ტურიზმის ადმინისტრაცია ინდოელ ინფლუენსერებსა და ვიდეოგრაფებს მასპინძლობს

ტურიზმის ადმინისტრაცია ინდოელ ინფლუენსერებსა და ვიდეოგრაფებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინფლუენსერები და ვიდეოგრაფები წამყვანი საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმებისთვის ვიდეორგოლებს ამზადებენ. ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე დაგეგმილი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლები სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდება, მათ შორის: Instagram, YouTube, Thomas Cook, Tripoto, Thrillophilia და სხვა.

„ინდოეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსხვილ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. წლის დასაწყისიდან ინდოეთის რამდენიმე ქალაქში ჩავატარეთ ღონისძიებები, მიმდინარეობს კამპანიები როგორც ციფრულ, ასევე ტრადიციულ მედიაში. ამჟამად საქართველოში ვმასპინძლობთ ჯგუფს, რომელიც ამზადებს ვიდეორგოლებს და ფოტომასალას, რათა საქართველოს, როგორც ქვეყნისა და ახალი ტურისტული დანიშნულების, პოპულარიზაცია მოხდეს ინდოეთში,“ – განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურის ფარგლებში 7-კაციანი ჯგუფი თბილისში გადაიღებს ნარიყალასა და მთაწმინდას, კახეთში – ნაფარეულს, ყვარელს, მარნებს და ქვევრის მუზეუმს. ტურის მონაწილეები ეწვევიან მცხეთა-მთიანეთს, გადაიღებენ გერგეტის სამებას, სტეფანწმინდასა და გუდაურს, ქვემო ქართლში კი – დაშბაშის კანიონს; იმერეთში – ქუთაისსა და წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს; სამეგრელოში – მარტვილის კანიონს; სვანეთში – უშგულსა და მესტიას; ხოლო აჭარაში – ბათუმსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.

“საქართველოში ვაპირებ მეგობრებთან ერთად მოგზაურობას. მინდა, ჩემმა მშობლებმაც მოინახულონ საქართველო. ძალიან მომეწონა ქართული სამზარეულო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა, რაც კი ოდესმე მინახავს – მთები, ზღვა, მინდვრები – აქ ყველაფერი ერთიანადაა წარმოდგენილი. გამოვარჩევდი ხალხს და საოცარ სტუმართმოყვარეობას. ჩვენ ინდოეთში ვამბობთ: Atithi Devo Bhava – სტუმარი ღმერთია, თქვენ კი ამბობთ: სტუმარი ღვთისაა. ეს კულტურული მსგავსებაა, რაც ორ ქვეყანას აერთიანებს,“ – ამბობს ტურის მონაწილე აბიჯიტ სინგი.

ვიდეოკლიპში წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ბუნება, სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტები, ქართული სამზარეულო და ღვინო.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასულ თვეს, ინდოეთის ტურისტული ბაზრის ათვისებისთვის მარკეტინგულ კომპანია THINKSTRAWBERRIES LUXURY TRAVEL MARKETING PVT LTD-სთან გააფორმა კონტრაქტი. გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება $407,572 აშშ დოლარს შეადგენს და ის მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას ინდოელ, მაღალშემოსავლიან მოგზაურებში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ინდოელი ტურისტების, განსაკუთრებით მაღალშემოსავლიანი მოგზაურების ნაკადის ზრდას, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე.

რაც შეეხება ინდოელი ტურისტების სტატისტიკას, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინდოეთიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.4%-ით გაიზარდა და 75 893 შეადგინა. TOP-10 ქვეყანას შორის კი, ვიზიტების მხრივ ინდოეთი მეექვსე ადგილზეა რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის და აზერბაიჯანის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

“უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს დაცული” – ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში

“უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს…

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშში, რომელიც საქართველოში ვითარების შესახებ დღეს გამოქვეყნდა, ნახსენებია უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვის აუცილებლობა. კერძოდ, საქართველოსთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უმაღლესი…
6-ზე მეტი წლის ავტომობილების იმპორტს მთავრობა აღარ კრძალავს. გაიზრდება აქციზის ტარიფი – ირაკლი კობახიძე

6-ზე მეტი წლის ავტომობილების იმპორტს მთავრობა აღარ კრძალავს. გაიზრდება…

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ პრემიერ-მინისრმა ირაკლი კობახიძემ  ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა. “ჩვენ შემოვიღეთ…
მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან სრული გრაფიკით იმუშავებს

მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან სრული გრაფიკით იმუშავებს

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ სადგური სრულად იხსნება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ…