“მოსავლის მართვის კომპანია” ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა
- ეკონომიკა
- აგვისტო 12, 2025
- 223
“მოსავლის მართვის კომპანია” ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა – ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ 7 აგვისტოს მიღებული განკარგულება. დოკუმენტის თანახმად, კომპანია და მისი სრული აქტივები, მათ შორის ღვინის და სპირტის რეზერვები ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.
“მოსავლის მართვის კომპანია” 2020 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამის განხორციელების მიზნით დაფუძნდა. კომპანია ამჟამად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაშია, მის მართვაზე პასუხისმგებელი კი სოფლის განვითარების სააგენტოა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ია. თუმცა, როგორც ამჟამად მთავრობამ ჩათვალა, აღნიშნული კომპანიის უფრო ეფექტიანი მართვა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნება შესაძლებელი.
2025 წლის რთველისთვის კომპანია სუბსიდირების 50-მილიონიანი პაკეტით უკვე ემზადება, აღნიშნული თანხით რთველის დროს ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის ჩაბარება უნდა მოხდეს, რომლის მოცულობაც სავარაუდოდ 40-50 ათასი ტონა იქნება. აღნიშნული ყურძნისგან მოსავლის მართვის კომპანია ღვინომასალას და საბრენდე სპირტს აწარმოებს, რომლის პრივატიზებაც ეტაპობრივად ხდება.
თუმცა, როგორც მოსავლის მართვის კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ჩანს, ჭარბი ყურძნისგან დამზადებული სპირტის და ღვინომასალის რეალიზაცია განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, ამის გამო ეს პროდუქტები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდება. კერძოდ 2024 წლის განმავლობაში კომპანიის აქტივები თავდაპირველად 102 მილიონ ლარად იყო შეფასებული, თუმცა შემდგომში ეს აქტივები 60%-ზე მეტად, 39 მილიონ ლარამდე ჩამოფასდა. 2024 წელს კომპანიამ მხოლოდ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების საქონლის გაყიდვა შეძლო. პრივატიზაციის მოცულობა გაიზარდა 2025 წელს და რეალიზებული საქონლის ღირებულება 25.4 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ფაქტობრივად ყველა აუქციონი რომელიც კომპანიამ გამართა სამჯერ ჩაიშალა, რის გამოც კომპანიამ საქონელი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაყიდა.
კერძოდ, წლის პირველ ნახევარში კომპანიის მიერ გაიყიდა 19.2 მილიონი ლარის 3,482,000 ლიტრი სპირტი, 3.3 მილიონი ლარის 2,678,000 ლიტრი საფერავი, 1.5 მილიონი ლარის 1,500,000 ლიტრი მუკუზანი, 767,000 ლარის ღირებულების 149,180 ლიტრი ხვანჭკარა, 424,000 ლარის 69,000 ლიტრი ტვიში და 186,000 ლარის 22,000 ლიტრი უსახელაური.
ეს წარმოადგენდა მნიშვნელოვნად ფასდაკლებულ ფასს, რადგანაც ხვანჭკარას შემთხვევაში ლიტრის რეალიზაცია 5.14 ლარად მოხდა, უსახელაურის – 8.45 ლარად, ტვიშის – 6.15 ლარად, მუკუზნის – 1.25 ლარად, საფერავის – 1.25 ლარად, ხოლო ლიტრი საკონიაკე სპირტის – 5.53 ლარად.
თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პირველად აუქციონზე საფერავის საწყისი ფასი ლიტრზე 3.35 ლარი იყო (შესაბამისად, ის სამჯერ უფრო დაბალ ფასად გაიყიდა), უსახელაურის საწყისი ფასი ლიტრზე 19.8 ლარი იყო, შესაბამისად მისი გაყიდვა მხოლოდ ორჯერ უფრო დაბალ ფასად მოხდა, ხოლო ხვანჭარის საწყისი ფასი 10 ლარს შეადგენდა, ის ჯერ 6.75 ლარამდე ჩამოფასდა, ხოლო საბოლოოდ 5.15 ლარად გაიყიდა. საკონიაკე სპირტის საწყისი ფასი კი პირველად აუქციონზე 19.77 ლარი იყო, თუმცა ის 5.53 ლარამდე ჩამოფასდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიყიდა.