველ ივლისამდე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ უცხოეთიდან 422 მილიონი დოლარის ღირებულების 494 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივად 32%-ით, ხოლო რაოდენობრივად 22%-ით მეტია. თუკი გასულ წელს ნავთობის იმპორტში რუსეთზე 67% მოდიოდა, წელს რუსეთზე ნავთობის იმპორტის 43% მოდის, რაც საწვავის ექსპორტზე თავად რუსეთის მიერ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვას უკავშირდება.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მაისში ინფლაციის დაჩქარება მათ შორის ტრანსპორტის ჯგუფს და საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება. კერძოდ, წლიურად ბენზინი 31%-ით არის გაძვირებული.

მსგავსი სიახლეები

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…
“საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება” – ალექსანდრე დარახველიძე მიგრაციის პოლიტიკაზე

“საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება” – ალექსანდრე დარახველიძე…

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შსს-მ მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის…
20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა – ირაკლი კობახიძე

20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა –…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.…