სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
უწყების მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ორივე ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, რის გამოც ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი დაუყოვნებლივ შეუჩერდათ – ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტები შესაბამისი ნებართვების გარეშე ფუნქციონირებდნენ:
ხელვაჩაური: შპს „ატო“-ს ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა. კომპანია არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და არ გააჩნდა სავალდებულო აღიარება.
საჩხერე: თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ი.მ. „ნ. ბ.“-ს სასაკლაოზე ინსპექტორებმა 80 კგ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ფრინველის ხორცი დალუქეს. ობიექტს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება.
„ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“, – ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან ტექნოლოგიური პროცესები და სანიტარიული ნორმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეები.