2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ ფაქტორებს უკავშირდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია.
დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ შენელება განაგრძო და 4% შეადგინა.
სებ-ის შეფასებით, საბაზო ეფექტის მილევასთან ერთად, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციის წვლილმა თანდათან შემცირება დაიწყო და დეკემბერში 3 პპ-ს გაუტოლდა.
“გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულზე ფასების მატება, ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდიდა. თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ბოლო თვეებში სურსათის ფასების ინდექსი თვიურ ჭრილში მცირდება”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასს გამორიცხავს, 2025 წელს სტაბილური იყო. დეკემბერში საბაზო ინფლაციამ 1.6% შეადგინა.

დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი ძროხის ხორცის და ყველის გაძვირება იყო, რამაც თვის ინფლაციაში 0.15 პპ წვლილი შეიტანა. ამის საპირისპიროდ, შოკოლადის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.10 პპ-ით შეამცირა.
სებ-ის შეფასებით, წლიურ ჭრილში, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად ჯერ ისევ სურსათის გაძვირება მოქმედებს, თუმცა მისი წვლილი თანდათან მცირდება. დეკემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 8.8%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3 პპ შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს აქვს (0.9 პპ). ძროხის ხორცის, იმერული ყველის, ზეთის და კარტოფილის გავლენა ინფლაციაზე სათითაოდ 0.3 პპ-ს შეადგენდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 7%-იანი ინფლაცია, რამაც ინფლაცია 0.6 პპ-ით გაზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახადი მოქმედებდა (-0.12 პპ). ამავდროულად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარკვეული პროდუქტების ფასების წლიური შემცირება მთლიან ინფლაციას ამცირებს.
რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა. ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურის, ძროხის ხორცის და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს (ჯამში 3.3 პპ-ით). მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და დეკემბერში 2.5%-ს გაუტოლდა.