რატომ ყიდულობს ჩინეთი რეკორდული მოცულობის ოქროს და ვის აქვს უდიდესი რეზერვი?

რატომ ყიდულობს ჩინეთი რეკორდული მოცულობის ოქროს და ვის აქვს უდიდესი რეზერვი?

გასული 2024 წლის განმავლობაში მსოფლიოში არაერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი იყო სახელმწიფოების მხრიდან ოქროს შესყიდვის ზრდა. როგორც ჩანს, შარშან ყველაზე აქტიური ჩინეთის მთავრობა იყო, რომელმაც 44 ტონა ძვირფასი მეტალი შეიძინა და ცენტრალური ბანკის რეზერვის მოცულობა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე – 2,280 ტონამდე გაზარდა. ამჟამად ჩინეთი რიგით მე-6 უმსხვილეს რეზერვს ფლობს მსოფლიოში და სავარაუდოდ, ოქროს შესყიდვის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ოქროს შესყიდვის მიმართულებით ჩინეთის გააქტიურება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის ერთ-ერთია ქვეყანაში ეკონომიკური რისკების დაგროვება. მოგეხსენებათ, ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კრიზისშია, მისმა კოლაფსმა კი, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიამდე მიიყვანოს, ასეთ რთულ ვითარებაში თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალება კი ოქროა, რომელიც ღირებულებას ყველაზე ცუდ ვითარებაშიც ინარჩუნებს და ქვეყნის მთავრობას ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას უკავშირდება, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, ტარიფებს და შეზღუდვებს აანონსებს. ცხადია, ამ მოვლენას პეკინში ნეგატიურად უყურებენ, ამიტომ ამერიკიდან მომავალი საფრთხისგან თავის დასაცავად, როგორც ჩანს, ჩინეთში ოქროს ირჩევენ.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ოქრო საინვესტიციო აქტივია, რომელსაც, ისტორიულად, ზრდა ახასიათებს, ამიტომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სარგებლის მიღება და ამონაგების გაზრდა სურს, რაშიც ცუდი არაფერია.

ჩინეთის გარდა, ოქროს სხვა სახელმწიფოებიც ყიდულობენ, ზოგიერთი მათგანი კი კოლოსალური ზომის რეზერვსაც აკონტროლებს, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც რეკორდული მოცულობის 8,133 ტონა ოქროს ფლობს. მეორე ადგილზე გერმანიაა და ის 3,351 ტონა ოქროს აკონტროლებს. რეიტინგში ასევე შეხვდებით იტალიას, საფრანგეთსა და რუსეთს, რომელთაც ოქროს რეზერვები საშუალოდ 2,400 ტონის ფარგლებში აქვთ.

ზოგადად, ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია. ოქროს ყიდვა-გაყიდვა როგორც ფიზიკური, ასევე ფასიანი ქაღალდის ფორმითაა შესაძლებელი. ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.

ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება.

ოქროს მორიგი უპირატესობა ინფლაციას უკავშირდება. ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოქრო თავის მსყიდველობით უნარს და ღირებულებას მაშინაც კი ინარჩუნებს, როდესაც ინფლაციის დონე მკვეთრად იზრდება.

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იუველირების ქცევა კი ძვირფასი სამკაულების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია – ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში სიტუაციაზე

დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია –…

გაერო-ს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთში სიტუაცია შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, ამიტომ მხარეები დიპლომატიას უნდა დაუბრუნდნენ. მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე…
წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები განისაზღვრა – საგნების ჩამონათვალი

წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები განისაზღვრა – საგნების ჩამონათვალი

ცნობილია, რომელ ფაკულტეტზე რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ წელს აბიტურიენტებს ქართული და უცხო ენის გარდა. შესაბამის ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ…
მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური…

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს…