„საქართველო დასაკლავი „ქათმის“ როლში“?!
- ეკონომიკა
- აგვისტო 9, 2024
- 67
გახდებიან თუ არა ჩინეთი და ირანი ამერიკისა და ევროკავშირის საპირწონე საქართველოსთვის, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, და ამას რა გავლენა ექნება ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაზე, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.
– ამ რთულ თემაზე საუბარი ცოტა შორიდან უნდა დავიწყო, რადგანაც ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი. ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამძაფრდა ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა – დაიწყო სავაჭრო და სავალუტო ომი, რადგანაც აშშ-მა ძირითად გლობალურ კონკურენტად ჩინეთი დაინახა. მაშინ ამერიკის ეკონომიკა ჯერ კიდევ აღემატებოდა ჩინეთისას. როდესაც ბაიდენი გახდა პრეზიდენტი, იყო მოლოდინი, რომ აშშ ჩინეთისადმი დამოკიდებულებას გადახედავდა, მაგრამ ეს არ მოხდა და ურთიერთობა ამ ქვეყნებს შორის უფრო დაიძაბა, მეტიც, დაპირისპირება უფრო გამძაფრდა. აშშ და ჩინეთი პრაქტიკულად ომის ზღვრამდე არიან მისული. ღმერთმა დაიფაროს ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის ომი, მაგრამ დაპირისპირება მართლაც ძალიან მწვავეა, განსაკუთრებით ტაივანის საკითხის გამო.
მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ათ წელიწადზე მეტია, ჩინეთის პრეზიდენტმა წამოაყენა იდეა “ერთი გზა, ერთი სარტყლის” პროექტის შესახებ, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით თითქმის მთელ მსოფლიოს მოიცავს. ეს არის წმინდა ჩინური პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. როდესაც 2013 წელს ეს პროექტი წარმოადგინა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, გასაჯაროვდა სხვადასხვა რუკაც და არც ერთ მათგანზე საქართველო არ ფიგურირებდა. ეს, ერთი მხრივ, გასაკვირი იყო, რადგან ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან, წამოყენებულ იქნა იდეა განახლებული აბრეშუმის გზის შესახებ, რომელიც გაივლიდა აზერბაიჯანსა და საქართველოზე და ევროპასა და აზიას დააკავშირებდა ერთმანეთთან. ამ იდეას მოჰყვა ორი გრანდიოზული პროექტი – ევროკავშირის პროექტი “ტრასეკა” და აშშ-ის პროექტი “ინოგეიტი”, რითაც პრაქტიკულად საუბარი იყო დიდ სატრანსპორტო დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გაივლიდა. მაგრამ ეს ორივე პროექტი მთავრდებოდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში და არ მიდიოდა ჩინეთამდე. როცა 10-11 წლის წინ “ერთი გზა, ერთი სარტყლის” პროექტი შეიქმნა, ამ პროექტში საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი საერთოდ არ იყო ნახსენები და საქართველოს მთავრობამაც დიდი ძალისხმევა გასწია, რომ რამენაირად “ერთი გზა, ერთი სარტყლის” პროექტში საქართველოზე გამავალი დერეფანი შესულიყო. მოგვიანებით რუკებზე გაჩნდა ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც პრაქტიკულად იგივეა, რაც “განახლებული დიდი აბრეშუმის გზა”, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში ვუწოდებდით. დიდი ხნის განმავლობაში თბილისში ყოველ შემოდგომაზე იმართებოდა “დიდი აბრეშუმის გზის” კონფერენციები, სადაც ჩამოდიოდნენ ამ საკითხით დაინტერესებული ქვეყნები და გარკვეულწილად ეს საქართველოს ლობირება იყო, რომ ამ გზას საქართველოზე გაევლო. როგორც გითხარით, ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, როდესაც ამ “ერთი გზა, ერთი სარტყლის” კონტექსტში გაჩნდა “შუა დერეფნის” განხორციელების შესაძლებლობა. საქმე ის არის, რომ “შუა დერეფანი” რუკაზე კი გაჩნდა, თუმცა მისი სრული მასშტაბით ამოქმედება არ განიხილებოდა, რადგან ჩინეთი ევროპასთან დაკავშირებული იყო რუსეთზე გამავალი დერეფნით. ეს ძალზე ხელსაყრელი იყო ჩინეთისთვისაც, რადგან ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე გადიოდა და მოლაპარაკების სუბიექტიც ერთი იყო – მოსკოვი. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მას მყისიერად მოჰყვა დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამან რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი დაბლოკა. სწორედ ამის გამო გახდა აქტუალური “შუა დერეფანი”, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია დიდი რაოდენობის ტვირთზე და ანაკლიის პორტი სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ანაკლიის კონსორციუმის პრობლემა იყო ტვირთის მოზიდვა და ეს რომ ვერ გააკეთა, მერე საქართველოს მთავრობას მოსთხოვა 400 მილიონზე გარანტია, რომ, თუკი ტვირთი არ იქნებოდა, ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა ანაკლიის პორტის საქმიანობა, რაც ქვეყნისთვის იქნებოდა ზარალიანი, რადგან ანაკლიის პორტი კომერციული სტრუქტურაა, მან უნდა მოიტანოს ბიუჯეტში შემოსავლები და არა ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით დაფინანსდეს წამგებიანი კომერციული სტრუქტურა.
ტვირთი კი არ იყო იმიტომ, რომ ის ჩინეთს რუსეთის გავლით გადაჰქონდა. აქვე გავიხსენებ ერთ ძალიან საინტერესო ბრიფინგს, როდესაც ამერიკაში იყო ჩასული ჩვენი მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შეხვდა ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს და ამ შეხვედრაზე პომპეომ უთხრა, რომ ანაკლიის პორტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არა მარტო რუსული, არამედ არ უნდა იყოს ჩინური ინვესტიციებიცო. ფაქტობრივად, ამის მერე ანაკლიის კონსორციუმი დატოვა ამერიკულმა “კონტიჯგუფმა”. ამერიკელებმა დატოვეს კონსორციუმი, რადგან ნახეს, რომ ბიზნესი პრაქტიკულად ჩავარდა. ამ ვითარებაში კი, როდესაც დაიკეტა რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი, ჩინელები დაინტერესდნენ, რომ ევროპაში მიმავალი ტვირთები წამოსულიყო ცენტრალური აზიის გავლით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, საიდანაც შემდეგ უკვე თურქეთით ან შავი ზღვის პორტებით დაუკავშირდებოდა ევროპას. ეს საკმაოდ რეალისტური პროექტია და არის არა მარტო ჩინეთის, არამედ ევროკავშირისა და ევროპის ცალკეული ქვეყნების ინტერესშიც, რადგან მათ სჭირდებათ ეს ტვირთი.
მაგალითად, ამა წლის დასაწყისში შვეიცარიასა და ჩინეთს შორის გაფორმდა სავაჭრო შეთანხმება, რომლითაც გაფართოვდა ვაჭრობის არეალი და როგორ მოხვდება ჩინური ტვირთი შვეიცარიაში, თუ ევროკავშირის ქვეყნები არ გაიარა? არცთუ დიდი ხნის წინ პოლონეთის პრეზიდენტი ჩავიდა პეკინში. ასევე, ჩავიდა იტალიის პრემიერ-მინისტრიც. სხვა სიტყვებით, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების ინტერესშია ჩინეთთან ვაჭრობა. თუმცა იმის გამო, რომ ამერიკას აქვს დაძაბული ურთიერთობა ჩინეთთან, არც ერთ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ეს სატრანსპორტო დერეფანი ამოქმედდეს და ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ რამენაირად შეფერხდეს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირება. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ამერიკელებმა უცბად ქართველები შეიძულეს, არამედ იმიტომ, რომ ამერიკელებს პრობლემა აქვთ ჩინეთთან. საქართველო კი ამ შემთხვევაში მათთვის არ წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო სუბიექტს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ანგარიშგასაწევ ძალად. სამწუხაროდ, საქართველო იმ “ქათმის” როლშია, რომელიც ჩიოდა: “ცხვარი დაკლეს – მე წამაკლეს, ღორი დაკლეს – მე წამაკლეს, ძროხა დაკლეს – მე წამაკლესო”.
საყურადღებოა, რომ რამდენიმე დღის წინ ერთმა რუსულმა სააგენტომ ისიც კი გამოაცხადა, რომ ამერიკელები ლობირებენ ახალ სატრანსპორტო დერეფანს – ცენტრალური აზიის დაკავშირებას აზერბაიჯანის გავლით სომხეთთან.
- თუ ამერიკას „შუა დერეფანი“ არ უნდა, მისთვის რა მნიშვნელობა ექნება საქართველოზე გაივლის თუ სომხეთზე?
– საუბარი ჩინეთზეც არ არის. ამ ვერსიით ტვირთი ცენტრალური აზიიდან უნდა წავიდეს აზერბაიჯანის გავლით სომხეთზე. ეს კი ნიშნავს, რომ ამოგდებულია ჩინეთიც და საქართველოც. არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად სანდოა. თუმცა არსებითი ჯერ ერთი ისაა, რომ ჩინური ტვირთის გარეშე ეს დერეფანი ვერ იქნება სრულად დატვირთული და, მეორე, ახალ მილსადენებსა და ახალ რკინიგზას არავინ გაიყვანს, რადგან საკმაოდ ძვირი დაჯდება. აზერბაიჯანსა და თურქეთს იმდენი თანხა აქვთ ჩადებული ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაში, რომ წარმოუდგენელია, აზერბაიჯანმა და თურქეთმა საქართველოს ახლა ზურგი შეაქციონ. ამიტომ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნამდვილად ამერიკული პროექტია. თუმცა, რადგან გაჟღერდა, ამას ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს. ხომ ფაქტია, ამით ვიღაცას ისეთი რაღაც აქვს ჩაფიქრებული, რაც ჩვენ ზიანს მოგვიტანს. ასე რომ, ძაღლის თავი გეოპოლიტიკაშია ჩამარხული – ამერიკელებს არ უნდათ ჩინეთის ეკონომიკური გაძლიერება. ჩინეთის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მისი დაკავშირება ევროპასთან და დღეს ამის ყველაზე მოკლე გზა აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის. ამიტომ არის აშშ-ის ასეთი დაპირისპირება საქართველოსთან, რასაც სწორედ გეოპოლიტიკური ინტერესები განაპირობებენ.
- საქართველო რომ არ არის დიდი მოთამაშე, გასაგებია, მაგრამ ჩინეთი სჭირდება ევროკავშირს და ამის გათვალისწინებით ხომ შეიძლებოდა ლანძღვის ნაცვლად ამერიკასთან მოლაპარაკება ევროკავშირის ჩართულობით, რათა ასეთი უარყოფითი რეაქციები არ ჰქონოდათ ჩვენს ჩინეთთან ურთიერთობაზე?
– ყველაფერი ერთ დიდ “პოლიტიკურ თაიგულში” აისახა. დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს დაპირისპირება ნეოლიბერალებად შერაცხილ ულტრალიბერალებსა და კონსერვატორებს შორის და ამას პრაქტიკულად ყველგან ვხედავთ, მათ შორის, ამერიკის არჩევნებში. ამ ვითარებაში კი ძალიან სერიოზული პრობლემა დგება – აშშ-ში, სადაც, ისევე როგორც საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდია, დღეს თქვენ მიერ ხსენებული მოლაპარაკებებისთვის კარგი დრო არ არის, მაგრამ ცხადია, საქართველოს მთავრობას აუცილებლად დასჭირდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აშშ-თან და დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც უფრო გონივრულად შეხედავს საქართველოს ინტერესებს, რადგან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს ვაშინგტონისთვის კავკასიის პრაქტიკულ “დაკარგვას”. არ არის ასე მარტივი, რომ საქართველო სომხეთით ჩაანაცვლოს. შეუძლებელია მილსადენები დღეს საქართველოზე გადიოდეს და ხვალ სომხეთზე გაატარო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამის გადატანას რა ფინანსები და დრო დასჭირდება? მით უმეტეს, სომხეთშიც არ არის ერთმნიშვნელოვანი ვითარება. როგორ შეიცვლება იქ სიტუაცია, არავინ იცის, მით უმეტეს, სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი. გარდა ამისა, რუსეთის ჩამოწერაც ნაადრევია. სამწუხაროდ, უკრაინა ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამარჯვებას. აქამდე ლაპარაკი იყო, რომ უკრაინა ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებდა, ახლა თვითონ ზელენსკი ამბობს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს წარმოდგენილი რუსეთი. იმავდროულად, ნატოს გენმდივანი იან სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა იყოს ათწლიანი ომი და უკრაინას არ ეკითხებიან, აქვს თუ არა ამის რესურსი? მიუხედავად მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარებისა, უკრაინამ სერიოზულ წარმატებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია. დარწმუნებული ვარ, როგორც კი აშშ-ში არჩევნები ჩაივლის, ხოლო რუსეთ-უკრაინის საკითხი მეტ-ნაკლებად “კონსტრუქციულ ფორმატში” გადავა, საქართველოსადმი დასავლეთის მიდგომებიც მეტ-ნაკლებად გადაიტვირთება.
