ყაზახური ხორბლის შემოტანა ფქვილის ფასს დაასტაბილურებს – ასოციაცია

ყაზახური ხორბლის შემოტანა ფქვილის ფასს დაასტაბილურებს – ასოციაცია

მეხორბლეთა ასოციაციაში ელიან, რომ ქვეყანაში ყაზახური სუბსიდირებული ხორბლის შემოტანა ფქვილის ფასზე დამაბალანსებელ ეფექტს იქონიებს, რადგან რუსული ხორბლის ღირებულება იზრდება.

ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას შეფასებით, ყაზახეთის მიერ 2 მლნ ტონა ხორბლის ტრანსპორტირების ხარჯის სუბსიდირება, ყაზახურ მარცვლეულს რუსულ ხორბალთან მიმართებით კონკურენტუნარიანს ხდის. მისივე ინფორმაციით, დღეისთვის ყაზახური ხორბლის შემოტანაზე რამდენიმე კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და შემოტანა დაახლოებით 2 კვირიდან 1 თვის განმავლობაში მოხდება.

„საქართველომდე მოტანილი ყაზახური ხორბალი სატრანსპორტო ნაწილში დაახლოებით $40-ით დასუბსიდირდება, თუ შავი ზღვის პორტამდე მოვიდა და იქიდან გავიდა, მაშინ სუბსიდია $60ია. რეალობა რომ ავიღოთ, საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოტანა 80-100 დოლარის ფარგლებში გვიჯდებოდა. 40-60 დოლარი საკმაოდ სერიოზული სუბსიდირებაა და ეს იწვევს იმას, რომ ყაზახური ხორბალი საქართველოში შემოტანისთვის კონკურენტუნარიანია.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავლენას იქონიებს ფასებზე, რადგან თუ რეგიონალურად შევხედავთ, რუსეთიდან გამომდინარე ხორბლის ფასები იზრდება, რადგან იქ კვოტირების მექანიზმი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 თებერვლის შემდეგ რუსეთიდან 10 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტი მოხდება. გასულ წელს, ეს რიცხვი 25 მლნ ტონა იყო. შესაბამისად, რუსეთიდან ფასი გამოწვევაა, ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა კი ძალიან კარგად დაემთხვა, ის კონკურენციის პირობებში შედის და დღეისთვის უფრო იაფი გამოდის”, – განმარტა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, ყაზახური ხორბლის შემოტანა საქართველოში ფქვილის ფასის დასტაბილურებას უფრო გამოიწვევს, და არა შემცირებას. ამის მიზეზი კი ბაზარზე ხორბლის გაძვირებაა.

“ეს იქნება გაძვირებულ ხორბალზე იაფი ყაზახური ხორბალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრისთვის. რუსეთში ხორბლის გაძვირებაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: ექსპორტის კვოტირება და რუსეთში რუბლის გამყარება, რის გამოც ჩვენ რუსულ ხორბალში მეტის გადახდა გვიწევს. ეს ორი ფაქტორი რუსული ხორბლის ფასს ზრდის. შესაბამისად, ამ ვითარებაში ყაზახური სუბსიდირებული ხორბლის შემოტანა დადებითია. თუმცა ეს მოკლევადიანი იქნება, რადგან ყაზახეთი მხოლოდ 2 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტს ასუბსიდირებს და ეს ეფექტი იმოქმედებს მანამ, სანამ ეს მოცულობები ამოეწურებათ“, – განმარტა სილაგავამ.

ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იმასაც აღნიშნავს, თუ რა შემთხვევაში ექნება ყაზახური ხორბლის იმპორტს სისტემური დადებითი ეფექტი ადგილობრივ ბაზარზე.

„ყაზახეთი დაუბრუნდა საქართველოს პორტში ტერმინალის მშენებლობის პროექტს, რაც ყაზახურ ხორბალს მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის საქართველოს პორტების გავლით გასვლის საშუალებას მისცემს. თუ ეს პროექტი ახლა განხორციელდება, მაშინ ეს შეიძლება განვიხილოთ საქართველოსთან მიმართებით როგორც მუდმივი ეფექტის მქონედ, რადგან სატრანსპორტო მდგენელი ბუნებრივად შემცირდება და შეიძლება საქართველოს ბაზარზე რუსული ხორბლის ჩანაცვლებაც ვიხილოთ“, – აღნიშნავს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის, იანვარში ხორბლის იმპორტი შემცირდა. ამ პერიოდში საქართველოში 5 მილიონ 288 ათასი დოლარის ღირებულების 22 041 ტონა ხორბალი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის იანვარში იმპორტი $7.7 მილიონსა და 31 226 ტონას აღწევდა. მარცვლეული იანვარში მხოლოდ რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოვიტანეთ. აქედან რუსეთიდან იმპორტირებული 19 451 ტონა ხორბლის ღირებულება 4.7 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2 590 ტონა ყაზახური ხორბლის ღირებულებამ მხოლოდ 590 ათასი დოლარი შეადგინა.

საქართველომ $93 მილიონის რუსული ხორბალი და ფქვილი იყიდა – 2024 წლის სტატისტიკა

 

ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს დაასუბსიდირებს, მიზეზი 2024 წელს რეკორდული მოსავალია, რომლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირება განხორციელდება. ამ მიზნით რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგე გამოიყოფა, რაც შესაძლებლობას იძლევა 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი წახალისდეს. ტრანსპორტირების ხარჯები დასუბსიდირდება როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს შავი ზღვის პორტების გავლით ექსპორტისას.

მსგავსი სიახლეები

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, ჰიდროელექტროსადგურის – „ოსიაური ჰესის“ – მშენებლობა იგეგმება. პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე გარემოზე ზემოქმედების კვლევა უკვე გამოქვეყნდა.…
“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ფინანსური შედეგები 2023…
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ…

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…