2024 წლის ივლისში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 4.5%-ით გაიზარდა. 2024 წლის დასაწყისიდან კი ზრდა 27.8%-ია. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, სადაც ასევე განმარტებულია ფასის ცვლილების მიზეზები.
“ზოგიერთი აზოტოვანი სასუქის მიწოდება, განსაკუთრებით კი ურეასი, შემცირებულია. ჩინეთს საკუთარი ექსპორტის მოცულობა უკვე თვეებია ლიმიტირებული აქვს, შედეგად 2024 წლის პირველ ნახევარში მისი ექსპორტის წლიური 87%-იანი კლება დაფიქსირდა. დამატებით, წარმოების პრობლემებია ეგვიპტეში, სადაც სახელმწიფომ ბუნებრივი აირის მარაგები სასუქების ნაცვლად ენერგეტიკის სექტორში გადაამისამართა ქსელის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შედეგად, ზოგიერთ მწარმოებელს ნაკლები დატვირთვით უწევს მუშაობა, ზოგმა კი ოპერირება დროებით შეწყვიტა”, – წერია Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში.
ამჟამად ამონიუმის ნიტრატის ფასი 1 ტონაზე 230 დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ აზოტოვანი სასუქები საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2024 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოდან 60,8 მლნ აშშ დოლარის აზოტოვანი სასუქების ექსპორტი განორციელდა, რამაც მთლიან ექსპორტში 2.1 პროცენტული წილი დაიკავა. თუმცა, ეს მაჩვენებელი 38.2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც საქართველომ 98,4 მლნ აშშ დოლარის აზოტოვანი სასუქები გაყიდა. გასული წლის პირველ ნახევარში, მთლიან ექსპორტში ამ საქონელმა 3.2 პროცენტული წილი დაიკავა.
რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს აზოტოვანი, მინერალური ან ქიმიური სასუქების იმპორტი გაუიფდა, თუმცა, იმპორტის მოცულობა გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველომ 22 078 ტონა სასუქის იმპორტი განახორციელა, რაც ქვეყანას 7,1 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა, მაშინ როცა, გასული წლის იანვარ-ივნისში, იმპორტმა 17 334 ტონა შეადგინა, რაც თანხობრივად უფრო ძვირი – 7,7 მლნ დოლარი დაჯდა.
წელს, ყველაზე დიდი რაოდენობით, აზოტოვანი სასუქები რუსეთიდან შემოვიტანეთ – 15 292 ტონა (4,1 მლნ აშშ დოლარის), შემდეგ მოდის თურქმენეთი 2232 ტონით (808 730 აშშ დოლართ), ხოლო მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი 1774 ტონით (648 130 აშშ დოლარი).