ADB საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს 7%-მდე ზრდის

ADB საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს 7%-მდე ზრდის

ADB საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს ზრდის. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 7%-ით ვარაუდობს, მაშინ როცა მიმდინარე წლის აპრილში 5%-იანი ზრდის მოლოდინი იყო. 2025 წლის ზრდის პროგნოზი კი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მომსახურების სფეროსა და შიდა მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ სატრანსპორტო და სასაწყობე სფეროებში, 8.5% საბინაო და კვებით მომსახურებაში, 12.2% საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისებზე და 9.6% საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებებზე. როგორც ADB წერს, შიდა მოხმარებამ — ეკონომიკური წინსვლის მთავარმა მოტივატორმა — გაზარდა შიდა ინვესტიციები. უმუშევრობა 2024 წლის პირველ კვარტალში 14%-მდე შემცირდა.

“საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ურყევ წინსვლას მიუხედავად გეოპოლიტიკური რისკებისა,” – განაცხადა ADB-ის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა, – “ქვეყნისთვის ეს ხელსაყრელი წინაპირობაა განაგრძოს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობაში ინვესტირება”.

ADB ინფლაციაზე წერს, რომ 2024 წლის ივნისში ინფლაციის 2.2%-მდე ზრდის მთავარი მიზეზი სატრანსპორტო ხარჯების გაზრდა, ნავთობპროდუქტებზე არასტაბილური, ხოლო თამბაქოსა და ალკოჰოლზე მომატებული ფასები გახდა. თუმცა, აზიის განვითარების ბანკი აღნიშნავს, რომ შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსისა და ფრთხილი ფისკალური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ თავიდან აიცილა ფასების უფრო სწრაფად მატება.

“2024 წლის პირველ ნახევარში შემოსავლების 18.5%-ით ზრდის შედეგად აღმოიფხვრა ფისკალური დეფიციტი. დაბალანსებულმა ბიუჯეტმა და სტაბილურმა ლარმა მიმდინარე წლის შუა პერიოდში, მშპ-ში სახელმწიფო ვალის წილი 38.9%-მდე შეამცირა, რაც გასულ წელს 39.2% იყო. ჯამურად 30.3%-ით შემცირდა სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან — 71.4%-ით. მკვეთრი ვარდნა ნაწილობრივ დააბალანსა აშშ-სა და ევროპიდან გაზრდილმა გადმორიცხვებმა.

მიმდინარე ანგარიშზე შესაძლოა იმოქმედოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და გეოპოლიტიკურმა რისკებმა და ზეწოლა მოახდინოს გაცვლით კურსზე. ამასთან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორადი ეფექტის შედეგად შეფერხებულმა ვაჭრობამ, შესაძლოა, მიწოდების ჯაჭვებზე იქონიოს გავლენა და ყოველდღიური მოხმარების საქონელზე გაზრდილი ფასების გამო შექმნას ინფლაციური წნეხი”, – წერია ADB-ის რელიზში.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის ახალი, საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს განვითარდეს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ინვესტიციებს, რეფორმებს, ცოდნის გაღრმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებას და რეგიონულ ინტეგრაციას.

ცნობისთვის, 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…