- კობახიძემ თქვა, თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ომი ნახევარ წელში დამთავრდება და, თუკი მისი კონკურენტი - ერთ წელშიო. მისი ნათქვამიდან გამოდის, რომ ეს ომი ბაიდენის ბრალი ყოფილა და თქვენ "კონსტრუქციულ ფორმატში" რას გულისხმობთ?
– ომის დაწყება ერთმნიშვნელოვნად პუტინის ბრალია! რაც შეეხება “კონსტრუქციულ ფორმატს”, ამ თემაზე უფრო კონკრეტულად საუბარი მიჭირს, რადგანაც არ ვიცით, რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს როგორც მოსკოვი, ისე კიევი. ფაქტია, ის, რაც უკრაინაში ხდება, დიდხანს ვერ გაგრძელდება…
- თუკი ტრამპი გაიმარჯვებს, რომელიც ამერიკის ნომერ პირველ მტრად სწორედ ჩინეთს მიიჩნევს, როგორ გაგრძელდება ჩინეთთან აშშ-ის და დასავლეთის ურთიერთობა და აქ ჩვენი ადგილი სად იქნება?
– თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს მსოფლიოში კონსერვატიული შეხედულებებისთვის უკეთესია, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის ხსენებულ პრობლემას, ეს დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება. თუმცა, ტრამპი უფრო რეალისტი პოლიტიკოსია და შესაძლოა საკმაოდ ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღოს. ფაქტია, რომ ევროკავშირი დიდად არის აშშ-ზე დამოკიდებული. მაგალითად, ევროკავშირს დამოუკიდებლად თანამედროვე იარაღის წარმოება არ შეუძლია და მხოლოდ ახლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უნდა განავითარონ. ფაქტია, დღეს ევროკავშირი დიდადაა აშშ-ზე დამოკიდებული. შესაბამისად, ბრიუსელს მოუწევს ვაშინგტონის ინტერესების გათვალისწინება. პრაქტიკულად, ევროკავშირის ჩინეთთან ნებისმიერი ურთიერთობა არ არის აშშ-ის ინტერესში. იმავდროულად, ევროპა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ივლისში, როცა დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ. დიდი ალბათობით, ტრამპი არ შეცვლის პოლიტიკას ჩინეთთან, მაგრამ საქართველომ უნდა განაგრძოს საკუთარი ინტერესების დაცვა, მით უმეტეს, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოზე სატრანსპორტო დერეფნის გავლით.
- ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულება რომ არ გაგვეფორმებინა და ისე გვქონოდა ეკონომიკური ურთიერთობა, ასეთი გამაღიზიანებელი იქნებოდა?
– რატომ არ უნდა გაგვეფორმებინა? ფაქტია, ჩვენი საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია სატრანსპორტო დერეფანია. სხვა საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია საქართველოს არ გააჩნია და ეს მცირე ზომის ქვეყნისთვის დიდი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური უპირატესობაა.
- ბოლო დროს საქართველომ გაააქტიურა ურთიერთობა არა მარტო ჩინეთთან, არამედ ირანთანაც. აქამდე მიერთებული ვიყავით ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ პრემიერი დადის ირანში და დგას ამერიკის მტრების გვერდით. ეს ყველაფერი თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით რა შედეგებს მოგვიტანს?
– ირანი რეგიონული მოთამაშეა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ ჩინეთის ან მით უფრო, აშშ-ის საპირწონე იყოს. მთავარი ის არის, იქ ჩასვლით რა გაფუჭდა? სომხეთი დღეს ვაშინგტონისთვის მოკავშირედ აღიქმება, მაგრამ სომხეთის პრემიერ-მინისტრიც ჩავიდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ამის გამო ის ვინმემ გააკრიტიკა? აქ მოქმედებს ძალიან მარტივი ლოგიკა – აშშ-ს არ უნდა, რომ “შუა დერეფანი” სრული დატვირთვით ამოქმედდეს. შესაბამისად, რაც უფრო აირევა საქართველოში ვითარება, იქნება არასტაბილური მდგომარეობა, მით ნაკლები შანსი იქნება, რომ სატრანსპორტო დერეფანმა იმუშაოს.
- საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ხომ შეიძლებოდა ჩინური ინვესტიცია ამერიკულს ჩაენაცვლებინა? ანაკლიის პორტით ამერიკის დაინტერესება ახლა მაინც არ იქნებოდა შესაძლებელი? ამ შემთხვევაში კი ის, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის მხოლოდ 51%-ს ფლობს, არ ქმნის საშიშროებას, რომ მოხვდეს ე.წ. ვალების ხაფანგში, თუკი არსებული პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყანას დასავლური ორგანიზაციებიდან ფულის მიღების საშუალება აღარ ექნება, რაც ჩინეთს არაერთგან გაუკეთებია?
– 51%-ის სახელმწიფოს მიერ ფლობა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნების შედეგია. თავიდან, როდესაც ანაკლიის კონსორციუმი შეიქმნა, იქ სახელმწიფოს მიერ საკონტროლო პაკეტის ფლობაზე საუბარიც კი არ ყოფილა. მხოლოდ მაშინ გაჩნდა, როდესაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. შემდეგ ეს პოზიცია განამტკიცა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რაც სწორია. მე მაშინაც, როდესაც ბათუმისა და ფოთის პორტების პრივატიზაცია მიმდინარეობდა, ვამბობდი, რომ სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია არ შეიძლება, რადგან ეს დაკავშირებულია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან, მაგრამ გახსოვთ, კახა ბენდუქიძის პოზიცია “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს, რომელიც იყო მეინსტრიმული, რომ ყველაფრის პრივატიზაცია შეიძლება, სინდისის გარდა. ჩემს სტუდენტებს ვასწავლი, რომ ეკონომიკაში სტრატეგიული ობიექტის განსაზღვრის კრიტერიუმი არ არსებობს. ეკონომიკაში არსებობს მომგებიანი ან წამგებიანი ობიექტი, მაგრამ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ეკონომიკა ხომ არ არის? ის მთელი სოციალური პალიტრაა და მთავარია ეროვნული ინტერესების დაცვა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება. ობიექტის სტრატეგიულობას კი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა განაპირობებს. ყველა ობიექტი, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ფუნქციასთანაა დაკავშირებული, სტრატეგიულია. რადგანაც ეს ფუნქცია არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფანი, ბუნებრივია, ყველაფერი, რაც ამ დერეფნის მუშაობასთან არის დაკავშირებული, სტრატეგიული ობიექტის სტატუსს იძენს. ამიტომ აბსოლუტურად სწორია, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.
- საუბარია იმაზე, რომ თუ დასავლეთი აღარ მოგვცემს გრანტებს, ფინანსური ინსტიტუტებისგან ვეღარ ავიღებთ სესხებს, ჩინეთი კაბალური პირობებით ჩაგვითრევს ხაფანგში და მოგვიწევს ამ პორტის სრულად ჩინეთისთვის დათმობა. ეს საფრთხე არ არსებობს?
– რა საჭიროა სესხის აღება, თუ ის არ გჭირდება. მთავარია, ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იყოს, მაღალი ეკონომიკური ზრდით, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებით. საქართველოს სჭირდება ჩინური ინვესტიციები და ნაკლებად ჩინური სესხები! ჩინურ სესხთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩინური ინვესტიცია კი რატომაც არა…
- დღევანდელი ჩვენი ეკონომიკური განვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ ასეთი დიდი პროექტები სესხის გარეშე გავაკეთოთ?
– სასურველია მოქმედების უმთავრეს პრინციპად ავიღოთ ინვესტიციებზე და არა სესხებზე ფოკუსირება. ანაკლია საინვესტიციო პროექტია და ინვესტიციას გაიღებენ საქართველოს სახელმწიფოც და ჩინური კომპანიაც.
”კვირის პალიტრა”
რუსა მაჩაიძე