გასამმაგდა თუ არა საქართველოს ეკონომიკა ბოლო 12 წელიწადში? (გააჩნია როგორ გაზომავთ)
- ეკონომიკა
- ოქტომბერი 24, 2024
- 27
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღე დარჩა, საქართველოს მთავრობა კი ხშირად აცხადებს ერთსა და იმავეს, რომ მათი მმართველობის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის ზომა გასამმაგდა. დავთვალოთ, გაიზარდა თუ არა მართლაც ეკონომიკის ზომა სამჯერ და რას ნიშნავს ეს. უცნობია, დაიჯერებს თუ არა მოსახლეობა მთავრობის ამ განცხადებას, თუკი მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი ბოლო 12 წელში არ გასამმაგებულა.
როდესაც ტემპერატურა გაქვთ, თერმომეტრით იზომავთ სიცხეს და ის რიცხვი, რასაც თერმომეტრი აჩვენებს, არის თქვენი ტემპერატურა, აქ სხვა ინტერპრეტაციები არ არსებობს. თუმცა, ეკონომიკის ზომის განსაზღვრა და მით უმეტეს დროთა განმავლობაში მისი შედარება უფრო რთულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც იცვლება იმ ერთეულის მსყიდველობითი უნარი, რითაც ეკონომიკა იზომება ანუ ამ დროს ერთი ცვლადით მეორე ცვლადს ზომავთ, მაშინ როდესაც რეალური გაზომვისთვის ერთი მაინც უნდა იყოს მუდმივი. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ერთი გრადუსი 10 წლის წინ უდრიდა დღევანდელ 0.5 გრადუსს, მაშინ საერთოდ რას ვზომავთ?!
ლარებში მიმდინარე ფასში – ეს მაჩვენებელი ეკონომიკის გასამმაგებას აჩვენებს
საქართველოს მთავრობა სწორედ ლარებში მიმდინარე ფასებში ახდენს ეკონომიკური ზრდის პარამეტრების წარმოჩინებას, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ინფლაციის გათვალისწინებით 2024 და 2012 წლის ლარების ერთ სიბრტყეზე წარმოჩენა, არასწორია. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ 66%-ის ინფლაცია განიცადა. ანუ საქონელი და მომსახურება, რაც 2012 წლის ოქტომბერში, მაგალითად, 100 ლარი ღირდა, ამჟამად 166 ლარი ღირს. შესაბამისად, ეკონომიკის “გასამმაგების” შესახებ განცხადებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ინფლაციურ ზრდაზე მოდის.
მიმდინარე ფასებში ლარებში 2012 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა იყო 27.8 მილიარდი ლარი, წელს კი 89.9 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო მშპ ერთ მოსახლეზე 7,460 ლარს შეადგენდა, რაც წელს 24,033 ლარი იქნება.
მშპ ლარებში მუდმივ ფასებში – ეს მაჩვენებელი ბოლო 12 წელში ეკონომიკის გასამმაგების ნაცვლად 83%-იან ზრდას აჩვენებს
ეკონომიკურ ზრდაზე ინფლაციის ეფექტის გამორიცხვისთვის მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში ეკონომიკური შედარება გავაკეთოთ მუდმივ ფასებში გადაყვანილ ლარებში. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის და მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებელი ბოლო 12 წელში არა სამჯერ, არამედ 83%-ით არის გაზრდილი.
აშშ დოლარში მიმდინარე ფასებში ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკა 96%-ით გაიზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა მიმდინარე ფასებში შეადგენდა 16.9 მილიარდ დოლარს, 2024 წელს მიმდინარე ფასებში საქართველოს ეკონომიკის ზომა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 33.2 მილიარდი დოლარი იქნება. ეს კი 12-წლიან პერიოდში ჯამურად 96%-იან ზრდას ნიშნავს. რაც შეეხება ერთ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობას, 2012 წელს ის 4,518 დოლარს შეადგენდა, წელს კი IMF-ის პროგნოზით 8,883 დოლარი იქნება.
საერთაშორისო PPP დოლარებში კი 2012-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზომა 164%-ით გაიზარდა
PPP დოლარი არის აბსტრაქტული ცნება, რომელიც მიზნად ისახავს მსყიდველობითი პარიტეტის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების მსყიდველობითი პოტენციალის მიხედვით. ამისთვის აღებულია ის მსყიდველობითი პოტენციალი, რაც აშშ-ში აქვს 1 დოლარს და ეს მსყიდველობითი პოტენციალი გადათარგმნილია იმ მსყიდველობით პოტენციალში, რაც პირობითად ერთ დოლარს აქვს მსოფლიოს გარშემო. ლოგიკურია, რომ 1 დოლარად აშშ-ის სუპერმარკეტში უფრო ცოტა საქონელი მოგივათ, ვიდრე ვიეტნამში და ზოგადად მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მსყიდველობითი პოტენციალი უფრო ახლოსაა იმ მსყიდველობით შესაძლებლობასთან, რაც ერთ დოლარს აქვს აშშ-ში, ხოლო რაც უფრო ღარიბია ეკონომიკა ერთი დოლარით ფარდობითად უფრო მეტი საქონლისა და მომსახურების მიღება შეიძლება ერთ დოლარად, ვიდრე აშშ-ში. მაგალითად, თუკი 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა რეალურ დოლარებში მიმდინარე ფასებში იქნება 33.2 მილიარდი დოლარი, PPP დოლარებში საქართველოს ეკონომიკის ზომა წელს 102.2 მილიარდი PPP დოლარი იქნება, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში 1 დოლარი უდრის 3.08 PPP დოლარს. ამ მაჩვენებლით, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა იყო 38.7 მილიარდი PPP მილიარდი დოლარი, შესაბამისად, ბოლო 12 წელში PPP დოლარებში საქართველოს ეკონომიკა 164%-ით არის გაზრდილი.
PPP დოლარს ერთი ნაკლი აქვს, ის არ არსებობს. თქვენ ვერ შეიძენთ ვერც მანქანას, ვერც სახლს თუ აგარაკს PPP დოლარში და ნებისმიერი მსგავსი ტრანზაქციის შესასრულებლად არა PPP დოლარის, არამედ ნამდვილი დოლარის გამოყენება მოგიწევთ. ნამდვილ დოლარებში კი საქართველოს ეკონომიკის ზომა ბოლო 12 წელში არა 164%-ით, არამედ 96%-ით არის გაზრდილი.
შესაბამისად, გვაქვს ოთხი სხვადასხვა მეთოდოლოგიით გაზომილი ეკონომიკური ზრდის შედეგები, რომელი დგას უფრო ახლოს რეალობასთან, ეს თავად მკითხველს შეუძლია რომ განსაზღვროს:
- მშპ ლარებში მიმდინარე ფასებში – ზრდა სამჯერ ბოლო 12 წელში;
- მშპ ლარებში მუდმივ ფასებში – ზრდა 83%-ით ბოლო 12 წელში;
- მშპ დოლარებში მიმდინარე ფასებში – ზრდა 96%-ით ბოლო 12 წელში;
- მშპ საერთაშორისო PPP დოლარებში – ზრდა 164%-ით ბოლო 12 წელში.
bm.ge