ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების დროს ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი ყურძნის მოსავალი და, შესაბამისად, ხარისხიანი ღვინო, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს მეწარმე თუ გაითვალისწინებს, გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება არ შეექმნება.
„მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლების და ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე ეს არის ერთადერთი გზა, მოხდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება“, – აღნიშნა ღლევან მეხუზლამ.
ლევან მეხუზლას განცხადებით, სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის პრაქტიკა დანერგილია და მოქმედებს ევროკავშირის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში. ამასთან, მისივე თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებებით თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, გააშენოს სამეწარმეო ვენახი. ცვლილებების მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე რეალიზაციისთვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.