რა ელოდება ქართულ ეკონომიკას
- ეკონომიკა
- დეკემბერი 10, 2024
- 12
საქართველოში მასობრივი პროტესტის ფონზე, რაც "ოცნების" მიერ ევროკავშირთან დემარშის განცხადებას მოჰყვა, ლარმა ჯერ სწრაფად დაიწყო გაუფასურება, თუმცა შეჩერება მალევე მოხერხდა. ქვეყანაში კი არ წყდება პროტესტი, ბიზნესები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ ევროკავშირის მხარდამჭერ განცხადებებს და უკვე დაიწყო გაფიცვებზე საუბარიც. ეს ყველაფერი რა გავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკაზე, თუნდაც ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში და რა გათვლა შეიძლება ჰქონოდა "ოცნებას", როდესაც დემონსტრაციულად განაცხადა ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეწყვეტის შესახებ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.
– ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია. მძიმე ვითარებაა, პრეზიდენტით დაწყებული და იმ ოთხი ოპოზიციური პარტიით დამთავრებული, რომლებიც ჯერჯერობით არ შედიან პარლამენტში და არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. დასავლეთიდან ამ მოთხოვნას ძალიან ბევრმა დაუჭირა მხარი. სინამდვილეში კი ვითარება ჩვენ უნდა შევაფასოთ იქიდან გამომდინარე, თუ რას ითხოვს საქართველოს კონსტიტუცია, რათა ქვეყანა არ გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. ახლა რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ისევ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს, შედეგები ისევ გაყალბებულად ჩაითვლება? ეს კითხვა რომ არ არსებობდეს, უნდა იყოს “ვიღაც” მაღალი დონის არბიტრი, ვინც რეალურად იტყვის, არჩევნები მართლა გაყალბდა თუ არა. ასეთ ინსტიტუტს გამოგონება არ სჭირდება – ეს ეუთო/ოდირია. როგორც წესი, ეს ორგანიზაცია აღიარებულია უმაღლეს ინსტანციად, ვინც აკვირდება არჩევნებს. მისი წარმომადგენლები აკვირდებიან არჩევნებს პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში, დაწყებული აშშ-დან. არცთუ დიდი ხნის წინ მათ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებზე პირველადი შეფასება გააკეთეს და ჯერჯერობით რა შეფასებაც არის და რაც საზოგადოებამ ვიცით, იქ არ წერია, რომ არჩევნები გაყალბებულია, არ წერია, რომ არჩევნები თავიდან უნდა დაინიშნოს. იქ საუბარია იმაზე, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რომ არჩევნების დღის განმავლობაში, ძირითადად, იყო სიმშვიდე, ანუ პოზიტიური შეფასებებია და, იმავდროულად, ამ ფორმულირებით ეუთო/ოდირმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მთავრობა ლეგიტიმურია და მოსთხოვა, როცა დეტალური შეფასება გამოქვეყნდება, იქიდან უკვე შეიძლება რეკომენდაციების სახით დაგეხმაროთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მომავალ არჩევნებზეო. თუ ეუთო/ოდირი არის უმაღლესი საერთაშორისო ინსტანცია არჩევნების შეფასებაში და მას არ მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ რატომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები? ასე ნებისმიერ დამარცხებულ პარტიას ყოველთვის შეუძლია თქვას არგუმენტების გარეშე, რომ არჩევნები გაყალბდა. ასევე ცუდ როლს თამაშობს ქალბატონი პრეზიდენტი, რადგან იმის გამო, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეც არის, აქვს ფრანგული და ამერიკული განათლება, მას ანგარიშს უწევენ და მიაჩნიათ, რადგან პრეზიდენტმა არ აღიარა არჩევნების შედეგები (თუმცა არავინ სთხოვდა, ეღიარებინა, რადგანაც ასეთი ფორმალური ვალდებულება არ არსებობს), მაინც იჯერებენ. დასავლეთში ბევრი აჩქარდა და ეს ახლა რეალურად გამოიკვეთა. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახადა ფარდა ქალბატონ სალომეს ქმედებას, რომ ის პირდაპირ ითხოვს, არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, მაგრამ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას და ქართველების არჩევანს პატივი უნდა ვცეთო. ასეთ გაურკვეველ ვითარებაში არის ქვეყანა. ვინც დღეს არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, არჩევნების წინ გაიძახოდა, ელექტრონული არჩევნები ამერიკული ტექნოლოგიით ტარდება და გაყალბება შეუძლებელიაო.
- ახლა ხომ არჩევნების გაყალბების გამო არ არის პროტესტი? ახლა აპროტესტებენ კონსტიტუციის დარღვევას, დასავლური კურსის ცვლილებას, ევროკავშირზე უარს. კობახიძის განცხადების მერე რეალობა ძალიან შეცვლილია...
– რა თქმა უნდა, ამ თემაზეც მოგახსენებთ ჩემს აზრს, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ობიექტურად უნდა იყოს შეფასებული, იყო თუ არა არჩევნებში რამე დარღვევა, თუ იყო, რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა საბოლოო შედეგებზე.
ახლა რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას. ნებისმიერი ძალადობა, ნებისმიერი ვანდალიზმი დასაგმობია და არ შეიძლება იქნეს წახალისებული.
სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგებინონ ყველას, ვინც ჩაიდინა ვანდალიზმი და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩაიდინა ძალადობა, იქნება ის საპროტესტო აქციის მონაწილე თუ პოლიციელი, რადგან პირველ რიგში პოლიციას ევალება კანონისა და წესრიგის დაცვა. ამიტომ ეს აუცილებლადაა გამოსაძიებელი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – აუცილებელია კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეს ქვეყანა. ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში ქვეყანას მოუწია კონსტიტუციიდან გასვლამ და ეს ნამდვილად ძალიან ცუდი იყო. ამიტომ არჩევნები არის ერთ-ერთი მექანიზმი კონსტიტუციურ ჩარჩოში დარჩენის, თუმცა არჩევნების დანიშვნასაც აქვს თავისი კონსტიტუციური მექანიზმი! ამასთან, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მომავალში დამარცხებული პარტია არ იტყვის, არჩევნები გამიყალბეს და არ ვაღიარებ შედეგებსო. სწორედ ამისთვის არის აუცილებელი, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას დაველოდოთ.
- თქვენც ფიქრობთ, რომ ახლა გამოსავალი რიგგარეშე არჩევნები იქნება?
– ახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელია დაველოდოთ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები. ახლა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაა საჭირო.
კიდევ ერთი, რაზეც მინდა პოზიცია დავაფიქსირო – ჩემთვის და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის საქართველოს არჩევანი ერთმნიშვნელოვნად ევროპაა. ეს ისტორიული არჩევანია და ამაზე ეჭვი არ უნდა გაგვიჩნდეს. თუმცა არის არანაკლებ მნიშვნელოვანი შემდეგი პრობლემაც – გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის მოქცეული ჩვენი რეგიონიც და მთლიანად მსოფლიოც. ტურბულენტობა საკმაოდ მაღალია და შესაძლებელია ძალიან სერიოზული შეცდომის დაშვება.
- ზუსტად ამ ვითარებაში რა საჭირო იყო ოფიციალური განცხადების გაკეთება, მით უმეტეს, რომ ვალდებულებებს ისედაც არ ასრულებენ და მაინც არავინ დაიწყებდა ჩვენთან მოლაპარაკებას?
– წარმოვადგენ რა აკადემიურ სფეროს, მთავრობასთან უშუალოდ დაკავშირებული არა ვარ, რის გამოც არ ვიცი, ეს განცხადება კონკრეტულად რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს. ჩემთვის რომ ეკითხათ, გავაკეთოთ თუ არაო, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ახლა მაქვს ხელთ, ასეთი განცხადების გაკეთებას ნამდვილად არ ვურჩევდი.
- ახლა თავს იმით იმართლებენ, ასოცირების შეთანხმებას შევასრულებთ და მზად ვიქნებითო. გასაგებია, რომ ასოცირების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი ევროკავშირის წევრობისთვის და მეორე, 2028 წელს რომც დაიწყონ მოლაპარაკებები, რაც დღევანდელი გადასახედიდან თავისთავად ძალიან არარეალისტურია, 2030 წელს როგორ გავწევრდებით, როდესაც გამოცდილება აჩვენებს, რომ მინიმუმ 7 წელი მაინც არის ამისთვის საჭირო. ამიტომ, თქვენი შეფასებით, "ოცნების" ეს განცხადებები რას ემსახურება?
– ჯერ ერთი, ასოცირების შეთანხმების სრულად შესრულება ლომის წილად განსაზღვრავს ევროკავშირში გაწევრება-არგაწევრების საკითხს. უფრო კონკრეტულად, გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავად ბრიუსელი აცხადებს, ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვისაა შესაძლებელიო. დანარჩენს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ გააჩნია. მე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც აკადემიური, ასევე ხელისუფლებაში ყოფნის წლები, სწორედ ამ მიზანს ვემსახურებოდი. ჩემი აშშ-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი წიგნის სათაურია Becoming European. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. ასევე აუცილებლად გავიმეორებ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს.
სახელმწიფო გადატრიალებები და რევოლუციები კარგის მომტანი არ იქნება!
- ამ ფონზე ჩვენს ეკონომიკას რა საფრთხე ელოდება და რაც მთავარია, ეს რიგით მოქალაქეებზე როგორ აისახება?
– კარგი არაფერი ელოდება, თუ გაგრძელდება მკვეთრი პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – როდესაც პოლიტიკური არასტაბილურობაა, როდესაც ასეთი დაძაბულობაა, ამ დროს ბიზნესი თუ რიგითი მოქალაქეები ცდილობენ რისკების დაზღვევას, რისკების დაზღვევა კი არის კუთვნილი ეროვნულ ვალუტაში არსებული თანხის სტაბილურ ვალუტაში გადატანა ანუ ლარის გადაყვანა აშშ დოლარში. ეს გადაყვანა კი ნიშნავს, რომ იზრდება მოთხოვნა დოლარზე და შესაბამისად, ეროვნული ვალუტა უფასურდება. მაშასადამე, რაც უფრო იზრდება რისკები, მით უფრო უფასურდება ეროვნული ვალუტა. ჩვენ ვნახეთ, რომ თბილისში მკვეთრი დაპირისპირების პირველ დღეებში ლარის გაცვლითმა კურსმა საკმაოდ მნიშვნელოვანი რყევა განიცადა. თუმცა დღეს ლარი უკვე ისევ გამყარების პროცესშია.
თუ დაპირისპირების მუხტი იზრდება, პირველ რიგში ეს აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე და როგორც კი სიტუაცია ნაკლებად დაძაბული ხდება, რა თქმა უნდა, ლარი ძველ ნიშნულს მაშინვე ვერ დაუბრუნდება, მაგრამ გამყარებას იწყებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ძალიან ფაქიზი მექანიზმია. ღმერთმა დაიფაროს, რომ ჩამოიშალოს ეროვნული ვალუტა, ეს კატასტროფა იქნება.
ამას წინათ წავიკითხე ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის მორის ობსტფელდის საინტერესო სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინზი ჯერ კიდევ 1919 წელს წერდა: “საზოგადოების არსებული საფუძვლის დასამხობად არ არსებობს უფრო დახვეწილი და საიმედო საშუალება, ვიდრე ვალუტის გაუფასურებაა” და იქვე აკეთებს მინიშნებას, რომ ეს იდეა მან ლენინისგან გაიზიარა, რომელიც წერდა, რომ “ვალუტის გაუფასურება კაპიტალისტური სისტემის განადგურების საუკეთესო გზაა”. არ ვიცი რამდენად გაცნობიერებულად, მაგრამ სწორედ ამ ხერხს იყენებს რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი ექსპერტი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება საქართველოსთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა, მით უფრო იმ მწარე გამოცდილების საფუძველზე, რაც 1990-იან წლებში გვაქვს გადატანილი კუპონიზაციის პერიოდში. ახლა კი ოპოზიციურ ძალებსა და მასთან დაკავშირებულ საექსპერტო წრეებში არის “მოთქმა”, ლარი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო აუცილებლად ჩამოიქცევაო. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკაში არ არსებობს ისეთი ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ეკონომიკურ განვითარებას ან ლარის სტაბილურობას, მაგრამ თუ მკვეთრი პოლიტიკური დაპირისპირება გაგრძელდება, ეს აისახება ლარზე, რაც ზეგავლენას იქონიებს მთლიანად ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
- დარჩენილი სავალუტო პანიკის ჩასაქრობად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად რამდენ ხანს გაგვწვდება?
– მე ამ საკითხს ნამდვილად ასე არ დავაყენებდი. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სიტუაციის გამძაფრების გამო გაუფასურდა ლარი. შედეგად ეროვნულ ბანკს რეზერვების ნაწილის დახარჯვამ მოუწია. ვიდრე ვითარება უმწვავეს სტადიაში გადაიზრდებოდა, ეროვნულმა ბანკმა ათეულობით მილიონი დოლარი იყიდა და რეზერვები გაზარდა. როგორც წესი, დეკემბერში, როდესაც ადამიანები ემზადებიან საახალწლოდ, ახლობლების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები ლარში გადაჰყავთ, რათა საახალწლო საყიდლები შეიძინონ. ბუნებრივია, როდესაც უცხოურ ვალუტას ლარში ახურდავებენ, იზრდება მოთხოვნა ლარზე და ეროვნული ვალუტა მყარდება. ეს პროცესი კი დაიწყო ცოტა ხნის წინ, მაგრამ მორიგი რყევა გამოიწვია იმ უმწვავესმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ამ დაპირისპირებას თუ ლარის კონტექსტში განვიხილავთ, ეს არავისთვის არ არის კარგი.
ლარის გაუფასურება პირველ რიგში დარტყმაა ყველაზე დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე, რადგან ვალუტის გაუფასურება აუცილებლად აისახება ნებისმიერი საქონლის იმპორტის გაძვირებაზე, იქნება ეს ნავთობპროდუქტები თუ სხვადასხვა სამომხმარებლო საქონელი. ეს გაძვირება, ცხადია, მდიდრებს ნაკლებად გაურთულებს ცხოვრებას, ხოლო საშუალო და, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიანებს, გაცილებით მეტად.
- ვართ უკვე იმ ეტაპზე, რომ მომავლის შიშით ხალხმა უკვე დაიწყოს დაზოგვა და საახალწლოდ ვერ გამყარდეს ლარი?
– პროცესების განვითარების რამდენიმე სცენარია მოსალოდნელი. კერძოდ, თუ საპროტესტო აქციები მშვიდობიან ხასიათს მიიღებს, მაშინ ლარის კურსი უმთავრესად სტაბილური იქნება. თუ საპროტესტო აქციები კვლავ არამშვიდობიანი იქნება, როგორც პირველ დღეებში იყო, მაშინ ეს ლარის გაუფასურებაზე უშუალოდ აისახება. ფაქტია, როგორც კი მშვიდობიანი გახდა საპროტესტო აქცია, ლარმაც მცირედით, მაგრამ მაინც დაიწყო გამყარება.
- მოსალოდნელია, რომ ტურისტების ნაკადი შემცირდება. ეს რა გავლენას მოახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე და ლარის გაუფასურებასთან ერთად, როგორ ინფლაციას ელოდებით?
– ასეთ ვითარებაში, რაც დღეს დედაქალაქშია, ტურისტების შემოსვლა, რა თქმა უნდა, პრობლემური შეიძლება გახდეს. უმთავრესად რუსთაველის გამზირზეა ყველა ძირითადი ბრენდული სასტუმრო და წარმოიდგინეთ, ახლა ვინც იქ ცხოვრობს, კიდევ გაჩერდებოდა იქ, თუნდაც ერთი უძილო ღამის შემდეგ? რა დაცულადაც არ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი, თუნდაც ერთი უძილო ღამე აიძულებს სხვა სასტუმროში გადავიდეს, ან სულაც დატოვოს ქვეყანა. ბუნებრივია, შექმნილი სიტუაცია ტურისტებს აფრთხობს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოხერხდება, რომ აქციებმა მშვიდობიანი ფორმატი შეინარჩუნოს. რაც შეეხება მთიან კურორტებს, ღვთის მადლით, იქ პრობლემები არ არის.
- კობახიძემ თქვა, რომ უარს ამბობენ ევროკავშირის დახმარებაზე. ეს რამდენად პრობლემური იქნება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის?
– ევროპული დახმარების გარეშე ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას ხელი არ შეეშლება, რადგან ეს არ არის იმ ოდენობის დახმარება, რომ უშუალოდ ამაზე ახდენდეს გავლენას.
დღეს საქართველო არ არის 1990-იანი წლების მდგომარეობაში, რომ უშუალოდ ამ დახმარების გარეშე ვერ შეძლოს განვითარება, მაგრამ ცუდი იქნება, თუ ევროპული დაფინანსების შეჩერება ზეგავლენას იქონიებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიყავით ევროკავშირის ფინანსური პაკეტების, მაგრამ ეს ის თანხა არ არის, რასაც შეუძლია საქართველოს ეკონომიკა ჩამოაქციოს. თუმცა, თუ პრეცედენტი შეიქმნება და შესაძლოა მერე ამას სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მიჰბაძონ, რა თქმა უნდა, ეს უკვე საფრთხის შემცველი იქნება. ამიტომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, ყველას ეყოფა გონიერება, რომ ქართული სახელმწიფო ამგვარი საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
რუსა მაჩაიძე/ კვირის პალიტრა