საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ ბენეფიციარზე საშუალოდ გაცემულ 4,571 ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემით მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ სარგებლობენ, ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელი, მამაკაცებისთვის კი 65 წელია. ეს მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას იღებენ იმ დაზოგილ თანხას, რაც მათ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფარგლებში დაეზოგათ.
არსებული მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობა 8.06 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 1,501,278 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს. ფონდში ეს თანხა 2019 წლის 1 იანვრიდან, ანუ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ამოქმედებიდან გროვდება.
საპენსიო სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგის მოცულობა ამჟამად 5,372 ლარს შეადგენს.